საქმე#330703517002253658
განჩინება
საქართველოს სახელით
2I-18 ქ. თბილისი
თ-ი ქ, 2I-18 23 იანვარი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - დემეტრე ჯინჯოლიას
ადვოკატ - ა. ა-ს
თარჯიმან - ნ. გ-ს
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ქ. თ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. თ-ს გ-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, 2017 წლის 2 მაისს გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის ბ-ს ადგილობრივმა სასამართლომ გამოსცა ქ. თ-ს დაკავების ბრძანება, რომლის მიხედვით, ქ. თ-ს ბრალი ედება გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის საგადასახადო კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის მე-2 წინადადებით (გადასახადისათვის თავის არიდება საგადასახადო ორგანოებში არასრული ან არასწორი ინფორმაციის წარდგენის გზით, დიდი ოდენობით გადასახადის განმეორებით განზრახ შემცირება ფალსიფიცირებული ან გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით, ჩადენილი ამ მიზნით შექმნილი ჯგუფის წევრის მიერ) და 374-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (გადასახადისათვის თავის არიდების დანაშაულთან დაკავშირებული საქონლის შეძენა, გასხვისება, ჩადენილი ამ მიზნით შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2017 წლის 5 სექტემბერს გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის ბ-ს ადგილობრივმა სასამართლომ გამოსცა ქ. თ-ს დაკავების მეორე ბრძანება,რომლის თანახმად, ქ. თ-ს ბრალი ედება გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის საგადასახადო კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესამე ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის მე-2 წინადადებით (გადასახადისათვის თავის არიდება საგადასახადო ორგანოებში არასრული ან არასწორი ინფორმაციის წარდგენის გზით, დიდი ოდენობით გადასახადის განმეორებით განზრახ შემცირება ფალსიფიცირებული ან გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით, ჩადენილი ამ მიზნით შექმნილი ჯგუფის წევრის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2015 წლის 18 აგვისტოს გამოცხადდა ქ. თ-ს ძებნა ინტერპოლის არხებით.
2. გ-ს ფედერაციული რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ქ. თ-ს მიერ გ-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 2 მაისის დაკავების ბრძანების თანახმად, გ-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში ქ. თ-ს ბრალი ედება დანაშაულის 85 ცალკეული შემთხვევისათვის, რაც მდგომარეობს შემდეგში:
ქ. თ-ა ბრალად წარდგენილი დანაშაულები ჩაიდინა 2012 წლის იანვრიდან 2015 წლის თებერვლამდე პერიოდში, ძირითადად - ქალაქ დ-ა და გ-ს სხვა ქალაქებში. დანაშაულების ჩადენისას ქ. თ-ი მოქმედებდა, სულ მცირე, 55 პირისგან შემდგარ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად, რომლის ხელმძღვანელი თავად ქ. თ-ი იყო.
დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად ქ. თ-ი გ-ს საგადასახადო ორგანოებს აწვდიდა არასრულ და არასწორ ინფორმაციას გადასახადებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ. შედეგად, იგი უკანონოდ სარგებლობდა დიდი ოდენობით სააქციზო და სავაჭრო გადასახადებისგან გათავისუფლებითა და შეღავათებით.
დანაშაულებრივი ჯგუფი ხსენებულ საგადასახადო დანაშაულებს სჩადიოდა „შავ ბაზარზე“ სასმელებით, სიგარეტებითა და სხვა მსგავსი საქონლით ვაჭრობისას, რისთვისაც ქ. თ-ი იყენებდა მის დაქვემდებარებაში არსებულ შპს „F-A“-ს. დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდნენ სხვა კომპანიებიც, რომელთა ფაქტობრივი მმართველი ქ. თ-ი იყო, ხოლო ფიქტიურად სხვა პირები იყვნენ დირექტორებად დანიშნული.
შპს „F-A“ გ-ს ტერიტორიაზე „შავ ბაზარზე“, დაუდგენელი წყაროებისგან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, იძენდა საქონელს (სიგარეტები, სასმელები და სხვ.), რომელიც აქციზის გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარებოდა. „შავ ბაზარზე“ შეძენილი საქონლის ფაქტობრივი წარმომავლობის დაფარვის მიზნით, შპს ,,F-A“-ს საკუთარ სახელზე გამოწერილ ყალბ ანგარიშ-ფაქტურებს აწვდიდნენ ქ. რ-ი რეგისტრირებული კომპანია - შპს ,,M-g“ და ქ. დ-ი რეგისტრირებული კომპანია - შპს ,,T-n“, რომლებიც საქონლის წარმომავლობის კანონიერად წარმოჩენის მიზნით, ასრულებდნენ შუამავალი კომპანიების როლს. ამასთან, „შავ ბაზარზე“ შეძენილი საქონლის შპს ,,F-A“-ს საბუღალტრო წიგნებში ასახვის და გადასახადის დამალვის მიზნით, აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები დგებოდა იმ სახის საქონელზე, რომელიც ფაქტობრივად, შეძენილი საქონლისგან განსხვავებით, არ ექვემდებარებოდა აქციზის გადასახადით დაბეგვრას (მაგ. ალუმინის ფოლგა, შესაფუთი მასალა და სხვ.).
