Facebook Twitter

ას-693-1067-06 1 მარტი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ტ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 4 მაისს ს. ტ-მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ა. გ-ის მიმართ და მოითხოვა ბათუმში, ... ქუჩა ¹46-ში მდებარე ¹66 ბინა პირად საკუთრებაში არსებული ბინიდან მოპასუხის გამოსახლება ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ბინის მესაკუთრეა, მოპასუხე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცხოვრობს სადავო ბინაში და საკუთარი ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საშუალება არა აქვს.

მოპასუხე ა. გ-ნმა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა პრივატიზაციისა და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და სადავო ბინის საერთო ფართიდან მისი და მისი ოჯახის კუთვნილი წილის _ 3/5-ის გამოყოფა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ტ-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. ა. გ-ი და ს. ა-ი გამოსახლდნენ ბათუმში, ... ქ.¹46-ში მდებარე ¹66 ბინიდან და გამონთავისუფლებული ჩაბარდა ს. ტ-ს.

ა. გ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ა. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხე ა. გ-მა განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ა. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ, თუმცა სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა და არც რაიმე საპატიო მიზეზი გამოუცხადებლობის შესახებ ან საქმის განხილვის გადადების თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის _ ა. გ-ის განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, ვერ გახდება საფუძველი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობის ან განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე მისი გამოცხადების შეუძლებლობაზე. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა კი, არ აკმაყოფილებს მითითებული ნორმის მოთხოვნას, ამასთანავე, სამედიცინო ცნობით ირკვევა, რომ იგი ამბულატორიულ მკურნალობას სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა 2006 წლის 26 სექტემბრიდან, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ აპელანტს სასამართლო უწყება ჩაბარდა 2006 წლის 10 აგვისტოს (ს.ფ. 89), საქმის განხილვა კი დანიშნული იყო 2006 წლის 28 სექტემბერს, 13 საათზე. მითითებულ პერიოდში აპელანტს შეეძლო აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეეტყობინებინა ან შუამდგომლობით მიემართა საქმის გადადების მოთხოვნით, რაც კერძო საჩივრის ავტორს არ გაუკეთებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად, რის გამოც მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.