ას-677-1053-06 30 იანვარი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შ. ა-ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ გ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ხ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ხ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ა-ის მიმართ ალიმენტის დაკისრებისა და შვილთან ურთიერთობის დღეების დადგენის შესახებ შემდეგი საფუძვლით: მხარეები იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და შეეძინათ შვილი _ თ. ა-ი. მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვანი ბავშვის სარჩენად მოპასუხისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 ლარის გადახდევინება და მამის შვილთან ურთიერთობისათვის თვეში 6 დღის გამოყოფა.
მოპასუხემ ალიმენტის სახით 60 ლარის გადახდევინების ნაწილში სარჩელი ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შ. ა-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2005 წლის 10 ივნისიდან ალიმენტის სახით ყოველთვიურად 80 ლარის გადახდა. შ. ა-ს უფლება მიეცა, ინახულოს და წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი _ თ. ა-ი თვეში ერთხელ ერთი კვირით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნათ საქმის მასალებში მითითებულ მისამართებზე, თუმცა სასამართლოს გზავნილი შ. ა-ს არ ჩაბარდა და კონვერტში ფოსტით დაუბრუნდა სააპელაციო პალატას მითითებით, რომ ადრესატი დასახელებულ მისამართზე არ ცხოვრობს. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, ზემოხსენებული გადაწყვეტილების ასლი 2006 წლის 28 ივლისს ჩაბარდა შ. ა-ს წარმომადგენელ გ. მ-ს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შ. ა-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2006 წლის 14 აგვისტოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ აპელანტმა დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შ. ა-ის წარმომადგენელმა გ. მ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის მომენტისათვის შ. ა-ი იმყოფებოდა სამხედრო წვრთნებზე, ხოლო გ. მ-მა, ავადმყოფობის გამო, სააპელაციო საჩივარი დროულად ვერ შეიტანა.
შ. ა-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება იმ მოტივით, რომ იგი ცხრა თვით მიემგზავრება სამსახურებრივ მივლინებაში საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ შ. ა-ის წარმომადგენელ გ. მ-ის კერძო საჩივარი, ისევე, როგორც შ. ა-ის განცხადება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ხ-ის სარჩელი შ. ა-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მხარეებს გაეგზავნათ საქმის მასალებში მითითებულ მისამართებზე, თუმცა სასამართლოს გზავნილი შ. ა-ს არ ჩაბარდა და ფოსტით დაუბრუნდა სააპელაციო პალატას იმ საფუძვლით, რომ ადრესატი დასახელებულ მისამართზე არ ცხოვრობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მითითებული ნორმით კანონმდებელი დაინტერესებულ მხარეს ვალდებულებას აკისრებს აცნობოს თავისი მისამართი სასამართლოს, აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა კი ფაქტობრივად ართმევს მხარეს მისთვის მინიჭებულ საპროცესო უფლებას მიიღოს სასამართლო უწყება ან გზავნილი. განსახილველ შემთხვევაში შ. ა-ს სასამართლოსათვის თავისი შეცვლილი მისამართი არ უცნობებია, რის გამოც სააპელაციო პალატის გზავნილი 2006 წლის 17 ივლისს, ფოსტის თანამშრომლის მიერ აქტის შედგენის მომენტიდან, მისთვის ჩაბარებულად ითვლება.
საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, ზემოხსენებული გადაწყვეტილების ასლი შ. ა-ის წარმომადგენელ გ. მ-ს ჩაბარდა 2006 წლის 28 ივლისს. სააპელაციო საჩივარი შ. ა-მა და მისმა წარმომადგენელმა გ. მ-მა სასამართლოში შეიტანეს 2006 წლის 14 აგვისტოს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას შ. ა-ის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
განსახილველი კერძო საჩივრით სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეტანილი იქნა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. ამასთან, მითითებული ვადა იმპერატიულადაა დადგენილი და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
რაც შეეხება განმცხადებელ შ. ა-ის მოთხოვნას სამსახურებრივ მივლინებაში გამგზავრების გამო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. შ. ა-ს, მითითებული ნორმის მოთხოვნის დაცვით, ხანგრძლივი სამსახურებრივი მივლინების გაფორმების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც განცხადებაზე უარის თქმის საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ. ა-ის კერძო საჩივარი და განცხადება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ. ა-ის წარმომადგენელ გ. მ-ის კერძო საჩივარი და შ. ა-ის განცხადება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.