საქონლის რეალიზაციიდან მიღებული ფულადი სახსრების საბუღალტრო წიგნებში დამაჯერებლად ასახვის მიზნით, შპს ,,F-A“ შუამავალი კომპანიებისგან მიღებული ყალბი ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას ახორციელებდა გ-ს ფარგლებს გარეთ, ევროპის კავშირის სახელმწიფოებში, მესამე პირებზე, უშუალოდ ან გ-ს ტერიტორიაზე მოქმედი სხვა შუამავალი კომპანიების მეშვეობით. გამოძიებამ დაადგინა, რომ შპს ,,F-A“ დანაშაულთან დაკავშირებულ ანგარიშ-ფაქტურებს უგზავნიდა ქ.დ-ი რეგისტრირებულ კომპანიას - შპს ,,M-e“-ს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებს აგზავნიდა ნ-ი რეგისტრირებული კომპანია - შპს „,A-e“-თვის. გარდა ამისა, შპს ,,F-A“ ანგარიშ-ფაქტურებს უგზავნიდა ბ-ი რეგისტრირებულ კომპანიას - შპს ,,M-O”-ს და ნ-ი რეგისტრირებულ კომპანიას - შპს „G-V“-ს. ყველა ხსენებულ კომპანიას აკონტროლებდნენ ქ. თ-ი და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები.
გარდა აღნიშნულისა, იმ მიზნით, რომ შპს ,,F-A“-ს მის მიერ გაცემულ ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულ მისამართებზე ფიქტიურად გადაზიდული საქონლის ნაკადის ტრანსპორტირება დოკუმენტურად დაეფიქსირებინა, ქ. თ-ა დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართო ქ. დ-ი რეგისტრირებული საექსპედიტორო კომპანია ,,Y-e”. აღნიშნული კომპანია ფიქტიურად აფიქსირებდა შპს ,,F-A“-დან ,,საქონლის“ გადაზიდვას ნ-ი - შპს „A-e“-ისა და შპს „M-O“-ს საწყობებში. ,,Y-e“ საექსპედიტორო რეისებს რეალურად ასრულებდა, თუმცა ფაქტობრივად გადაზიდვა ხორციელდებოდა დატვირთული საქონლის გარეშე, ვინაიდან დანიშნულების შესაბამის ადგილებში საქონლის გადმოტვირთვის ფაქტები არ ფიქსირდებოდა.
შედეგად, შპს ,,F-A“, ერთი მხრივ, საქონლის გაყიდვების ოპერაციებს დოკუმენტურად აფიქსირებდა, როგორც ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის განხორციელებული მიწოდების ნაწილს, რომელიც არ ექვემდებარებოდა გადასახადით დაბეგვრას, მეორე მხრივ კი ახდენდა გ-ს ტერიტორიაზე შუამავალი კომპანიების სახელზე გაცემული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ფიქტიურად განხორციელებული გაყიდვებიდან დამატებული ღირებულების გადასახადის უკანონო დაბრუნებას. ამავე დროს, შპს ,,F-A“ ანგარიშ-ფაქტურების აღრიცხვას ახდენდა ისეთ საქონელზე, რომელიც გაყიდვებიდან გადასახადით დაბეგვრას არ ექვემდებარებოდა, რათა დაემალა ის გაყიდვები, რომლებიც რეალურად ექვემდებარებოდა გაყიდვებიდან გადასახადით დაბეგვრას.
თავის მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შედეგად, თ. ქ-მ ჯამურად თავი აარიდა დაახლოებით 19 მილიონი ევროს ოდენობით გადასახადის გადახდას.
დანაშაულებრივი გზით მიღებულ შემოსავალს ქ. თ-ი რეინვესტირებას უკეთებდა კვლავ ზემოაღნიშნულ ჩრდილოვან ბიზნესებში.
· 2017 წლის 5 სექტემბერს ბ-ს ადგილობრივმა სასამართლომ ქ. თ-ს მიმართ გამოსცა დაკავების ახალი ბრძანება. ახალი ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა გ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადასახადებისგან თავის არიდების ახალი დანაშაულების გამოვლენა, რომლებიც ქ. თ-ა, სავარაუდოდ, ჩაიდინა 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ივნისამდე დროის მონაკვეთში.
