ბს-1067-908-კ-04 18 თებერვალი,2005წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე)
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 20 იანვარს ქედის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ა-მა მოპასუხეების: ქედის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, დანდალოს თემის საკრებულოს, დანდალოს თემის სოფ. … მეკომურთა გამგეობის, დანდალოს თემის სოფ. … მეკომურთა გამგეობის, ზ. გ-ის, ს. დ-ის, გ. დ-ის მიმართ და მოითხოვა დანდალოს თემის და ქედის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსთვის დანდალოს საკრებულოს სოფ. … და სოფ. ...ში გ-ების საშუალო სკოლის ტერიტორიაზე მდებარე 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის, მისთვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემა.
მოსარჩელის განცხადებით, იგი მიეკუთვნება მე-3 კატეგორიის კომლს და მის ოჯახს, როგორც მე-3 კატეგორიის უმიწაწყლო კომლს, ეკუთვნოდა 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი.
მ. ა-მა აღნიშნა, რომ სოფ. … მეკომურთა კრებამ 1999წ. 12 თებერვლის ¹1 საოქმო დადგენილებით დააკმაყოფილა მისი განცხადება და გამოუყო 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი, მაგრამ მიწის სარეფორმო კომისიამ ვერ მოახდინა მისი ოჯახისთვის მიწის მიზომვა, რადგანაც აღნიშნული მიწა დაკავებული ჰქონდათ რ. დ-ეს და ზ. გ-ს.
2004წ. 13 თებერვალს იმავე სასამართლოს შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა დ. დ-ემ, რომელიც არ დაეთანხმა სასარჩელო განცხადების მოთხოვნას და აღნიშნა, რომ მიეკუთვნებოდა პირველი კატეგორიის კომლს, გააჩნია 0,23 ჰა მიწის ნაკვეთი სოფ. … ტერიტორიაზე, ხოლო გ-ების საშუალო სკოლის ტერიტორიაზე 0,12 ჰა, ანუ სულ 0,35 ჰა, რაც ზღვრულ ნორმაზე 0,15 ჰა-ით ნაკლებია. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, არ იქნა დაკმაყოფილებული მისი განცხადება ფართის დამატების შესახებ და შეგებებული სარჩელით მოითხოვა დანდალოს თემის საკრებულოსა და ქედის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსთვის გ-ების საშუალო სკოლის ტერიტორიაზე მდებარე 0,5 ჰა მიწის მიწის მიზომვის დავალდებულება.
ქედის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 მარტის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ქედის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და დანდალოს თემის საკრებულოს დაევალა მ. ა-ისთვის 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის მიზომვა, აქედან 0,11 ჰა ე.წ. “ჯანივრში” საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფლის ძველი სამანქანე გზის მხარეს და მოსარჩელეზე მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი გაცემა. დ. დ-ეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. დ-ემ და მისი გაუქმება მოითხოვა, რადგანაც, აპელანტის აზრით, სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვის და დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე. დ. დ-ემ ასევე აღნიშნა, რომ რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმში არასწორად იყო დაფიქსირებული მხარეთა განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები და აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, მასზე მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების გაცემა, მ. ა-ისთვის სასამართლო ხარჯის _ 150 ლარის დაკისრება მის სასარგებლოდ. აპელანტმა ასევე მოითხოვა ქედის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თ. კ-ის დასჯა, რომელმაც საქმეში ყალბი მონაცემები შეიტანა და მისთვის მორალური ზიანის მიყენებისათვის 3000 ლარის დაკისრება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004წ. 30 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქედის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ა-ის სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; დ. დ-ის შეგებებული განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. მხარეებს განემარტათ, რომ სადავო მიწის ნაკვეთის საკარმიდამოდ გამოყოფის თაობაზე მიემართათ ქედის რაინის დანდალოს თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიისათვის, ხოლო დანდალოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას მიმართვის შემთხვევაში _ მხარეებისათვის საკარმიდამო ნაკვეთის გამოყოფის და მიზომვის საკითხის კანონით დადგენილი წესით გადაწყვეტა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-11 პუნქტის შესაბამისად, სოფლად საკარმიდამო მიწების გაცემას ახდენს სოფლის ადგილობრივი მმართველობის ორგანო, ხოლო შემდეგ ამტკიცებს რაიონის მმართველობის ორგანო. სოფლის მმართველობის ადგილობრივ ორგანოსთან, ანუ მოცემულ შემთხვევაში სოფლის თემის საკრებულოსთან იქმნება სპეციალური მიწის