Facebook Twitter

ას-70-403-09 23 მარტი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ დ. ჩ-ანი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ს.-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ თანხის დაკისრება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 8 თებერვალს სს „ს.-ის“ ლიკვიდატორმა ბ. პ-ძემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადახდის ბრძანების მიღებისა და დ. ჩ-ანისათვის 4351,82 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით (ს.ფ. 1).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის გადახდის ბრძანებით დ. ჩ-ანს დაეკისრა განმცხადებლის სასარგებლოდ 4351,82 აშშ დოლარის გადახდა (ს.ფ. 5-6). გადახდის ბრძანებაზე დ. ჩ-ანმა შეიტანა შესაგებელი კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც ამავე სასამართლოს 2008 წლის 16 ივნისის განჩინებით გაუქმდა გადახდის ბრძანება და დადგინდა საქმის განხილვა სასარჩელო წარმოების წესით (ს.ფ. 13).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე დ. ჩ-ანს დაეკისრა სს „ს.-ის“ სასარგებლოდ 4351,82 აშშ დოლარის გადახდა (ს.ფ. 30-33).

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჩ-ანმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 36-50).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის განჩინებით დ. ჩ-ანს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 243 ლარის გადახდა (ს.ფ. 53-54).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებით დ. ჩ-ანის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს 2008 წლის 16 სექტემბრის ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდა 2008 წლის 3 ნოემბერს, შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2008 წლის 10 ნოემბრამდე. აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, რაც საააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლს წარმოადგენდა (ს.ფ. 58-61).

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. ჩ-ანმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადის აღდგენა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას იგი იყო უმუშევარი, რის გამოც ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ამჟამად იწყებს მუშაობას და ვადის აღდგენის შემთხვევაში შეძლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას, რის შემდეგაც მისი სააპელაციო საჩივარი განხილული იქნება სააპელაციო სასამართლოს მიერ (ს.ფ. 65-68). G

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის განჩინებით დ. ჩ-ანს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა 243 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ აპელანტს ხარვეზის შესახებ 2008 წლის 16 სექტემბრის ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდა 2008 წლის 3 ნოემბერს, შესაბამისად, მას ხარვეზის შევსების ვადა ამოეწურა 2008 წლის 10 ნოემბერს. მითითებულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს, ასევე არ არის გადახდილი ბაჟი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის საფუძვლიანობას იმასთან დაკავშირებით, რომ საკასაციო სასამართლომ საპატიოდ ჩაუთვალოს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა და აღუდგინოს ხარვეზის შევსების ვადა, რადგან უმუშევრობის გამო ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ჩ-ანს არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნით. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მითითებული შუამდგომლობა არ არის დასაბუთებული შესაბამისი მტკიცებულებებით. შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ჩ-ანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.