¹ას-687-908-08 28 ნოემბერი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ფ. კ-იძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ-შვილიEE (მოსარჩელე)
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
აღწერილობითი ნაწილი
მ. შ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ფ. კ-იძისა და ე. ც-ძის მიმართ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის მშობლებს ჰქონდათ უთანხმოება, რის გამოც სასამართლოს მიმართეს განქორწინების თაობაზე. მართალია, სასამართლომ უარი თქვა განქორწინებაზე, მაგარამ მოხდა ქონების გაყოფა. დედას _ ნ. ხ-აშს სასამართლომ მიაკუთვნა საცხოვრებელი სახლის 14 კვ.მ ოთახი, აივნის, კიბისა და სველი წერტილების საერთო სარგებლობის უფლებით. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მათ ოჯახში მდგუმარად შევიდა მოპასუხე ფ. კ-იძე, რომელმაც ისარგებლა ოჯახში არსებული მდგომარეობით და დაუახლოვდა მ. შ-შვილს. 1991 წელს მ. შ-შვილი გახდა ავად, განუვითარდა აზროვნებისა და მეტყველების დეფექტი. მ. შ-შვილის ავადმყოფობის დროს, ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, ფ. კ-იძემ მოახერხა მ. შ-შვილთან ქორწინების გაფორმება, ისე რომ მ. შ-შვილი უკვე დაქორწინებული იყო. აღნიშნულის გამო, მ. შ-შვილმა და ნ. ხ-აშმა მიმართეს სასამართლოს ქორწინების ბათილობის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა.
1996 წლის 11 ნოემბერს მ. შ-შვილმა მთელი თავისი ქონება საჩუქრად გადასცა ფ. კ-იძეს. მოსარჩელემ გაასაჩივრა ჩუქების ხელშეკრულებაზე მ. შ-შვილის ხელმოწერის ფაქტი და საბოლოდ გაირკვა, რომ ჩუქების ხელშეკრულებაზე იყო არა მ. შ-შვილის ხელმოწერა, არამედ სხვა პირის. ამის შემდეგ, ფ. კ-იძე გაურიგდა მეზობლად მცხოვრებ დინა ც-ძესა და მის შვილებს, კერძოდ, ქონება 2 ეტაპად გადაფორმდა დინა ც-ძის შვილის - ელგუჯა ცინცბაძის სახელზე, რაც, მისი აზრით, უკანონოა. მოსარჩელემ მოითხოვა 1996 წლის 11 ნოემბრის ქობულეთის ნოტარიუსის - მაია კახიძის მიერ გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების, ასევე ქ. ბათუმის ნოტარიუსის - ნათია სვანიძის მიერ გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მუხამედ შ-შვილის დანაშთ ქონებაზე კანონიერ მემეკვიდრეებად გამოცხადება.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით მ. შ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი 1996 წლის 11 ნოემბერს ქობულეთის ნოტარიუსის მ. კ-ძის მიერ გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება მ. შ-შვილსა და ფ. კ-იძეს შორის და მ. შ-შვილის კანონიერ მემკვიდრეებად გამოცხადდნენ ქალიშვილი მ. შ-შვილი და მეუღლე ნ. ხ-აში, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნას ბათუმის ნოტარიუსის _ ნ. ს-ძის მიერ გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლობის გამო ეთქვა უარი.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ფ. კ-იძემ და ე. ც-ძემ. ასევე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მ. შ-შვილმა და ნ. ხ-აშმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 ივლისის განჩინებით ფ. კ-იძისა და ე. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო ხარვეზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 ივნისის განჩინებით აპელანტებს განესაზღვრათ ვადა ხარვეზის შესავსებად. აღნიშნული განჩინება ე. ც-ძეს ჩაჰბარდა 2008 წლის 7 ივნისს, ხოლო ფ. კ-იძისათვის გაგზავნილი კორესპონდენცია სასამართლოს დაუბრუნდა უკან. საფოსტო გზავნილზე ფოსტის კურიერის მიერ გაკეთებული შენიშვნით ირკვევა, რომ ფ. კ-იძე ამ მისამართზე არ ცხოვრობს. ვინაიდან, აპელანტებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ფ. კ-იძისა და ე. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ფ. კ-იძემ. მან მიუთითა, რომ მისი და ე. ც-ძის წარმომადგენლის _ ვ. გ-ძის მიერ შეტანილ იქნა სააპელაციო საჩივარი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 ივნისის განჩინებით მიეცათ ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სააპელაციო საჩივარზე არ იყო აპელანტების ხელმოწერა, ასევე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმნეტი. ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება მას პირადად არ ჩაჰაბარებია. აღნიშნულის თაობაზე მას აცნობა ც-ძის წარმომადგენელმა ვ. გ-აძემ 2008 წლის 19 ივნისს. მან კი 2008 წლის 20 ივნისს ფოსტის მეშვეობით გააგზავნა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი. ამდენად, მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსო ხარვეზი. ქუთაისის საპელაციო სასასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი არასწორად დატოვა განუხლველად, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ფ. კ-იძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 2 ივნისის განჩინებით ფ. კ-იძისა და ე. ც-ძის სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, ასევე სააპელაციო საჩივარს ხელს აწერდნენ არა აპელანტები, არამედ აწერდა ვ. გ-აძე, რომლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი არც სააპელაციო საჩივარს ერთვის და არც საქმის მასალებში მოიპოვება. აპელანტებს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 10 - დღიანი ვადა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან.
დადგენილია, რომ ე. ც-ძეს განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 7 ივნისს, ხოლო ფ. კ-იძისათვის გაგზავნილი კორესპონდენცია სასამართლოს დაუბრუნდა უკან (ს.ფ.167). 2008 წლის 25 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა ე. ც-ძისა და ფ. კ-იძის განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 1 ივლისის განჩინებით განუხილველად დატოვა ფ. კ-იძისა და ე. ც-ძის სააპელაციო საჩივარი იმის გამო, რომ 3 დღის დაგვიანებით შეიტანეს სასამართლოში ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება.
საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ მას პირადად არ ჩაჰბარებია ხარვეზის განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეტოვებინა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლოს უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, თუ მხარეს უწყება ვერ ბარდება გარკვეული მიზეზით, მაშინ სასამართლო ვალდებულია, დამატებით გაუგზავნოს მხარეს უწყება და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი იმსჯელოს უწყების ჩაბარება-არჩაბარების შესახებ, რასაც შესაბამისად მოჰვება პროცესუალური შედეგი. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მხოლოდ ერთხელ გაუგზავნა მხარეს ხარვეზის განჩინება და ვინაიდან აპელანტი ფ. კ-იძე მეზობლების განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა, ამ საფუძლით მისი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ისე დატოვა განუხილველად ფ. კ-იძის სააპელაციო საჩივარი და ისე ჩათვალა ხარვეზის განჩინება ჩაბარებულად, რომ, 73-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, დამატებით არ გაუგზავნია ხარვეზის განჩინება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 ივნისის განჩინება არ შეიძლება ჩაითვალოს ფ. კ-იძისათვის ჩაბარებულად. აქედან გამომდინარე, ვინაიდან კანონით დადგენილი წესით ფ. კ-იძეს არ Gჩაჰბარებია ხარვეზის განჩინება, შესაბამისად მას ხარვეზის შევსების ვადა არ დაურღვევია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ფ. კ-იძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ივლისის განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.