საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №417აპ-17 ქ. თბილისი
ბ-ი ვ, 417აპ-17 11 იანვარი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ს-ა და ა. შ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განაჩენზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განაჩენით ვ. ბ-ი (ძებნილი) დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ბ-ა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 15 მარტს, დაახლოებით 22:30 საათზე, გ-ს რაიონის სოფელ ნ-ი, გზის განაპირას, იდგნენ თ. ა-ი, ბ. ა-ი და ბ. მ-ი. ამ დროს „ფორდის“ მარკის ა/მანქანით დიდი სიჩქარით ჩაიარა ნასვამმა ვ. ბ-ა. დიდი სისწრაფისა და გზის ამტვერების გამო, მას ხელი გაუქნია და წესრიგისაკენ მოუწოდა თ. ა-ა. განაწყენებულმა ვ. ბ-ა გააჩერა ა/მანქანა და გინება დაუწყო მას, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ვ. ბ-ი შეეცადა დანის გამოყენებას, მაგრამ იგი დაამშვიდეს და განარიდეს იქაურობას. ცოტა ხნის შემდეგ ვ. ბ-ი უკან დაბრუნდა და კვლავ დაიწყო ჩხუბი აღნიშნულ პირებთან. ჩხუბის დროს ვ. ბ-ა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თ. ა-ს დანით მუცლის არეში მიაყენა შემავალი, სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული მიიყვანეს თ-ს #1 საავადმყოფოში სადაც იგი გარდაიცვალა.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით ძებნილი მსჯავრდებულის - ვ. ბ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
ვ. ბ-ს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული - 14 (თოთხმეტი) წელი და მოსახდელად განესაზღვრა 10 (ათი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
დანარჩენ ნაწილში გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3. 2014 წლის 19 მარტს ძებნილი მსჯავრდებული ვ. ბ-ი დააკავეს დიდ ბ-ი. ვ. ბ-ი 2015 წლის 10 თებერვალს ექსტრადირებულ იქნა საქართველოში და შესახლდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 თ/აღკვეთის დაწესებულებაში.
4. აპელანტის მოთხოვნა:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ. ბ-ა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ს-მ და ა. შ-ა.
დაცვის მხარემ ითხოვა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა შემდეგი საფუძვლებით: ვ. ბ-ს დაზარალებულ თ. ა-ს დანა არ დაურტყამს. მიუხედავად მხარეთა შორის არსებული კონფლიქტისა, ვ. ბ-ს არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. ის გარემოება, რომ ვ. ბ-ს ჰქონდა დანა, ვერ დადასტურდა ვერც საქმის გამოძიების მიმდინარეობისას და ვერც სასამართლოში. სახელმწიფო ბრალდებას არ დაუსაბუთებია, თუ როდის და რა მოტივით წარმოეშვა ვ. ბ-ს თ. ა-ს მოკვლის განზრახვა.
5. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ვ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა; 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ვ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 10 თებერვლიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 19 მარტიდან 2015 წლის 10 თებერვლამდე.
6. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის უფლებამონაცვლის - უ. ა-ს, მოწმეების - ბ. ა-ს, ბ. მ-ს, ნ. ტ-ს, ზ. ტ-ს ჩვენებების, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნისა და სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და გაანალიზების შედეგად დადგენილად მიიჩნია გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განაჩენში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოტივები, რომ ვ. ბ-ს დანა არ ჰქონდა და მას დაზარალებულ თ. ა-ს დანა არ დაურტყამს. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაკითხულმა დაზარალებულის უფლებამონაცვლემ და მოწმეებმა როგორც გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში მისცეს თანმიმდევრული ჩვენებები, რომლებიც სრულად თანხვდენილია საქმეზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნებსა და საქმის სხვა მასალებთან. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით დადგენილია, რომ თ. ა-ს სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა - ანემია, რაც გამოიწვია მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობის შედეგად დაზიანებული სისხლძარღვებიდან სიცოცხლესთან შეუთავსებელი დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვამ. თ. ა-ს გვამზე აღინიშნება ორი ნაჭდევი მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე, რომლებიც განვითარებულია რაიმე ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. მუცლის წინა კედელზე აღინიშნება ერთი სწორკიდეებიანი ჭრილობა, შემავალი მუცლის ღრუში წვრილი ნაწლავის, ჯორჯლის სისხლძარღვებისა და წვრილი ნაწლავის გამჭოლი დაზიანებით. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას. ორივე დაზიანება, ჭრილობისა და ნაჭდევების სახით, მიყენებულია სიცოცხლის დროს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში ჩამოყალიბებულ პოზიციას, რომ არ არის დასაბუთებული, თუ როდის და რა მოტივით წარმოეშვა ვ. ბ-ს თ. ა-ს მოკვლის განზრახვა, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით პალატამ მიიჩნია, რომ ვ. ბ-ს განზრახული ჰქონდა თ. ა-ს მკვლელობა და მისი ქმედება უშუალოდ მიმართული იყო ხსენებული დანაშაულის ჩასადენად. ვ. ბ-ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და დაზარალებულისათვის მიყენებული სხეულის დაზიანების სახე და ლოკალიზაცია სიცოცხლისათვის სახიფათო მიდამოში ადასტურებს იმას, რომ მისი ქმედებიდან გამომდინარე, ინტელექტუალური თვალსაზრისით, შესაძლო შედეგს (დაზარალებულის სიკვდილს) იგი უცილობლად ითვალისწინებდა, ამასთან, სურდა ამ შედეგის დადგომა. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ვ. ბ-ს ქმედება მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ყველა ნიშანს. პალატამ აღნიშნა, რომ მკვლელობის განზრახვა შესაძლებელია, წარმოიშვას დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული იმწუთიერი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კონფლიქტური სიტუაციის პროცესში, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელდა ვ. ბ-ა და თ. ა-ს შორის.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია განზრახ მკვლელობა პირდაპირი განზრახვით, რა დროსაც მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა თავისი მოქმედების შესაძლო შედეგს – დაზარალებულის სიკვდილს და სურდა ეს შედეგი. გარდა აღნიშნულისა, პალატამ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ვ. ბ-ს ქმედება (მის მიერ დაზარალებულისათვის დანის დარტყმა) მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან (დაზარალებულ თ. ა-ს სიკვდილთან).
ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე - ვ. ბ-ს დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და დაასკვნა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ვ. ბ-ა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
რაც შეეხება დაცვის მხარის ინიციატივით დაკითხული მოწმეების - თ. მ-ა და მ. ხ-ს ჩვენებებს, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოწმე თ. მ-ა არ არის უშუალოდ შემთხვევის თვითმხილველი მოწმე, შესაბამისად, მისი ჩვენებით არ დასტურდება ვ. ბ-ს უდანაშაულობა ან ბრალეულობა. მოწმე თ. მ-ს ჩვენებით დგინდება, რომ მისი ძმა ვ. ბ-ი მასთან მხოლოდ შემთხვევის შემდეგ მივიდა. რაც შეეხება მოწმე მ. ხ-ს ჩვენებას, სააპელაციო პალატის სხდომაზე დაკითხვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, მან აღნიშნა, რომ, როდესაც ჩხუბის დროს ვიღაცამ დაიძახა, „დაჭრილია, დაჭრილიაო“, - მას ეგონა, რომ გარდაცვლილმა თავი დაარტყა, ააყენა და მანქანასთან მიიყვნა, შემდეგ დასვა, პირი მობანა და „მაიკა“ აუწია, გარდაცვლილს დაჭრის არაფერი ეტყობოდა. ასევე არ ეტყობოდა სისხლიც, რის გამოც მან ბიჭებს უთხრა, „ეტყობა, გული აქვს წასულიო“. სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია, თუკი მოწმემ გაიგონა ყვირილის ხმა, „დაჭრილია, დაჭრილიაო“, რატომ იფიქრა, რომ გარდაცვლილმა რაიმეს თავი დაარტყა. ამასთან, შემთხვევის ადგილზე მყოფმა ყველა პირმა დაინახა ვ. ბ-ს ხელში დანა და ყველამ შენიშნა, რომ დაზარალებულს სისხლი სდიოდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ მ. ხ-ს ჩვენება არ მიუცია. მითითებული (სხვა, შემთხვევის ადგილზე მყოფ პირთა ჩვენებებთან მიმართებით), არსებითი ხასიათის წინააღმდეგობების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატის დასკვნით, მ. ხ-ს ჩვენება, რომელიც მსჯავრდებულის ცოლისძმაა, ემსახურება ვ. ბ-ს მოსალოდნელი მკაცრი პასუხისმგებლობისაგან დაცვასა და თავის დაღწევას. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენება სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა.
გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ სამართლიანად მიიჩნია მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე შეუფარდა სასჯელი, რაც არ არის უსამართლო. პალატამ მიიჩნია, რომ ვ. ბ-ს განსაზღვრული სასჯელი მისი ქმედების პროპორციულია, რათა მან გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულ ვ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს. ზოგადად, სიცოცხლის უფლება საქართველოს კონსტიტუციითა და მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებული უფლებაა და მის შელახვას მკაცრი პასუხი უნდა გასცეს როგორც სახელმწიფომ, ასევე - საზოგადოებამ. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ვ. ბ-ი მიიმალა, იგი იყო ძებნილი. მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქმედებით ნათლად გამოიკვეთა მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება, ვ. ბ-ს მხრიდან მართლწესრიგის ნორმების განსაკუთრებული უპატივცემულობა და უგულებელყოფა.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, „მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი, რომელზეც არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება“. მოცემულ შემთხვევაში ვ. ბ-ს მსჯავრი დაედო 2005 წლის 15 მარტს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის – განზრახ მკვლელობისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით. ამდენად, ვ. ბ-ს სასჯელზე უნდა გავრცელდეს ზემოხსენებული ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნა და ვ. ბ-ს სასჯელი უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ვ. ბ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის სახისა და ზომის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, თუმცა სასჯელზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მოთხოვნა.
7. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ. ბ-ა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ს-მ და ა. შ-ა. კასატორები ითხოვენ ვ. ბ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგი საფუძვლებით: სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ვ. ბ-ი კონფლიქტში არ მონაწილეობდა და ცდილობდა დაპირისპირებული მხარეების გაშველებას; სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ვ. ბ-ს თავს დაესხა სამი მამაკაცი და იგი იყო ნაცემი; უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოწმეების - თ. მ-ა და მ. ხ-ს ჩვენებები, ასევე - ბ. ა-ს ჩვენება, რომელიც, აღნიშნულ საქმეზე ჩვენების შეცვლის გამო, სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყო მიცემული.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ვ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე და მიუთითებს, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
11. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1998 წლის რედაქცია) და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. ბ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ს-ა და ა. შ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი