¹ას-686-1061-06 19 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს “ .. .. ..” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. დ-ე (მოსარჩელე)
დავის საგანი – მიუღებელი ხელფასის გადახდა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. დ-მ სასარჩელო განცხადება შეიტანა სასამართლოში სს “.. .. ..” წინააღმდეგ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი მუშაობდა სს “ .. .. ..” სხვადასხვა თანამდებობაზე. 2003 წელს კი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. მას გათავისუფლების დროისათვის ასაღები ჰქონდა კუთვნილი ხელფასი - 967 ლარის ოდენობით. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა სს “ .. .. ..” არ გადაიხადა აღნიშნული თანხა. მოსარჩელემ მოითხოვა მიუღებელი ხელფასის - 967 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ი. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს “ .. .. ..” ი. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 819 ლარის გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სს “ .. .. ..” შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სს “ .. .. ..” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის საგნის ღირებულება შეადგენს 819 ლარს. ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “ .. .. ..”. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ანალოგიით და მოცემულ შემთხვევაში, როგორც გამონაკლისი, სააპელაციო საჩივარი უნდა მიეღო წარმოებაში, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის ანალოგიით უნდა განეხილა საქმე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ სს “ .. .. ..” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს. აპელაციის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს (მესამე პირს).
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით სს “ .. .. ..” ი. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 819 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს “ .. .. ..”, ე.ი. დავის საგნის ღირებულება შეადგენს გასაჩივრებულ 819 ლარს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზირებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ანალოგიის სახით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი, კერძოდ, გამონაკლისის სახით უნდა დაეშვა სააპელაციო საჩივარი დასაშვებად, რადგან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევით არის გამოტანილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო, თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული ნორმა არ ეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, რის გამოც ანალოგიის დაშვება დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს “ .. .. ..” სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება 1000 ლარზე ნაკლებია. აქედან გამომდინარე, თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილვლეად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ .. .. ..” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.