ას-687-1017-07 19 ნოემბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ დ. უ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ო-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – სარგებლობის უფლებით ბინიდან ფართის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ო-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ., ვ. და ა. უ-ებისა და ლ. ღ-ს მიმართ სარგებლობის უფლებით ბინიდან ფართის გამოყოფის შესახებ.
მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს ქ.მცხეთაში, ... ქ.¹12-ში მდებარე ვ. უ-ს სახელზე რიცხული სამოთახიანი ბინიდან სარგებლობის უფლებით იზოლირებულად გამოეყო 31,2 კვ.მ და ღია აივანი, ხოლო სააბაზანო, ტუალეტი, სამზარეულო და კორიდორი დარჩა საერთო სარგებლობაში. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი დ. უ-ს ჩაბარდა 2007 წლის 20 ივნისს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დ. და ვ. უ-ებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით დ. უ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი აპელანტს ჩაბარდა 2007 წლის 20 ივნისს, საფოსტო კონვერტზე დასმული ბეჭდით კი ირკვევა, რომ მხარემ სააპელაციო საჩივარი ფოსტით გამოაგზავნა ამავე წლის 5 ივლისს. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-60 მუხლის მეორე ნაწილით და ჩათვალა, რომ დ.უ-ს სააპელაციო საჩივრის შეტანა შეეძლო 2007 წლის 21 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, ამდენად, აპელანტმა კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა დაარღვია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ. უ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დ. უ-ს ჩაბარდა 2007 წლის 20 ივნისს, თუმცა სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ამავე წლის 5 ივლისს შეიტანა, ვინაიდან კერძო საჩივარზე თანდართული შპს “საქართველოს ფოსტის” ქვითრით დასტურდება, რომ ¹27 გზავნილი მხარემ ფოსტაში შეიტანა 2007 წლის 4 ივლისს, კანონით დადგენილი ვადის დაცვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ დ. უ-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს დ. უ-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის მიხედვით, აპელანტს სააპელაციო საჩივრის შეტანა შეუძლია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 14 დღის განმავლობაში.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დ. უ-ს მცხეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2007 წლის 20 ივნისს. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის დროდ არასწორად ჩათვალა საფოსტო ბეჭდით კონვერტზე დასმული თარიღი _ 2007 წლის 5 ივლისი, ვინაიდან კერძო საჩივარზე თანდართულ ¹... და ¹... ქვითრებით ირკვევა, რომ ¹27 გზავნილი მხარემ საფოსტო განყოფილებას ჩააბარა 2007 წლის 4 ივლისს. აღნიშნული საფოსტო ქვითრებისა და წარმოდგენილ კონვერტზე არსებული გაურკვეველი ბეჭდის საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო გადაწყვეტილების ჩაბარების საკითხი სააპელაციო სასამართლოს მიერ უტყუარად დადგენილი არ არის. მითითებული კონვერტიდან (ს.ფ. 27) ნათლად არ ირკვევა, თუ როდის ჩააბარა დ.უ-მა სააპელაციო საჩივარი საფოტსო განყოფილებას.
ამდენად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ დ. უ-ს სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა ზემოხსენებული მუხლით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით.
ამასთან, დ. უ-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს მცხეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 31 მარტის სხდომის ოქმში ასახული საქმის განხილვისა და ცალკეული საპროცესო მოქმედებების არსებითი მომენტები, კერძოდ, სასამართლო პროცესზე მოპასუხეთა თანდასწრებით გადაწყვეტილების შინაარსისა და მისი გასაჩივრების წესის გამოცხადების ფაქტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. უ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.