ას-699-1073-06 3 იანვარი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო,სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ჯ-ის“ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე – შპს „ჯ-ის“ სარჩელის გამო მოპასუხე ქ.თბილისის ..... სამმართველოს მიმართ, იურიდიული ფაქტის დადგენა უძრავი ნივთის საკუთრების უფლებით ფლობის შესახებ.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „ჯ-ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღება ხდება შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინებით შპს „ჯ-ს“ დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2006 წლის 13 ნოემბერს შპს „ჯ-ის“ დირექტორმა თ. მ-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მიუთითა, რომ მის მიერ გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟი 30 ლარი. საკასაციო პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინებით შპს „ჯ-ის“ დირექტორს თ. მ-ს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 5 დღით.
აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს ჩაბარდა 4 დეკემბერს (ს.ფ. 424), შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 11 დეკემბერს. აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ჯ-ის“ კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.