სარეფორმო კომისია, რომელიც შეისწავლის მიწების გამოყოფის თაობაზე მოსახლეობიდან შესულ განცხადებებს და მოამზადებს სათანადო დასკვნებსა და წინააღმდეგობებს სოფლის ყრილობაზე (საერთო კრებაზე) საკითხის განსახილველად, ამის შემდეგ სოფლის ყრილობა (საერთო კრება) აღძრავს შუამდგომლობას რაიონის მმართველობით ორგანოში, ანუ რაიონის გამგეობაში დასამტკიცებლად, რომლის შემდეგაც შეიძლება მოქალაქეს ადგილზე მიეზომოს გამოყოფილი მიწა და გაუფორმდეს მიღება-ჩაბარების სათანადო აქტი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ თვით აპელანტის წარმომადგენლის, რ. დ-ის განმარტებით, დ. დ-ეს და მის მამამთილს, შ. დ-ეს, დანდალოს თემის საკრებულოსათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე ადრე არ მიუმართავთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს აზრით, უსაფუძვლო იყო მათი მოთხოვნა, რომ ქედის მიწის მართვის სამმართველო და დანდალოს თემის საკრებულო დავალდებულიყო მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გაცემაზე გ-ების მეკომურთა კრების 1998წ. 10 იანვრის საოქმო დადგენილების საფუძველზე, რადგან სოფ. … მეკომურთა კრებას არ ჰქნდა ამის უფლებამოსილება და ასევე აპელანტს კანონით დადგენილი წესით სათანადოდ არ მიუმართავს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე შესაბამისი, უფლებამოსილი ორგანოსათვის _ დანდალოს თემის საკრებულოსათვის.
სააპელაციო სასამართლომ ასევე უკანონოდ მიიჩნია დანდალოს თემის საკრებულოს მეკომურთა კრების 1999წ. 12 თებერვლის 31 საოქმო დადგენილება, რომლითაც მ. ა-ს, როგორც სოფლად არმცხოვრებ მესამე კატეგორიის კომლს, გამოეყო საკარმიდამო 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი. პალატამ აღნიშნა, რომ სოფ. … მეკომურთა კრებას არ ჰქონდა ამის უფლებამოსილება, ეს საკითხი კანონით დადგენილი წესით უნდა გადაეწყვიტა დანდალოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას.
სააპელაციო პალატამ, არ დააკმაყოფილა რა მ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა, განუმარტა მას, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხზე უნდა მიემართა კანონით დადგენილი უფლებამოსილი ორგანოს _ დანდალოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიისათვის.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ საკარმიდამო ნაკვეთის გამოყოფისა და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დამტკიცების თაობაზე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და აპელანტ დ. დ-ეს განემარტა, რომ მას აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად მიემართა შესაბამისი, კანონით დადგენილი უფლებამოსილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს _ დანდალოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ უნდა გაუქმებულიყო ქედის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 მარტის გადაწყვეტილება, მ. ა-ის სარჩელი და დ. დ-ის შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. დ-ემ სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, ასევე ქედის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსთვის 2004წ. 12 მარტის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის რეგისტრაციაში გატარების დავალდებულება და მ. ა-ისთვის მის მიერ გაწეული სასამართლოს ხარჯის, 150 ლარის, დაკისრება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრა მ. ა-მაც, რომელიც აღნიშნავს, რომ მასზე 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის გაცემა კანონიერად მოხდა და სასამართლოს მოტივი, რომ ეს საკითხი გადაწყვიტა არაუფლებამოსილმა ორგანომ _ სოფ. … მეკომურთა კრებამ, არასწორია, რადგან მეკომურთა კრების გადაწყვეტილება დამოწმებულია დანდალოს თემის საკრებულოს ბეჭდით და გამგებლის ხელმოწერით. კასატორი ითხოვს ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორ დ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წამოყენებუ-ლი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისისა, რომელსაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც მხარეს შეეძლო მოეყვანა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი, თუ მათი განხილვა ხელს შეუშლის სააპელაციო სასამართლოში საქმის დროულად განხილვას და მხარემ, უხეში გაუფრთხილებლობის გამო, არ წარუდგინა ეს მასალები პირველი ინსტანციის სასამართლოს. ამავე დროს საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების წარდგენა არ დაიშვება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ თავად კასატორის წარმომადგენელ რ. დ-ის განმარტების საფუძველზე დადგენილია, რომ დ. დ-ეს და მის მამამთილს, შ. დ-ეს, დანდალოს თემის საკრებულოსთვის საკარმიდამო ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე არ მიუმართავთ.
ზემომითითებული საპროცესო ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა ვერ მიიღებს მტკიცებულების სახით საკასაციო საჩივარზე თანდართულ 2001წ. 28 ნოემბრის განცხადებას, რომლის წარდგენაც, საკასაციო პალატის აზრით, კასატორს შეეძლო სააპელაციო სასამართლოსთვის. ხოლო, რაც შეეხება 2004 წელს შეტანილ განცხადებებს, ქედის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ 2004წ. 23 მარტის 15/2 წერილით განმცხადებელს განუმარტა, რომ მათ მოთხოვნას მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტის გაცემის შესახებ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ვერ დააკმაყოფილებდა.
“საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-11 პუნქტის თანახმად, მიწების გაცემას ახდენს სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებს რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდება სანოტარო წესით და რეგისტრირდება მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში.
აღნიშნული ნორმის თანახმად, სოფ. გ-ების მიწის მეკომურთა კრება არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გამოეყო შ. დ-ისთვის 1998წ. 10 იანვრის ¹1 ოქმის საფუძველზე. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონიერად არ დააკმაყოფილა დ. დ-ის მოთხოვნა აღნიშნული ოქმის საფუძველზე მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის თაობაზე.
საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ მოტივებზე დაყრდნობით უსაფუძვლოდ მიიჩნევს მ. ა-ის საკასაციო საჩივარს, რადგან სოფ. დანდალოს მეკომურთა კრება არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა კასატორისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე და აღნიშნული საკითხი უნდა გადაეწყვიტა დანდალოს თემის საკრებულოს.
საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას 2004წ. 12 მარტის მიღება-ჩაბარების აქტთან დაკავშირებით. მართალია, სსკ-ის 381-ე მუხლით დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში დასაშვებია, მაგრამ გარკვეული პირობების არსებობისას. კასატორს შეგებებულ სარჩელში მიღება-ჩაბარების აქტთან მიმართებაში მოთხოვნა არ ჰქონია, სააპელაციო საჩივარშიც არ დაუფიქსირებია ასეთი მოთხოვნა, მან მხოლოდ თავის განმარტებაში მიუთითა ამ მოთხოვნაზე მთავარ სხდომაზე, რაც სრულ უფლებას აძლევდა სააპელაციო სასამართლოს დ. დ-ის აღნიშნული მოთხოვნა არ დაეკმაყოფილებინა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ამ აქტის საფუძვლად მითითებულია სოფ. გ-ების მეკომურთა კრების დადგენილება, რომელსაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, არ ჰქონდა მიწის გაცემის უფლებამოსილება. ამავე დროს ამ მიწის ნაკვეთზე უკვე მიმდინარეობდა დავა სასამართლოში და დანდალოს საკრებულოს არ ჰქონდა უფლება, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მიეღო სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო მოცემულ საქმეზე და არ არსებობს კასატორების _ დ. დ-ისა და მ. ა-ის საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებ-რივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივნისის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეორე მხარეს (მოცემულ შემთხვევაში _ მ. ა-ს) იმ შემთხვევაში დაეკისრებოდა მხარის მიერ გაღებული სასამართლოს ხარჯების გადახდა, თუ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ იქნებოდა გამოტანილი. შესაბამისად, უსაფუძვლობის გამო, ვერ იქნება დაკმაყოფილებული კასატორ დ. დ-ის მოთხოვნა მ. ა-ისთვის მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდის დაკისრების თაობაზე.
საკასაციო პალატა კასატორ დ. დ-ის პრეტენზიებზე ქედის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თ. კ-ესთან მიმართებაში ვერ იმსჯელებს, რადგან საჩივარში მითითებული ასეთი სახის საკითხების გადაწყვეტა არ შედის საკასაციო პალატის კომპეტენციაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორების _ დ. დ-ისა და მ. ა-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივნისის გადაწყვეტილება;
3. კასატორებს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა თითოეულს 30 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.