Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-690-911-08 23 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შ. ს-აძე, შპს ,,ნ.-ი” დირექტორი შ. ს-აძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უძრავი ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ნ.-ი“-მ და შ. ს-აძემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში. მოსარჩელის განმარტებით ქუთაისში, წმინდა სამებისა და ...-ის ქ. ¹1/66-ში და ...-ის მე-3 შესახვევი, ¹2-ში მდებარე ქონებაზე საჯარო რეესტრს ამონაწერისა და ყადაღის ცნობის მიღების შემდეგ გაარკვია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართოლს 2006 წლის 29 ივლისისა და 22 სექტემბრის ბრძანებებით დასახელებული ქონებები დაყადაღებული ყოფილა. ყადაღის დადების საფუძველი გახდა მისი შვილის ა. ს.-ის მიმართ წარმოებული სიხხლის სამართლის საქმე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ წმინდა სამებისა და ...-ის ქ. ¹1/66-ში მდებარე ფართი მან შეიძინა 2002 წლის 25 ოქტომბერს, ხოლო ...-ის მე-3 შესახვევი, ¹2-ში მდებარე ქონება არის შპს „ნ.-ის“ საკუთრება. მოსარჩელემ მოითხოვა დასახელებული ქონებების ყადაღისაგან განთავისუფლება.

მოსარჩელემ მოითხოვა ასევე ქუთაისში, ...-ის ქ. ¹14-ში მდებარე ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ნ.-მ” და შ. ს-აძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება. შ. ს-აძის და შპს ,,ნ.-ის” სარჩელი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

საქმის მასალებით დადგენილია სემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2006 წლის 19 ივლისის დადგენილებით შ. ს-აძის შვილს ა. ს.-ეს წარედგინა ბრალი სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ივლისის ბრძანებით ყადაღა დაედო შ. ს.-ის საკუთრებაში არსებულ ქუთაისში, წმინდა სამებისა და ...-ის ქ. ¹1/66-ში მდებარე პურფუნთუშეულის საამქროს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის ბრძანებით ყადაღა დაედო შ. ს.-ის სახელზე რეგისტრირებულ ქუთაისში, ...-ის, მე-3 შესახვევი, ¹2-ში მდებარე შპს „ნ.-ის“ ბენზოგასამართ სადგურსა და სასურსათო მაღაზიას და ა. ს.-ის საცხოვრებელ სახლსა და საკარმიდამო ნაკვეთს, მდებარე, ქუთაისში, ...-ის ქ. ¹14-ში.

პალტამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმე არ წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებით განსჯად დავას, ვინაიდან გამოძიების ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების წესს ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და არა სამოქალაქო საქპროცესო კოდექსი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. ს-აძემ და შპს ,,ნ.-მა”.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილი, სადაც ცალსახად ნათვქამია, რომ თუ „პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ ქონებას ყადაღა უკანონოდ და დაუსაბუთებლად დაედო, მათ შორის საქმესთან კავშირის არმქონე პირსაც, რომლის ქონებაც შეცდომით მოხვდა ოქმში (აღწერაში) უფლება აქვს მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით

კერძო საჩივრის ავტორის აზრით რაც შეეხება სისხლის სამართლის წესით დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლებას შპს „ნ.-ი“ და შ. ს-აძე არ არიან სისხლის სამართლის პროცესის მონაწილენი. შესაბამისად, ბრძანებების გასაჩივრების (რომლითაც ყადაღა დაედო ქონებას) უფლება შპს „ნ.-ს“ და მას შ. ს-აძეს არა ქონდა. ამასთან იმერეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის ¹8806040 საქმე ა. ს.-ის მიმართ, და მათ საჩივრის ავტორებს წ/გამოძიებაში არანაირი პროცესუალური უფლება არ ქონიათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში სარჩელში დასახელებული ქონების დაყადაღება მოხდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ ქონებას ყადაღა უკანონოდ და დაუსაბუთებლად დაედო, მათ შორის, საქმესთან კავშირის არმქონე პირსაც, რომლის ქონებაც შეცდომით მოხვდა ოქმში, (აღწერაში), უფლება აქვს მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ...-ი მუხლის ...-ი ნაწილის თანახმად საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქოსაქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას თვლის, რომ ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ არეგულირებს სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების საკითხს, შესაბამისად მოცემული საკითხის განხილვა უნდა მოხდეს სისიხლის სამართლწარმოების წესის მიხედვით, რაც თავისავად განსაზღვრავს განსახილველი საქმის სამართალწარმოების განსჯადობას.

ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ საპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილი, კანონის მითითებული ნორმა განსაზღვრავს სისხლის სამართლაწარმოების წესით დადებული ყადაღისაგან ქონების გათავისუფლებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას და არ გულისხმობს დაყადაღებული ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმღვანელდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს ,,ნ.-ის” დირექტორის შ. ს-აძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.