ას-695-915-08 15 სექტემბერი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ თ. ქ-აძე
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ქ-აძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს უფლებადამდგენი დოკუმენტების მისდამი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეა, რაზედაც გააჩნია წერილობითი დოკუმენტები, თუმცა მისი პირადობის დამადადასტურებელ საბუთებსა და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ შედგენილ საბუთებს შორის გარკვეული შეუსაბამობებია, კერძოდ: ....... რაიონის სამხედრო კომისარიატის სერია ნზ ........ მოწმობით მისი მონაცემებია თ. ბ-ოს ძე ქ-ძე, დაბადებული 19...... წლის ...... აპრილს ......... რაიონის სოფელ ........-ში, გაგრის შინაგან საქმეთა სამმართველოს მიერ 1999 წლის 13 აგვისტოს გაცემულ საქართველოს მოქალაქის მოწმობაში (.......... , პ/ნ .......... ) იგივე მონაცემებია აღნიშნული მამის სახელის მითითების გარეშე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2000 წლის 11 აპრილს ¹1687 ბრძანებაში განმცხადებელი ბატალიონ “ ......... შემდგენლობაში 1992 წლის 12 აგვისტოდან ჩარიცხული იყო მსროლელ თ. ქ-ძის სახელით, ვეტერანთა დეპარტამენტის მიერ თ. ქ-აძის სახელზე გაცემულია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის ......... მოწმობა, რომლის მიხედვითაც, თ. ქ-აძე არის ომის II ჯგუფის ინვალიდი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიერ 2006 წელს განმცხადებლის სახელზე გაცემულია ¹003700 ცნობა, რომელშიც თ. ქ-აძის მამის სახელად მითითებულია ბიჭუნა, ხოლო გაცემის საფუძვლად _ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის ¹1687 ბრძანება, რომელშიც 190-ე რიგითი ნომრით მსროლელი თ. ქ-ძეა აღნიშნული. სოციალური სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს 2005 წლის 22 ივნისის ცნობით (სერია სსე .......... ) თ. ბ-ას ძე ქ-ძე სამხედრო ტრავმისაგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირადაა ცნობილი, .......-ის ბატალიონის მეთაურის მიერ გაცემული ¹17 და ¹261 მოწმობებში განმცხადებელი მითითებულია თ. ბ-ას ძე ქ-ძედ, სოხუმის მეომართა კავშირის ჯიხას 2007 წლის 7 აგვისტოს ¹66 საბრძოლო მოკვლევით თ. ბ-ას ძე ქ-ძე და თ. ქ-აძე ერთი და იგივე პირია. ამდენად, ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი ეკუთვნის განმცხადებელს.
სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ქ-აძის განცხადება დაკმაყოფილდა, დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ განმცხადებელ თ. ბ-ას ძე ქ-ძეს (საქართველოს მოქალაქის ¹........ ოწმობა, პ/ნ .......... ) ეკუთვნის უფლების დამდგენი შემდეგი საბუთები: ......... რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ 1978 წლის 8 ნოემბერს თ. ბ-ა ძე ქ-ძის სახელზე გაცემული სამხედრო ბილეთი (სერია ნზ ¹........ ), საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის ¹1687 ბრძანებით (რიგითი ნომრით 190) 1992 წლის 18 აგვისტოდან ბატალიონ “........” შემადგენლობაში თ. ქ-ძის ჩარიცხვა, ვეტერანთა დეპარტამენტის მიერ თ. ქ-აძის სახელზე გაცემული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის ........ მოწმობა (II ჯგუფის ინვალიდი), საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიერ 2005 წელს თ. ბ-ას ძე ქ-ძის სახელზე გაცემული ¹003700 ცნობა, სოციალური-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2005 წლის 22 ივნისს თ. ბ-ას ძე ქ-ძის სახელზე გაცემული ცნობა (სერია სსე 1 ¹196418), გაგრის ბატალიონის მეთაურის მიერ ზერიგით თ. ბ-ას ძე ქ-ძის სახელზე გაცემული ¹17,261 მოწმობები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის 1995 წლის 13 მარტის ¹134 ბრძანებით ზერიგით თ.აზ ქ-ძის ამორიცხვა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადებით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ იგი, როგორც დაინტერესებული პირი, საქმეში მხარედ ჩაბმული არ ყოფილა.
სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი სოხუმის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მოცემულ განცხადებაზე განახლდა საქმის წარმოება. ამავე სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ქ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა, დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ განმცხადებელ თ. ბ-ას ძე ქ-ძეს (საქართველოს მოქალაქის ......... მოწმობა, პ/ნ ......... ) ეკუთვნის უფლების დამდგენი შემდეგი საბუთები: ......... რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ 1978 წლის 8 ნოემბერს თ. ბ-ა ძე ქ-ძის სახელზე გაცემული სამხედრო ბილეთი (სერია ნზ ¹.........), საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის ¹1687 ბრძანებით (რიგითი ნომრით 190) 1992 წლის 18 აგვისტოდან ბატალიონ “.........” შემადგენლობაში თ. ქ-ძის ჩარიცხვა, ვეტერანთა დეპარტამენტის მიერ თ. ქ-აძის სახელზე გაცემული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის ¹........... მოწმობა (II ჯგუფის ინვალიდი), საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიერ 2005 წელს თ. ბ-ას ძე ქ-ძის სახელზე გაცემული ¹003700 ცნობა, სოციალური-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2005 წლის 22 ივნისს თ. ბ-ას ძე ქ-ძის სახელზე გაცემული ცნობა (სერია სსე ........ ), .......-ის ბატალიონის მეთაურის მიერ ზერიგით თ. ბ-ას ძე ქ-ძის სახელზე გაცემული ¹17,261 მოწმობები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ დაარღვია სსკ 105-ე მუხლი, ვინაიდან საფუძვლიანად არ გამოკვლეულა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, არ გამოუთხოვია დამატებითი მტკიცებულებები და სწორად არ გამოუკვლევია საქმის მასალები. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განცხადება წარმოებაში მიეღო სსკ 313-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე და 311-ე მუხლით იგი განუხილველად უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან განმცხადებელს ჯერ მისთვის უნდა მიემართა, რომელიც ჩაატარებდა ადმინისტრაციულ წარმოებას. მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს უარის შემთხვევაში ჰქონდა უფლება განმცხადებელს გაესაჩივრებინა ადმინისტრაციული აქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და თ. ქ-აძის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის მიმართ თ. ქ-ძეს გააჩნია იურიდიული ინტერესი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ განმცხადებელი, როგორც ზერიგითი, ამოირიცხა სამხედრო შენაერთიდან. აღნიშნულს უკავშირდება ომის ინვალიდობის პენსიის მიღებისა და სხვა შეღავათებით სარგებლობის უფლების წარმოშობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თ. ქ-ძის მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს არა უდავო, არამედ სასარჩელო წარმოების გზით ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ, ვინაიდან მისი მოთხოვნა ეხება სახელმწიფოსაგან გარკვეული შეღავათების მიღებას. პალატამ მიუთითა, რომ უდავო წარმოებით საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეთა შორის უფლებების შესახებ დავა არ არის. მოცემულ შემთხვევაში კი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, აღნიშნულით სადავო გახადა თ.ქ-ძის უფლებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი და თ. ქ-ძეს განუმარტა, რომ მას აქვს უფლება სასამართლოში წარადგინოს სარჩელი სასარჩელო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. ქ-აძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თ. ქ-ძემ პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას უარი განაცხადა თავის მოთხოვნაზე, ამორიცხულიყო საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან, და არასწორად დაადგინა, რომ იურიდიული ფაქტის დადგენის მიმართ თ. ქ-ძის ინტერესი მდგომარეობდა სწორედ მისი, როგორც ზერიგითის, შეიარაღებული ძალების რიგებიდან ამორიცხვაში. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემეობა, რომ ომისა და სამხედრო ვეტერანებისათვის განკუთვნილ შეღავათებს თ. ქ-ძე უკვე იღებს და ამის გამო სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, მას ამ კუთხით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სარჩელის აღძვრის წინაპირობა არ გააჩნია, არამედ თ. ქ-ძის მოთხოვნაა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ვერ გაარკვია, რომ მის ხელთ არსებული წერილობითი დოკუმენტები (სადაც ხან თ. და ხანაც თ. ქ-აძეა მოხსენებული) სწორედ კერძო საჩივრის ავტორს ეკუთვნის. სააპელაციო სასამართლომ სხდომაზე გამოკითხა ბატალიონ “........” მეთაური ჭ-ძე, რომელმაც დაუდასტურა სადავო დოკუმენტებში თ. ქ-ძის მოხსენიების ფაქტი, თუმცა აღნიშნულს მოწმის სახით დაკითხვის ფორმა არ მიეცა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება ავტომატურად იწვევს მოცემული დავის სასარჩელო წესით განხილვის აუცილებლობას და არ გაითვალისწინა, რომ შესაძლოა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის საერთო სასარჩელო წესით განხილვა თავდაცვის სამინისტროს პირველ ინსტანციის სასამართლოში არ მოუთხოვია და ეს ფაქტობრივი გარემოება დასტურდება საქმის მასალებით. ამდენად, ამავე კოდექსის 281-ე მუხლის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარეს არ ჰქონდა უფლება, ზემოხსენებული მოთხოვნა წარედგინა სააპელაციო სასამართლოში. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს უფლებადამდგენი საბუთების მისდამი კუთვნილების ფაქტის დადგენისას საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამს. სააპელაციო პალატამ უგულებელყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 4 ნოემბრის განჩინების დასაბუთება, როდესაც ჩათვალა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვა თავისთავად ნიშნავდა ამა თუ იმ სახის დავის არსებობას უფლების შესახებ, ვინაიდან დავის არსებობისას უნდა ჩამოყალიბდეს მისი არსი, არგუმენტები და შესაძლო სამართლებრივი შედეგები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ქ-აძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი და არა ქონებრივი უფლების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა, ხოლო მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო განიხილავს საქმეებს უფლების დამდგენი საბუთების იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ უდავო წარმოების წესით განიხილება მხარის მოთხოვნა ისეთი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე, რა დროსაც შესაძლებელია მოხდეს პირის იდენტიფიცირება იმ დოკუმენტების მიმართ, რომელშიც მისი პირადი მონაცემები არასწორადაა დაფიქსირებული.
უდავო წარმოების საქმე განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების ზოგადი წესებით იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც დადგენილია კანონით და წარმოადგენს მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების სპეციფიკას. უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმის აღძვრა ხდება არა კონკრეტული მოპასუხისადმი სარჩელით მიმართვით, არამედ განცხადების შეტანის გზით, რომელიც შეიცავს სასამართლოსადმი მიმართულ თხოვნას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ გარემოების დადგენის ანდა უდავო უფლების დადასტურების შესახებ.
ამასთან, უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, რათა მან განიხილოს საქმე საერთო სასარჩელო წესით. აღნიშნული დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის თანახმად, თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე. მითითებული ნორმით, უდავო წარმოებით საქმის განხილვამდე და გადაწყვეტილების გამოტანამდე სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, შესაძლებელია თუ არა აღიძრას დავა უფლების შესახებ და მიიღოს ზომები, რომ განსახილველი ფაქტის შესახებ შეატყობინოს სავარაუდოდ დაინტერესებულ პირებს. უდავო წარმოების საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელთა უფლებებიც ამ ფაქტის დადგენით შეილახა. ამდენად, უნდა დავასკვნათ, რომ უდავო წარმოებით განსახილველი საქმე სასარჩელო წარმოებით განსახილველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეზე აღიძვრის დავა უფლების შესახებ.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლი იმპერატიულად მოითხოვს, რომ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა. ამ მიზნის მითითება აუცილებელია იმისათვის, რომ სასამართლო გაერკვეს, წარმოადგენს თუ არა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ის ფაქტი, რომლის დადგენსაც განმცხადებელი ითხოვს.
მოცემულ შემთხვევაში თ.ქ-ძის მიერ მოთხოვნილი ფაქტის დადგენა იურიდიული მნიშვნელობისაა, ვინაიდან კანონი ამ ფაქტს უკავშირებს იურიდიული ურთიერთობის წარმოშობას, კერძოდ, თ. ქ-ძე ითხოვს საბუთებში არსებული ხარვეზის გამო ექვსი უფლებადამდგენი საბუთის მისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენას, რის საფუძველზეც სამომავლოდ მას შეეძლება მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კანონით დადგენილი შეღავათების მასზე გავრცელება. ანუ, განსახილველ შემთხვევაში იურიდიული ფაქტის დადგენას შეიძლება მოჰყვეს (თუ ქ-ძე ამ უფლებას გამოიყენებს და თუ კანონით გათვალისწინებული რაიმე სხვა დამაბრკოლებელი გარემოება არ არის) ის სამართლებრივი შედეგი, რომლის დადგომაც განმცხადებელს სურს.
უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმეების იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, ყველა იურიდიული ფაქტის დადგენის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს განმცხადებლის მიზნისა და ფაქტის იურიდიული მნიშვნელობის დადგენა. ამასთან, განმცხადებლის იურიდიული ფაქტის დადგენის მიზანს უმეტესწილად უკავშირდება დაინტერესებული პირის არსებობა, რომელიც არ არის იდენტური მოდავე პირისა. მიუხედავად იმისა, რომ უდავო წარმოებაში არ გვყავს ურთიერთდაპირისპირებული მხარეები და არ არსებობს დავა უფლებაზე, უდავო წარმოება შეიძლება ჩავთვალოთ უდავოდ მხოლოდ იმ მხრივ, რომ მასში არა გვაქვს უფლების შესახებ დავა, რომელიც დამახასიათებელია სასარჩელო წარმოებისათვის.
უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეში დადგენილია ფაქტები და არა ამ ფაქტების სამართლებრივი შედეგები, ე.ი. თუ რა შედეგს უკავშირებს კანონი უდავო წარმოების წესით დადგენილ ფაქტს.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ასკვნის, რომ უდავო წარმოებაში დაინტერესებული პირის არსებობა და ამ პირის მიერ გამოთქმული უარყოფითი მოსაზრება დასადგენ იურიდიულ ფაქტთან მიმართებით, ცალსახად არ ნიშნავს ამ პირის უფლების დარღვევას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლით გათვალისწინებულ დავას უფლების შესახებ მაშინ აქვს ადგილი, როდესაც კონკრეტული განმცხადებლისათვის დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იჭრება დაინტერესებული პირის უფლებაში და ართმევს მას შესაძლებლობას, სრულად და თავისუფლად გამოიყენოს ეს უფლება. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეების განხილვისას დაინტერესებულ პირებს წარმოადგენენ პროცესის ის მონაწილენი, რომელთა უფლებებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ კონკრეტულ საქმეზე გამოტანილმა სასამართლო გადაწყვეტილებამ. პროცესის ეს მონაწილეები ამიტომაც დაინტერესებულნი არიან საქმის სწორად გადაწყვეტით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია სააპელაციო პალატის მოსაზრების გაზიარება, რომ თ. ქ-ძის მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს სასარჩელო წარმოების გზით, ვინაიდან მისი მოთხოვნა ეხება სახელმწიფოსაგან გარკვეული შეღავათების მიღებას. როგორც ზემოთ აღინიშნა, თ. ქ-ძის მოთხოვნას წარმოადგენს არა სახელმწიფოსაგან გარკვეული შეღავათების მიღება, არამედ უფლებადამდგენი საბუთების მისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენა.
ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, აღნიშნული თავისთავად გულისხმობს დავის არსებობას. ამგვარი დასკვნისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ზოგადად სააპელაციო საჩივრის არსებობა, არამედ იმის დადასტურება, რომ დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი ლახავს დაინტერესებული პირის უფლებებს და ინტერესებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სააპელაციო საჩივარში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლზე დაყრდნობით მიიჩნევდა, რომ საქმე სასარჩელო წესით უნდა განხილულიყო. აღნიშნული ნორმით, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. განმარტებას არ საჭიროებს ის საკითხი, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის გათვალისწინებული წინაპირობები არ გვაქვს (დაკარგული საბუთების აღდგენა ან საბუთის მიღება).
ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმის სასამართლო განხილვის არცერთ სტადიაზე, არც პირველ ინსტანციაში და არც სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია განსახილველი იურიდიული ფაქტის დადგენით თავისი მატერიალური უფლების დარღვევაზე, რაც სასარჩელო წარმოებაში მოდავე მხარის სტატუსისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. უფრო მეტიც, რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ უფლების დამდგენი საბუთების თ. ქ-ძისათვის კუთვნილების ფაქტის დადგენის საწინააღმდეგოდ არაფერი არ გააჩნია (ს.ფ. 34), სააპელაციო საჩივარში(ს.ფ. 40-52) კი ამავე სამინისტრომ გააკრიტიკა რა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, დარღვევად მიიჩნია ზემოთ ხსენებული და განმარტებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის გამოუყენებლობა. რაც შეეხება დავას უფლების დარღვევის შესახებ, სამინისტრო ვერ უთითებს, დადგენილი იურიდიული ფაქტით მისი რა უფლება იქნა დარღვეული.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე უნდა გამოარკვიოს, ერღვევა თუ არა სამინისტროს რაიმე უფლება მოცემული იურიდიული ფაქტის დადგენით და დადებით შემთხვევაში, კონკრეტულად რა უფლება ირღვევა. დაინტერესებული პირის უფლების დარღვევის არსებობასთან დაკავშირებით სასამართლომ უნდა იმსჯელოს არა მხოლოდ განცხადების მოთხოვნასთან, არამედ განმცხადებლის მიზანთან მიმართებით. მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ უნდა დადგინდეს, დასაშვებია თუ არა დავა მოცემულ იურიდიულ ფაქტთან დაკავშირებით და განისაზღვროს მისი განხილვის წესი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ქ-აძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.