Facebook Twitter

ას-685-1015-07 15 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქ. ს-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს “.. ..” (მოპასუხე)

დავის საგანი – დავალიანების სახით დარიცხული თანხის ჩამოწერა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქ. ს-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “.. ..ს” მიმართ და მიუთითა, რომ იგი სს “.. ..ს” აბონენტია. მრიცხველის დაყენებემდე სს “.. ..ს” მიერ ერიცხებოდა “ფიქსირებული გადასახადი”, რომლის გადაუხდელობის გამო, სს “.. ..მა” შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება. მოსარჩელის განმარტებით, მას უკანონოდ დააკისრეს “ფიქსირებული გადასახადი”. მოსარჩელემ მოითხოვა უკანონოდ დარიცხული დავალიანების ჩამოწერა.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 მარტის განჩინებით ქ. ს-ს სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 აპრილის განჩინებით ქ. ს-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 მარტის განჩინება.

შემდგომში დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა დავალიანების სახით აქტებით დარიცხული 682. 75 ლარის, ფიქსირებული გადასახადის -212.85 ლარის გადახდისაგან განთავისუფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. ს-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. ს-ი გათავისუფლდა დავალიანების სახით დარიცხული 682,75 ლარის გადახდისაგან, ხოლო სარჩელს ფიქსირებული გადასახადის სახით 212.85 ლარის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ს-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით ქ. ს-ს სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ქ. ს-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ქ. ს-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და დასაბუთებული კერძო საჩივრის წარმოდგენა. 2007 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და დასაბუთებული კერძო საჩივარი. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ქ. ს-ს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქ. ს-ს კერძო საჩივრის დასაშვებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ქ. ს-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. 2007 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 113-114, 122-123). მოცემული განჩინებები საქმეში მითითებულ მისამართზე ქ. ს-ს გაეგზავნა 2007 წლის 26 სექტემბერსა და 8 ოქტომბერს (ს.ფ. 116, 124), რაც კერძო საჩივრის ავტორს პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 1 ოქტომბერსა და 9 ოქტომბერს (ს.ფ. 117, 125). კერძო საჩივრის ავტორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში ეს ნორმა ვრცელდება კერძო საჩივარზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. ს-ს კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ. ს-ს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.