Facebook Twitter

¹ას-702-1076-06 15 თებერვალი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ჩ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. კ-ე (მოპასუხე)

დავის საგანი – ანდერძის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ჩ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. კ-ის წინააღმდეგ ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ... ნოტარიუსის დ. კ-ის მიერ, ... ნოტარიუსის სახელით, .... სანოტარო ბიუროში დამოწმებულ იქნა ანდერძი. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მისმა მშობლებმა ერთობლივად ააშენეს საცხოვრებელი სახლი. დედის გარადაცვალების შემდეგ მამამისი ზ. ჩ-ე ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა ე. მ-სთან და მას აჩუქა ბინის ½ ნაწილი. ე. მ-მ ბინა მთლიანად უანდერძა თავის ძმისშვილს – ც. გ-ს. აღნიშნული ანდერძი შედგენილია და დამოწმებულია კანონის დარღვევით. ე. მ-ე ანდერძის შედგენის დროს ქმედუუნარო იყო. ანდერძი შედგენილია ტექნიკური საშუალებით, მისი დამოწმება არ მომხადრა მოწმეთა თანდასწრებით. ანდერძში მითითებული არ არის ანდერძის შედგენის დაწყებისა და დამთავრების დრო, ასევე არ არის გადახდილი “დღგ” და არ აღრიცხულა სარეგისტრაციო ჟურნალში. დ. კ-ს უფლება არ ჰქონდა .... ნოტარიუსის მოვალეობა შეეთავსებინა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ანდერძის ბათილად ცნობა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ნ. ჩ-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის განჩინებით ნ. ჩ-ს ხარვეზის შესავსებად მიეცა 20 დღიანი ვადა, ხოლო ამავე სასამართლოს 2006 წლის 30 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ჩ-მ. მან მიუთითა, რომ მან სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი აღმოჩნდა სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიაში და მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მოხვდა საქმის განმხილველ მოსამართლესთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ნ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 30 აგვისტოს განჩინებით ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად იმის გამო, რომ სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ნ. ჩ-ს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 20 დღიანი ვადა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან.

დადგენილია, რომ ნ. ჩ-ს განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2006 წლის 7 აგვისტოს, მაგრამ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, არ გადაიხადა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, მას ხარვეზი უნდა შეევსო განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში, ე.ი. 2006 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით. მიუხედავად ამისა, ნ. ჩ-მ ხარვეზი არ შეავსო, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

მართალია, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარზე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2006 წლის 25 აგვისტოს, მაგრამ მხარემ სასამართლოში აღნიშნული ქვითარი წარმოადგინა 2006 წლის 5 სექტემბერს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი და სააპელაციო სასამართლოს კანცელარიამ დროულად არ მიაწოდა საქმის განმხილველ მოსამართლეს. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი მას არ წარმოუდგენია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით Dდადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოდგენილ იქნა დაგვიანებით, ითვლება, რომ საპროცესო მოქმედება არ შესრულებულა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. აპელანტის მიერ არ იყო შევსებული ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 აგვისტოს განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.