Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №407აპ-17 ქ. თბილისი

ზ-ი დ, 407აპ-17 11 იანვარი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ა და მსჯავრდებულ შ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

· დ. ზ-ს ბრალი დაედო ქურდობაში, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

· შ. კ-ს ბრალი დაედო ქურდობაში, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით.

მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 11 მარტს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ. ქ-ი, ვ. კ-ს ქუჩის მე-... შესახვევის №...-ში მდებარე ი. ჭ-ს საცხოვრებელ სახლში, უკანონოდ შეაღწიეს შ. ზ-ა და ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევმა დ. კ-ა, რომლებიც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ი. ჭ-ს კუთვნილ - 150 ლარად ღირებულ HP-ს ფირმის ლეპტოპს ელემენტის ადაპტორთან ერთად, 5 ლარად ღირებულ რესივერის პულტს, 2 ლარად ღირებულ ნაჭრის საფულეს და 10 ლარად ღირებულ კერამიკულ ნაკეთობას ძაღლის გამოსახულებით, რითაც დაზარალებულს მიაყენეს - 167 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენით დ. ზ-ს და შ. კ-ს წარდგენილი ბრალდებებიდან ამოერიცხათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

დ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’, „გ’’ და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის (უნდა იყოს 2010 წლის 23 დეკემბრის) განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 42-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ზ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

დ. ზ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.

დ. ზ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2016 წლის 11 მარტიდან.

შ. კ-ი ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

შ. კ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.

შ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან –2016 წლის 11 მარტიდან.

3. აპელანტის მოთხოვნა:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან უზნაძემ, მსჯავრდებულმა შ. კ-ა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. გ-მ, ასევე - მსჯავრდებულმა დ. ზ-ა.

სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, ხოლო დანარჩენ ნაწილში - გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

მსჯავრდებულმა დ. ზ-ა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. მსჯავრდებულმა შ. კ-ა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და შ. კ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მსჯავრდებულებისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოთხოვნა დ. ზ-ა და შ. კ-ს გამართლების თაობაზე, ვინაიდან მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება მათ მიერ ი. ჭ-ს საცხოვრებელ ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ქურდობის ჩადენის ფაქტი, კერძოდ: დაზარალებულ ი. ჭ-ს, მოწმეების - მ. კ-ს, გ. კ-ს, უ. კ-ს, გ. ო-ს, ა. ბ-ს, ბ. კ-ს, ზ. ჟ-ს, რ. მ-ს, ქ. ქ-ს, გ. ტ-ა და დ. დ-ს ჩვენებებით, დ. ზ-ა და შ. კ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები დ. ზ-ა და შ. კ-ს უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან დაცვის მხარის მტკიცების საპირისპიროდ საქმეში არსებობს კანონიერი და პირდაპირი მტკიცებულებები, რომელთა სარწმუნოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს და რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ. ზ-ა და შ. კ-ს მიერ ქურდობის ჩადენა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, დაზარალებულ ი. ჭ-ს ბინაში უკანონო შეღწევით, რაზეც უტყუარად მიუთითებს შემდეგი გარემოებები: საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით, ასევე ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით დადგენილია, რომ დ. ზ-ა და შ. კ-ს პოლიციის თანამშრომლებმა წაასწრეს დანაშაულის ჩადენისთანავე, ი. ჭ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან გამოსვლისას და ორივენი დააკავეს მიმალვის მცდელობისას, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მათ აღმოაჩნდათ ი. ჭ-ს საცხოვრებელი სახლიდან ფარულად დაუფლებული ნივთები; ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი. ჭ-ს საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის ვერანდიდან ამოღებულ სიგარეტის ნამწვებზე აღმოჩნდა დ. ზ-ს ბიოლოგიური მასალა, ხოლო სასადილო ოთახში, მაგიდის ზედაპირზე, აღმოჩნდა მისივე თმის ღერები.

პალატა არ დაეთანხმა დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა პოლიციის თანამშრომლების, როგორც საქმის შედეგით დაინტერესებული პირების ჩვენებები, ვინაიდან მიიჩნია, რომ ისინი არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და მათი საეჭვოდ მიჩნევის რაიმე საფუძველი არ არსებობს. ამასთან, აღნიშნული ჩვენებების უტყუარობა გამყარებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომელთა შორის არ არსებობს რაიმე წინააღმდეგობები, რაც საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მსჯავრდებულ დ. ზ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ გამოთქმული მოსაზრებები პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მტკიცებულებების ფალსიფიციკაციის, ექსპერტიზისათვის წარდგენილი ნივთმტკიცებების შესაძლო გამოცვლისა და მათი ნიშან-თვისებების შესაძლო შეცვლის შესახებ, რის გამოც, დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებზეც აღმოჩნდა დ. ზ-ს ბიოლოგიური მასალა, მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნივთმტკიცებები მოთავსდა პაკეტებში და ადგილზევე დაილუქა სათანადო წესით, რაც ხელმოწერით დაადასტურეს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა. როგორც ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, პაკეტები, რომლებშიც მოთავსებული იყო ზემოაღნიშნული ნივთმტკიცებები, ასეთივე დალუქული სახით წარედგინა ექსპერტიზის ჩასატარებლად და ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, რაც, პალატის შეფასებით, გამორიცხავს ეჭვს მტკიცებულებების შესაძლო გამოცვლისა და მათი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის შესახებ.

რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას საქმეში არსებულ საპროცესო დარღვევებზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად რაიმე არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევა არ გამოვლენილა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა მოპოვებისას არ გამოკვეთილა კანონის ისეთი დარღვევა, რაც გამოიწვევდა სასამართლოს მიერ აღნიშნულ მტკიცებულებათა გაზიარებაზე უარის თქმას.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება დ. ზ-ა და შ. კ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დაზარალებულის განმარტებისა, რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან ფარულად დაუფლებული ნივთების ღირებულება შეადგენდა 167 ლარს, საქმეში წარმოდგენილი არ არის სხვა სახის მტკიცებულება, რომელიც ეჭვის გამომრიცხავად დაადასტურებდა, რომ აღნიშნული ნივთების ღირებულება, მათი ცვეთისა და ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ნამდვილად აღემატებოდა 150 ლარს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დ. ზ-ა და შ. კ-ს ბრალდებიდან სწორად ამორიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმეში არსებული, კანონის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულების _ დ. ზ-ა და შ. კ-ს ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი. პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ასევე - დ. ზ-ა და შ. კ-ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და დაასკვნა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა, რომ დ. ზ-ა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ხოლო შ. კ-ა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით.

6. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. ზ-ს ინეტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს-მ და მსჯავრდებულ შ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მ. კასატორები საკასაციო საჩივრებით ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების გამართლებას შერაცხულ ბრალდებებში.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულები არიან უდანაშაულონი და უნდა გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებებში. პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა მათ მიერ გასაჩივრებული განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დ. ზ-ი და შ. კ-ი დამნაშავედ ცნო ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენაში. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №191აპ-15) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ა და მსჯავრდებულ შ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი