საქმე №421აპ-17 ქ. თბილისი
ა-ი ს, 421აპ-17 4 იანვარი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის - ნათია კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით ს. ა-ი, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (52,34 გრამი ნედლი მარიხუანისა და 13,26 გრამი გამომშრალი მარიხუანის შეძენა/შენახვისათვის) სასჯელის დაუნიშნავად.
გაუქმდა ს. ა-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადენილი წესითა და ვადებში.
ს. ა-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა ან წარმომადგენლობის უფლებები.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები:
ს. ა-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ავტომანქანა, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს თბილისის ვაკე - საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
2. აღნიშნული განაჩენით ს. ა-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
ს. ა-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი ს. ა-ი 2015 წლის 21 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თ-ი, სოფელ თ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ ინახავდა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში ასევე უკანონოდ შეძენილ - 52,34 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ნედლ მარიხუანასა და 13.26 გრამ გამომშრალ მარიხუანას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კაპანაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის სასჯელის განსაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, ვინაიდან სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა ს. ა-ა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, რაც სასამართლოს იმპერატიულად ავალდებულებდა, მსჯავრდებულისათვის სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორი - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი ნათია კუპრაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულ ს. ა-ს სასჯელის განსაზღვრას განაჩენთა ერთობლიობით, შემდეგი საფუძვლებით: საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ს. ა-ა განზრახი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში. ამ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი იმპერატიულად ავალდებულებს სასამართლოს პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრას; საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1- ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, ხოლო იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რის შესაბამისადაც, სასამართლო ვალდებულია, თვითონ განსაზღვროს სასჯელი კანონის მოთხოვნათა დაცვით, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სასჯელის შეფარდება მოითხოვა ბრალდების მხარემ. ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ბრალდების მხარე არ არის ვალდებული, მოითხოვოს სასჯელის სახე, შესაბამისად, არასწორია სააპელაციო პალატის მოტივები იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოუთხოვია სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრა, რის გამოც იგი არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა აღნიშნულ საკითხზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ს. ა-ს საქმის მასალები, შეამოწმა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის - ნათია კუპრაშვილის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ს. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ „ოპიუმის“ ჯგუფსა და „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“ (მარიხუანა) მიკუთვნებული ნარკოტიკული საშუალებების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით, რისთვისაც მას სასჯელის ზომად შეეფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარი. ს. ა-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 2 აგვისტოდან იმავე წლის 4 აგვისტომდე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განაჩენით დადგენილად არის მიჩნეული, რომ მსჯავრდებულმა ს. ა-ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულის საუარესოდ, კერძოდ, მისთვის სასჯელის შეფარდებას განაჩენთა ერთობლიობის წესით.
4. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიუთითა, რომ, მართალია, მსჯავრდებულმა ს. ა-ა ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში და მითითებულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელი უნდა განსაზღვროდა განაჩენთა ერთობლიობით, მაგრამ მას არ გააჩნდა უფლებამოსილება ემსჯელა ამ საკითხზე, რადგან საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: „სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში“. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას არ მოითხოვა ს. ა-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით შეფარდება, იგი ვერ იმსჯელებდა ამ საკითხზე.
5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №349აპ-17) შემდეგი: მოცემულ შემთხვევაში საკითხი ეხება სისხლის სამართლის კოდექსის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევას პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ. სასამართლოს ვალდებულება, გააუქმოს პირობითი მსჯავრი, არ არის დამოკიდებული პროკურორის პოზიციაზე და იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა გამოსაცდელ ვადაში, სასამართლოს მიერ პირობითი მსჯავრის არგაუქმებით არსებითად ირღვევა მატერიალური კანონი, რისი გასაჩივრების უფლებაც ბრალდების მხარეს ვერ შეეზღუდება.
6. გარდა ამისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მტკიცებულებები და სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მიიღო მტკიცებულებად და, შესაბამისად, როგორც მხარეებისათვის, ასევე სასამართლოსათვის ცნობილი იყო გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის განაჩენის შესახებ.
7. ამდენად, მითითებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს არსებითად უნდა ემსჯელა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში სასამართლოს მიერ დაშვებული უკანონობის თაობაზე და განეხილა მხარის მოთხოვნა მის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენთა ერთობლიობის წესით სასჯელის შეფარდების შესახებ.
8. ბრალდების მხარე მართებულად მიუთითებს თავის საკასაციო საჩივარში, რომ დარღვეულია მოქმედი მატერიალური სისხლის სამართლის ნორმებით დადგენილი მოთხოვნები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილითა და იმავე კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილით. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ ასევე არაერთხელ განმარტა მითითებული მუხლებით სასჯელის განსაზღვრის წესი, კერძოდ:
- საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილით დადგენილია, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის ნებისმიერ შემთხვევაში პირობითი მსჯავრი გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს და ახალი დანაშაულისათვის სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს განაჩენთა ერთობლიობის წესი, საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული პირობების დაცვით. მატერიალური სისხლის სამართლის ამ დანაწესს აქვს იმპერატიული ხასიათი, რომელსაც ვერც შეცვლის და ვერც გააუქმებს სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რეგულაციები, რომლებიც შეეხება მხოლოდ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას გამოსაცდელი ვადის დინების შეჩერებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს და არა პირობითი მსჯავრის გაუქმება – არგაუქმების საკითხს, რომელიც მატერიალური სისხლის სამართლის სფეროს მიეკუთვნება (მაგალითის სახით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №203აპ–15, №733აპ-16, №349აპ-17).
