საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №411აპ-17 ქ. თბილისი
მ-ი გ, 411აპ-17 11 იანვარი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენით გ. მ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 1000 ლარი.
განაჩენით მსჯავრდებულ გ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 10 აპრილს ა-ს რაიონის სოფელ ქ-ი გ. მ-ა დ. გ-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბარის ტარის გამოყენებით დაზიანება მიაყენა მკერდის არეში, რითაც დ. გ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. მ-ა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. უ-ა, რომლებიც ითხოვდნენ განაჩენის გაუქმებასა და გ. მ-ს გამართლებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი. გ. მ-ს მიერ მასზე ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულ დ. გ-ს ჩვენებით, მოწმეების - ჟ. ქ-ს, გ. კ-ს, თ. ზ-ს, მ. ბ-ს ჩვენებებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, ექსპერტიზის დასკვნით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დ. გ-ა და ჟ. ქ-ს ჩვენებები თანმიმდევრული, დამაჯერებელია და სრულად არის თანხვდენილი სასამართლოში გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, რის გამოც მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, კერძოდ: მოწმის სახით დაკითხვისას ე. ბ-ა განმარტა, რომ იგი იყო მორიგე ექიმი და პაციენტის შემოწმება მას ევალებოდა. ზოგადად, მსუბუქ შემთხვევებში, როგორიც იყო მოცემული შემთხვევა, პაციენტს თავად ამოწმებს, ხოლო თუ მძიმე შემთხვევაა, იძახებენ ქირურგს; ის გარემოება, თუ რა დროს იქნა მიყენებული დაზიანებები, დასტურდება დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, რაც თანხვდენილია მოწმე მ. ბ-ს მიერ გაცემულ ცნობასთან, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ დ. გ-მ დაზიანებები, მისივე გადმოცემით, მიიღო ჰოსპიტალში მისვლამდე ერთი საათის წინ. ამასთან, მოწმის სახით დაკითხვისას მ. ბ-ა განმარტა, რომ პაციენტს ეტყობოდა სიწითლე და ლურჯი ზოლები, რაც მიუთითებდა, რომ დაზიანება ახალი მიყენებული იყო.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა გ. კ-ა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, ამასთან, აღნიშნა, რომ მას დ. გ-ე არ შეუმოწმებია, დასკვნაში კი ასახვა ვერ ჰპოვა სამედიცინო საბუთებში მითითებულმა დიაგნოზმა, ვინაიდან დაჟეჟილობა არ არის სამედიცინო ტერმინი. მისივე განმარტებით, ექიმების 50% იყენებს სიტყვას ,,დაჟეჟილობას“, როცა ნაჭდევი და სისხლნაჟღენთია, თუმცა, ვინაიდან ეს არ არის სამედიცინო ტერმინი, თვითონ დასკვნაში არ ასახა.
სასამართლოში მოწმის სახით ასევე დაიკითხა მეორე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი თ. ზ-ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომელშიც მითითებულია, რომ შპს „ა-ს“ სამედიცინო ბარათის და მოწმის დაკითხვის ოქმის თანახმად, დ. გ-ს მარცხენა ლავიწის ზედა ფოსოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი და ეს დაზიანება განვითარებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მისივე განმარტებით, დაჟეჟილობა არის ზოგადი სამედიცინო სიტყვა, რომელსაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შედგენისას ვერ იყენებენ, რადგან დაჟეჟილობის შედეგად შეიძლება იყოს განვითარებული მოტეხილობა, სისხლჩაქცევა, ღრძობა, სისხლძარღვის გაწყვეტა და ა.შ. დაჟეჟილობა აგებულია სუბიექტურ ჩივილებზე, იმ შემთხვევაში, როდესაც ექიმი ვერ აფიქსირებს რაიმე დაზიანებას. ამასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი არასდროს დაწერს, რომ არის დაჟეჟილობა, მაგრამ ექიმები ხშირად წერენ, ვინაიდან ეს არის დამოკიდებული სუბიექტურ ჩივილებზე, ანუ ტკივილის არსებობაზე. რაც შეეხება სისხლნაჟღენთს, იგი არის ვიზუალურად შესამჩნევი დაზიანება, რაც მისაღებია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისთვის, ხოლო ამის მიყენება შესაძლებელია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით.
სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო, რომ სასამართლოში დაკითხვისას დ. გ-ს არ განუცხადებია, რომ იგი ექიმებმა სახლში შეამოწმეს. მსჯავრდებულის დამცველის შეკითხვაზე დაზარალებულმა განმარტა, რომ იგი იყო ა-ს საავადმყოფოში, სადაც ექიმმა შეამოწმა. ხოლო დამცველის მიერ დამატებით დასმულ შეკითხვაზე, თუ რამდენჯერ გამოიკვლია იგი სპეციალისტმა, მან განმარტა, რომ არ ახსოვს რამდენჯერ იყო გამოკვლეული და იქვე აღნიშნა, რომ მასთან მიდიოდნენ, ამოწმებდნენ, მეორე დღესაც მივიდნენ, ,,ხან ვიღაც მიდიოდა სურათი უნდა გადაეღო, სადაც მოხდა ეს კონფლიქტი’’, მისი განმარტებით - ,,ათასი მოდიოდა, რაღაცას ნახულობდნენ’’. ამდენად, ცალსახად იმის მტკიცება, რომ თითქოს დაზარალებულმა განაცხადა, რომ ექიმებმა ის სახლშიც შეამოწმეს, არ გამომდინარეობს დაზარალებულის სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ- მ-ა, რომელიც საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო ასეთი დარღვევების არსებობა არ დასტურდება საქმის გულდასმით შესწავლის შედეგად. ამდენად, საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი მოტივაცია სამართლებრივ დარღვევებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას არ აძლევს იმის დასაბუთებულ საფუძველს, რომ, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საქმის განხილვის შემთხვევაში, დადგინდება ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო ხასიათის დარღვევები, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენი უცვლელად დატოვა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა განმარტონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მოტივაცია.[1]
8. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა №392ap-16). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებულობის გათვალისწინებით, კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.
9. ასევე არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს, მსგავს საქმეებზე გამოტანილ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ ექნება არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. ამრიგად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი
[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ,,გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“, Georgiadis v. Greece, N21522/93, 29/05/1997, §43 და ,,ჰირო ბალანი ესპანეთის წინააღმდეგ“, Hiro Balani v. Spain, N18064/91, 09/12/1994, §28;