ას-681-1011-07 12 ნოემბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. ჯ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ს. და ფ. გ-ები (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. და ფ. გ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი. ჯ-ს მიმართ დანაშაულით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ჯ-ს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის _ 34000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ი. ჯ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით ი. ჯ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გზავნილი ი.ჯ-ს ჩაბარდა 2007 წლის 21 მარტს. ამავე წლის 5 აპრილს ი.ჯ-მ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი.ჯ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არასწორად აითვალა 2007 წლის 21 მარტიდან, ვინაიდან 21 მარტს სასამართლო გზავნილი ჩაბარდა არა მხარეს, არამედ ¹10 მკაცრი და საერთო რეჟიმის დაწესებულების ადმინისტრაციას, რომელშიც ი.ჯ-ი სასჯელს იხდის, თავად მას კი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 28 დეკემბერს. ამდენად, საქმის მასალებში წარმოდგენილ საფოსტო შეტყობინება ი.ჯ-ს მიერ ხელმოწერილი არ არის, რაც იმითაც დასტურდება, რომ ფოსტის დამტარებელს ¹10 მკაცრი და საერთო რეჟიმის დაწესებულებაში პატიმართან შესვლის უფლება არ ჰქონდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჯ-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ი.ჯ-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომდევნო დღიდან 14 დღის განმავლობაში შეუძლია გაასაჩივროს იგი სააპელაციო საჩივრით.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილია საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყება, რომლითაც ი. ჯ-სათვის გაგზავნილი სასამართლო გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2007 წლის 21 მარტს. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მისთვის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარება კანონით დადგენილი წესით დადასტურებული არ არის, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყება ხელმოწერილია გაურკვეველი პირის მიერ და მისი მიმღების ვინაობა არ დგინდება. სააპელაციო სასამართლომ დასახელებული დოკუმენტი ისე მიიჩნია ი.ჯ-სათვის სასამართლო გზავნილი ჩაბარების დამადასტურებლად, რომ არ უმსჯელია, ეკუთვნის თუ არა საფოსტო შეტყობინებაზე დასმული ხელმოწერა ადრესატს. იმის გათვალისწინებით, რომ ი.ჯ-ი იმყოფება მკაცრი და საერთო რეჟიმის ¹10 დაწესებულებაში, სასამართლომ უნდა გამოარკვიოს სასამართლო გზავნილი პირადად ჩაბარდა თუ არა გზავნილზე აღნიშნულ დროს ი.ჯ-ს, უარყოფით შემთხვევაში კი უნდა გაირკვეს, ვინ ჩაიბარა სასამართლო გზავნილი (ჩაიბარა თუ არა უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა)
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ჯ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.