2017 წლის 5 სექტემბრის დაკავების ბრძანების თანახმად, გ-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში ქ. თ-ს ბრალი ედება დანაშაულის 33 ცალკეული შემთხვევისათვის, რაც მდგომარეობს შემდეგში:
ქ. თ-ა თავი აარიდა გადასახადების გადახდას საგადასახადო ორგანოსათვის ყალბი ან არასწორი ინფორმაციის მიწოდების გზით. მან ასევე უსაფუძვლოდ დაიბრუნა ჩათვლილი გადასახადები ყალბი ინფორმაციის წარდგენის გზით. ქ. თ-ა აღნიშნული დანაშაულები ჩაიდინა მსჯავრდებულებთან - ა. ფ-ა და ე. ო-ნ ერთად.
შპს ,,F-A“-სა და ბელგიურ კომპანია - შპს ,,M-O“-ს შორის გაფორმდა დამატებითი ფიქტიური ტრანზაქციები საქონლის ბრუნვასთან დაკავშირებით, რომლებიც გ-ს შესაბამისი საგადასახადო ორგანოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა წარადგინა როგორც ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის განხორციელებული ტრანზაქციები. შედეგად, შპს ,,F-A“-ს მიერ ევროპის კავშირის მასშტაბით განხორციელებული ტრანზაქციები ბელგიურ კომპანია - შპს ,,M-O“-ს მისამართით მიჩნეულ იქნა დაბეგვრისაგან გათავისუფლებულად. ხსენებულ ფიქტიურ ტრანზაქციებს შპს ,,F-A“ იყენებდა „შავ ბაზარზე“ დაბეგვრას დაქვემდებარებული ვაჭრობის დასაფარად.
ასევე, 2012 წლის ოქტომბრიდან გერმანული კომპანია - შპს ,,G-o“, ხოლო 2015 წლის აპრილიდან ასევე გერმანული კომპანია - შპს ,,V-A“, რომლებსაც მართავდნენ ქ. თ-ს მიერ დანიშნული ფიქტიური დირექტორები, ქ. თ-ს მითითებით, მოქმედებდნენ როგორც შუამავალი კომპანიები და შპს ,,F-A“-ს, „შავ ბაზარზე“ განხორციელებული გაყიდვების შენიღბვის მიზნით, აწვდიდნენ ყალბ ანგარიშ-ფაქტურებს, რომლებიც შემდგომში შპს ,,F-A“-ს სახელით ეგზავნებოდა ბელგიურ კომპანია - შპს ,,M-O“-ს. თავის მხრივ, შპს ,,G-o“ და შპს ,,V-A“ გ-ს ტერიტორიაზე გაცემული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შემდგომში უკანონოდ იბრუნებდნენ ფიქტიურად განხორციელებული გაყიდვებიდან დამატებული ღირებულების გადასახადს.
გარდა აღნიშნულისა, 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ივნისამდე დროის მონაკვეთში, ქ. ზ-ი რეგისტრირებული კომპანიების - შპს ,,B-G“-ისა და შპს ,,D-s & F-d“-ის მმართველი პირები, ქ. თ-ს თანხმობითა და მითითებით, მათ მიერ გ-ს ტერიტორიაზე განხორციელებულ ტრანზაქციებს, რომლებიც შეეხებოდა ენერგეტიკული სასმლით ვაჭრობას, საგადასახადო ორგანოებში წარადგენდნენ, როგორც ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის განხორციელებული საქონლის ტვირთბრუნვას. შედეგად, ისინი სარგებლობდნენ გადასახადისაგან გათავისუფლების რეჟიმით. აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმაში ასევე ჩართული იყვნენ საექსპედიტორო კომპანიები - ,,O-k“ და ,,H-k”, რომლებიც ზემოხსენებულ კომპანიებს აწვდიდნენ ყალბ სატრანსპორტო და სატვირთო დოკუმენტებს, იმ მიზნით, რომ გ-ს შესაბამისი ორგანოები შეეყვანათ შეცდომაში და შეენიღბათ შპს ,,B-G“ - ისა და შპს ,,D-s & F-d“-ის მიერ შპს ,,M-O“-ს ბ-ი მდებარე საწყობებში განხორციელებული საქონლის ფიქტიური გადაზიდვები.
თავის მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შედეგად, ქ. თ-ა ჯამურად თავი აარიდა დაახლოებით 4,470,375.06 ევროს ოდენობით გადასახადის გადახდას.
3. 2017 წლის 18 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ქ. თ-ი.
4. 2017 წლის 21 აპრილს ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის განჩინებით ქ. თ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
5. 2017 წლის 27 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ქ. თ-ს ინტერესების დამცელი ადვოკატების საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 21 აპრილის განჩინების შეცვლის თაობაზე.
6. 2017 წლის 19 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ქ. თ-ს ექსტრადიციის თაობაზე გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობისა და შესაბამისი დანართი მასალის დედნები.
