ას-686-907-08 30 სექტემბერი, 2008წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ დ. ლ.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. თ.-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ მეუღლეთა თანასაკუთრებიდან წილის გამოყოფა
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ. ლ.-მ 2004 წლის 22 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ. თ.-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: საჩხერეში, ...-ის ¹6-ში მდებარე მოპასუხის საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნახევრის თავისთვის, ხოლო თბილისში, ...-ის ქ. ¹147ა-ში მდებარე ¹48 ბინის შვილის _ ზ. თ.-სათვის მიკუთვნება; გ. თ.-ის სამგზავრო ავტობუსიდან («პაზ-672», სახელმწიფო ნომრით ...) ყოველთვიურად მიღებული შემოსავლის ნახევრის ანაზღაურება (ს.ფ. 2-7).
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დ. ლ.-მ სარჩელის მოთხოვნა შეამცირა და მოითხოვა: საჩხერეში, ...-ის ¹6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ორ თანაბარწილად გაყოფა, აგრეთვე თბილისში, ბ. ...-ის ქ. ¹147ა-ში მდებარე ¹48 ბინის ნახევრის თანამესაკუთრედ ცნობა და მოპასუხის კუთვნილი სამგზავრო ავტობუსიდან მიღებული შემოსავლის ნახევრის ანაზღაურება (ს.ფ. 221-224).
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ლ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა თბილისში, ბ. ...-ის ქ. ¹147ა-ში მდებარე ¹48 ბინის 1/2 ნაწილის თანამესაკუთრედ, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 226-229).
მითითებული გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ლ.-მ, რომელმაც მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ს.ფ. 237-245).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის განჩინებით დ. ლ.-ს დაევალა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე, ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭირო ვადა სასამართლომ აღნიშნული განჩინების ასლის აპელანტისათვის ჩაბარებიდან 7 დღით განსაზღვრა (ს.ფ. 252-253).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინებით დ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება აპელანტს მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და ჩაბარდა 2007 წლის 9 ივნისს, ხოლო მის წარმომადგენელს _ 2008 წლის 8 ივნისს. ამის მიუხედავად, სააპელაციო საჩივრის ხარვეზი არ შევსებულა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 258-259).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინება კერძო საჩივარით გაასაჩივრა დ. ლ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მის მიერ ხარვეზის შევსება სწორედ სასამართლოს განჩინებით დადგენილ ვადაში მოხდა. კერძოდ, 2008 წლის 13 ივნისს სააქციო საზოგადოება „..-ის“ საჩხერის ფილიალში გადაიხადა 360 ლარი. აღნიშნულს ადასტურებს კერძო საჩივარზე დართული საგადასახადო დავალება ¹35, რომელზეც დატანილია თანხის მიმღები ბანკის შტამპი. ის გარემოება, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი დ. ლ.-ს სააპელაციო სასამართლოში დღემდე არ წარუდგენია, განპირობებული იყო მისი წარმომადგენლის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმით, რასაც შედეგად მოჰყვა აპელანტის მხრიდან ხარვეზის შესახებ განჩინებით დაკისრებული ვალდებულების არასწორად გაგება და ამ მიზეზით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
იმ პირობებში, როდესაც ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავდა პირდაპირ მითითებას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარდგენის ვალდებულებაზე, მხარის არაბრალეულობით ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობას სააპელაციო საჩივრის განუხილველობა არ უნდა გამოეწვია (ს.ფ. 264-265).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის განჩინებით დ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა მის გამოსასწორებლად, კერძოდ, აპელანტს დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე (ს.ფ. 252-253). ამავე სასამართლოს 2008 წლის 11 ივლისის განჩინებით დ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით განუხილველად იქნა დატოვებული (ს.ფ. 258-259).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად განსაზღვროს ის საპროცესო მოქმედება, რომლის შესრულების შედეგად ხარვეზი შევსებულად ჩაითვლება. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით, მართალია, დ. ლ.-ს განესაზღვრა საპროცესო ვადა _ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე ხარვეზის აღმოსაფხვრელად, მაგრამ იმავდროულად აპელანტს არ განემარტა აღნიშნულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსათვის წარდგენის ვალდებულება. აღნიშნულის თაობაზე არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილი შეიცავდა მკაფიო მითითებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის განჩინებით დანიშნული ხარვეზის შეუვსებლობად ვერ განიხილება. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარზე თანდართულია საგადასახადო დავალება, რომლის თანახმად, მას სახელმწიფო ბაჟი განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი აქვს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 11 ივლისის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინება და დ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.