Facebook Twitter

¹ ას-691-1065-06 26 თებერვალი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ტ. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ტ-ე (მოპასუხე)

.. .. .. (მოპასუხე)

დავის საგანი - ფართიდან გამოსახლება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ. ბ-მ 2005 წლის 14 ივლისს ქედის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოპასუხეების .. .. .. და თ. ტ-ის მიმართ და მოითხოვა დაბა ქედაში, ... ქ. ¹...-ში ¹... ბინის არასაცხოვრებელ საპირფარეშოსათვის განკუთვნილ ფართიდან თ. ტ-ის გამოსახლება, ამასთან მოითხოვა აღნიშნული ფართის მის სახელზე აღრიცხვა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაასაბუთა იმით, რომ .. .. .. საბინაო საკითხთა კომისიის 1998 წლის 19 ოქტომბრის ¹56 ოქმის საფუძველზე .. .. .. 1998 წლის 5 ნოემბრის ¹86 გადაწყვეტილებით აღნიშნული ბინა გადაეცა მას, რაზედაც 2001 წლის 3 ოქტომბერს მიიღო ორდერი, მოპასუხე თ. ტ-მ კი უკანონოდ დაიკავა მისი ბინის საპირფარეშოსათვის განკუთვნილი ფართი.

ქედის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ტ. ბ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ტ. ბ-მ.

აჭარის ა.რ. უმაღლეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. მას განემარტა, რომ თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 აგვისტოს განჩინებით ტ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ქედის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი. პალატამ მიუთითა, რომ განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით 2006 წლის 13 თებერვალს, ხოლო ჩაბარდა 2006 წლის 21 თებერვალს, აღნიშნული შეტყობინება სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა 2006 წლის 16 აგვისტოს. ხარვეზის გამოსასწორებლად აპელანტს ვადა ჰქონდა 2006 წლის 4 მარტამდე.

სააპელაციო პალატის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ტ. ბ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარებია არანაირი დოკუმენტი ან წერილი არც აჭარის არ უმაღლესი (სააპელაციო) სასამართლოდან და არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, ტ. ბ-ის კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მისი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწრმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. მას განემარტა, რომ თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (ს.ფ. 72).

საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას სასამართლოს განჩინება ხარვეზის შევსების თაობაზე არ ჩაბარებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით, რადგან ს.ფ. 77-ზე წარმოდგენილ შპს ,,ს. ფ-ს” ფილიალი ,,ქ. ფ-ს” უფროსის 2006 წლის 3 აგვისტოს ¹ 236 ცნობით ირკვევა, 2006 წლის 13 თებერვალს შეკვეთილი წერილი ¹729 ქედის რაიონში ჩაბარდა არა ტ. ბ-ს, არამედ ტ. ბე-ს.

საკასაციო პალატა თვლის, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება უშუალოდ ტ. ბ-სათვის სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზის შევსების შესახებ სასამართლოს განჩინების ჩაბარება, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი და არასწორად დატოვა ტ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ტ. ბ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ტ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 აგვისტოს განჩინება და საქმე ტ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.