7. 2017 წლის 17 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ქ. თ-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა დამატებით 3 თვით, 6 თვემდე - 2017 წლის 18 ოქტომბრამდე.
8. 2017 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ქ. თ-ს ექსტრადიციის თაობაზე გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ახალი შუამდგომლობისა და შესაბამისი დანართი მასალის ასლები, ხოლო მათი დედნები - 2017 წლის 17 ოქტომბერს.
9. 2017 წლის 16 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ქ. თ-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა დამატებით 3 თვით, 9 თვემდე - 2018 წლის 18 იანვრამდე.
10. 2017 წლის 20 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ქ. თ-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო - 2017 წლის 30 ნოემბერს.
11. 2017 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა ქ. თ-ს გ-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია:
ა) ბ-ს ადგილობრივი სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის დაკავების ბრძანებაში და დასჯადია გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის საგადასახადო კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის მე-2 წინადადებით (გადასახადისათვის თავის არიდება საგადასახადო ორგანოებში არასრული ან არასწორი ინფორმაციის წარდგენის გზით, დიდი ოდენობით გადასახადის განმეორებით განზრახ შემცირება გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით, ჩადენილი ამ მიზნით შექმნილი ჯგუფის წევრის მიერ) და 374-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (გადასახადისათვის თავის არიდების დანაშაულთან დაკავშირებული საქონლის შეძენა, გასხვისება, ჩადენილი ამ მიზნით შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრის მიერ);
ბ) ბ-ს ადგილობრივი სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის დაკავების ბრძანებაში და დასჯადია გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის საგადასახადო კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესამე ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის მე-2 წინადადებით (გადასახადისათვის თავის არიდება საგადასახადო ორგანოებში არასრული ან არასწორი ინფორმაციის წარდგენის გზით, დიდი ოდენობით გადასახადის განმეორებით განზრახ შემცირება ფალსიფიცირებული ან გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით, ჩადენილი ამ მიზნით შექმნილი ჯგუფის წევრის მიერ).
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 იანვრის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:
დასაშვებად იქნა ცნობილი ქ. თ-ს გ-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომლებიც აღწერილია:
ა) ბ-ს ადგილობრივი სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის დაკავების ბრძანებაში და დასჯადია გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის საგადასახადო კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის მე-2 წინადადებით (გადასახადისათვის თავის არიდება საგადასახადო ორგანოებში არასრული ან არასწორი ინფორმაციის წარდგენის გზით, დიდი ოდენობით გადასახადის განმეორებით განზრახ შემცირება გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით, ჩადენილი ამ მიზნით შექმნილი ჯგუფის წევრის მიერ) და 374-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (გადასახადისათვის თავის არიდების დანაშაულთან დაკავშირებული საქონლის შეძენა, გასხვისება, ჩადენილი ამ მიზნით შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრის მიერ);
ბ) ბ-ს ადგილობრივი სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის დაკავების ბრძანებაში და დასჯადია გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის საგადასახადო კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესამე ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის მე-2 წინადადებით (გადასახადისათვის თავის არიდება საგადასახადო ორგანოებში არასრული ან არასწორი ინფორმაციის წარდგენის გზით, დიდი ოდენობით გადასახადის განმეორებით განზრახ შემცირება ფალსიფიცირებული ან გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით, ჩადენილი ამ მიზნით შექმნილი ჯგუფის წევრის მიერ).
13. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ქ. თ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 იანვრის განჩინების გაუქმებასა და ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას შემდეგი საფუძვლებით: გ-ს ფედერაციული რესპუბლიკის სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანება ქ. თ-ს დაკავების შესახებ არის უსაფუძვლო, მისი ბრალდების საქმეზე არ არსებობს მყარი მტკიცებულებები, წინასწარი გამოძიების პროცესში დაირღვა ბრალდებულის უფლებები და არც მომავალში იქნება იმის გარანტია, რომ მისი ექსტრადიციის შემთხვევაში დაცული იქნება საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები; სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა ქ. თ-ს მიმართ გამოიყენა დაუსაბუთებლად; ქ. თ-ს უფლებებს გ-ს ფედერაციულ რესპუბლიკაში შესაძლოა დაემუქროს სერიოზული საფრთხე, მისი რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებიდან გამომდინარე.
14. საკასაციო პალატის სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ქ. თ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ა-ა განაცხადა, რომ ქ. თ-ს აღარ აქვს საკასაციო საჩივრის განხილვის სურვილი და, შესაბამისად, საკასაციო პალატას მიმართა შუამდგომლობით საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს აქვს საჩივრის უკან გათხოვნის უფლება, ამიტომ კასატორების შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ქ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად, საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი