Facebook Twitter

¹ას-681-1057-06 11 იანვარი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინება

დავის საგანი _ საქმის წარმოების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა კანონისმიერი მემკვიდრეობის წესით და ფაქტობრივი ფლობის გზით მის მიერ მიღებული სამკვიდროს _ ქ.თბილისში, .... ¹17-ში მდებარე უძრავი ქონების 2/5-ის მესაკუთრედ. მოპასუხის _ მ. მ-ს სამკვიდრო მოწმობასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის შესაბამის ჩანაწერებში შევიდა ცვლილება მოსარჩელის სამემკვიდრეო უფლების გათვალისწინებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინებით, მხარეების გამოუცხადებლობის გამო, სსსკ-ს 280-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე, აპელანტის შუამდგომლობა, ავადმყოფობის გამო, საქმის განხილვის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა და შეჩერდა საქმის წარმოება მის გამოჯანმრთელებამდე.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე ლ. ი-მა, სადაც მიუთითა, რომ განჩინება არ შეესაბამება საქმის არც ფაქტობრივ გარემოებებს და არც სამართლებრივ საფუძვლებს. მისი განმარტებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა არ შეესებამება სსსკ-ს 280-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტში მითითებულ მოთხოვნას, ასევე, სააპელაციო საჩივარი განხილულ იქნა 26 სექტემბერს, რის შესახებაც მისთვის შეტყობინება არ გაუგზავნიათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ლ. ი-მა მოითხოვა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ლ. ი-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

აღნიშნული ნორმის თანახმად, სასამართლოს ევალება შეატყობინოს მხარეს და მის წარმომადგენელს სასამართლო სხდომისა თუ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ასეთი შეტყობინების გარეშე სასამართლო ვერ ჩაატარებს სასამართლო სხდომას, ხოლო, თუ მაინც ჩაატარებს და გამოიტანს გადაწყვეტილებას, ეს იქნება ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი (სსსკ-ის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი). თუ მხარეებს გაეგზავნათ უწყება კანონით დადგენილი წესით, მაგრამ ისინი არ გამოცხადდებიან, მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საპროცესო მოქმედების შესრულებას ან საქმის განხილვას.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 26 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე განიხილა აპელანტის შუამდგომლობა 29 სექტემბერს დანიშნული საქმის გადადების თაობაზე და საოქმო განჩინებით სსსკ-ის 280-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე შეაჩერა საქმის წარმოება. სასამართლო სხდომის ოქმში (ს.ფ. 182) აღნიშნულია, რომ მხარეებს უწყებები ჩაჰბარდათ 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. უფრო მეტიც, სასამართლოს მხარეებისათვის არ უცნობებია სხდომის დრო და ადგილი. სასამართლო უფლებამოსილი იყო, რომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინება მიეღო ზეპირი განხილვის გარეშე, მაგრამ, ვინაიდან სასამართლომ აპელანტის შუამდგომლობა განიხილა სასამართლო სხდომაზე, მოვალე იყო მხარეები სხდომაზე მოეწვია კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული საპროცესო დარღვევა კი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ი-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

ამ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.