- კონკრეტულად, საკასაციო პალატამ მხედველობაში მიიღო „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, კერძოდ, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-81 ნაწილი, რომელიც აწესრიგებს პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენის დროს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების შეჩერების საკითხს, რაზედაც აპელირებენ ქვემდგომი სასამართლოები მსჯავრდებულისათვის სასჯელის შეფარდების წესთან დაკავშირებით. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა უშუალოდ არ ეხება და არც წყვეტს მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას ამ ვადის დინებისა და, შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მიმდინარეობის შეჩერების ან შეწყვეტის საკითხს, რადგან იგი არ მიეკუთვნება აღნიშნული საკანონმდებლო აქტის რეგულაციის სფეროს. ამიტომ განსახილველ შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ზემოხსენებული ნორმებით დადგენილი მოთხოვნებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №349აპ-17).
- აღნიშნული პოზიციის საწინააღმდეგოდ, გასაჩივრებულ განაჩენებში წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით: როდესაც პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ არის გამოყენებული, მაშინ გამოსაცდელი ვადა ჩვეულებრივად მიედინება და ახალი დანაშაულისათვის განაჩენის დადგენამდე ამ ვადის ამოწურვის შემთხვევაში მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრი მოხდილად უნდა ჩაითვალოს, რაც გამორიცხავს ახალი დანაშაულისათვის მის მიმართ სასჯელის დანიშვნას განაჩენთა ერთობლიობის წესით. საკასაციო პალატის აზრით, ასეთი მიდგომა უეჭველად გამოიწვევს აშკარა შეუსაბამობას სისხლის სამართალში მოქმედ პროპორციულობის პრინციპთან და ყოვლად გაუმართლებელ უსამართლობას დასჯადობაში, რადგან მსგავს შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ განაჩენთა ერთობლიობის წესით სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობა მთლიანად იქნება დამოკიდებული არა შესაბამისი სისხლისსამართლებრივი ნორმებით განსაზღვრულ წესსა და კანონზომიერებაზე, არამედ - სრულიად სხვადასხვა შემთხვევით გარემოებაზე, მაგალითად: ახალი დანაშაულის საქმეზე რამდენად სწრაფად დამთავრდება გამოძიება და გადაეცემა საქმე სასამართლოს განსახილველად; თავის მხრივ, სასამართლო რამდენად დროულად დაიწყებს საქმის არსებით განხილვას, გამომდინარე მისი დატვირთულობიდან; რამდენ ხანს გაგრძელდება საქმის განხილვა სასამართლოში, გამოსაკვლევი მტკიცებულებების მოცულობის გათვალისწინებით და ა.შ. ასეთ პირობებში კი არც ასეთი შემთხვევა იქნება გამორიცხული: გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის პირობით მსჯავრდებულს, მის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას, როდესაც ეს ვადა, მართალია, მინიმალური იყო, მაგრამ ახალი დანაშაულის გამო მისი ბრალდების საქმეზე საპროცესო წარმოება სწრაფად დასრულდა მის მიმართ დანიშნული გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე, სასჯელი დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობის უფრო მკაცრი წესით, ვიდრე იმ პირს, ვინც პირობით მსჯავრდებული იყო უფრო მძიმე, განზრახი დანაშაულისათვის და მისი გამოსაცდელი ვადაც ბევრად უფრო ხანგრძლივი იყო. მაგრამ, ზემოაღნიშნულ შემთხვევით გარემოებებზე დამოკიდებულებით, თუკი ამ უკანასკნელის მიმართ ახალი დანაშაულის საქმეზე საპროცესო წარმოება მეტისმეტად გაჭიანურდა და ამის შედეგად გამოსაცდელი ვადა ამოიწურა განაჩენის გამოტანამდე, მაშინ შეუძლებელი გახდება მისთვის სასჯელის შეფარდება განაჩენთა ერთობლიობის წესით. სასჯელის დანიშვნის პრაქტიკაში ამგვარი არათანაბარი მიდგომა და ამით განპირობებული აშკარა უსამართლობის შესაძლებლობა დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული. ამრიგად, საბოლოო დასკვნა ასეთია: ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაული ჩაიდინა, კერძოდ, საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–4 ნაწილით (როდესაც პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით საქმის განხილვისას სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრის გაუქმება) და ასევე, მე–5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და ახალი დანაშაულისათვის მისი მსჯავრდებისას სასჯელი უნდა დადგინდეს განაჩენთა ერთობლიობის წესით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №349აპ-17).
9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისს ს. ა-ს ბრალდების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის საუარესოდ, კერძოდ: ვინაიდან მსჯავრდებულმა ს. ა-ა განზრახი დანაშაული ჩაიდინა წინა განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს წინა - გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული მოუხდელი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, უნდა აღსრულდეს მითითებული განაჩენით შეფარდებული მოუხდელი სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის - ნათია კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ს. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (52,34 გრამი ნედლი მარიხუანისა და 13,26 გრამი გამომშრალი მარიხუანის შეძენა/შენახვისათვის) სასჯელის დაუნიშნავად.
4. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ს. ა-ს მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მხედველობაში მიღებით, ს. ა-ს მოსახდელად განესაზღვროს გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული მოუხდელი სასჯელიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ს. ა-ს სასჯელად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა. ს. ა-ს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის განაჩენით - 2013 წლის 2 აგვისტოდან იმავე წლის 4 აგვისტომდე, ხოლო მოცემულ საქმეზე - 2015 წლის 21 ოქტომბრიდან იმავე წლის 2 ნოემბრის ჩათვლით), შეფარდებული სასჯელი ჩაეთვალოს სრულად მოხდილად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი