Facebook Twitter

ას-704-1006-09 27 ივლისი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. მ-ეE (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ ........... დეპარტამენტი ,,ს-ი” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ .............. დეპარტამენტის ,,ს-ის” მიმართ 2008 წლის 2 ივნისის ¹15 ბრძანების ბათილად ცნობის, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე მუშაობდა “ს-ის” ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სამმართველოს ......... თანამდებობაზე, საიდანაც მოპასუხე 2008 წლის 2 ივნისს უკანონოდ გათავისუფლდა. სამსახურიდან დათხოვნისას ნ. მ-ე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, რა დროსაც მუშაკის დათხოვნა დაუშვებელია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნისას გათვალისწინებულ იქნა კანონის ყველა მოთხოვნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. მ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ნ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 17 ივნისს, რის შესახებ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ, თუმცა ისინი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოს არ აცნობეს და არც საქმის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე არ მიმართეს. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 231-ე, 275-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. მ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: ნ. მ-ე თავისი სააპელაციო საჩივრის განხილვაზე გამოცხადდა, თუმცა 10 წუთით დააგვიანა. მხარის დაგვიანება გამოწვეული იყო სასამართლო სხდომის დღეს ქალაქში წვიმის შედეგად გაჩენილი ნიაღვრების გამო სამანქანო მოძრაობის შეფერხებით. ამასთან, ნ. მ-ემ თავისი 3 თვის ჩვილი ბავშვი წაიყვანა აუცილებელ აცრაზე.

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ნ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 17 ივნისს, რის შესახებ მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად ეცნობათ. აღნიშნულის მიუხედავად ისინი სასამართლოს მიერ დადგენილ დროს საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლითა და 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, რომელთა თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამასთან, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლო განუხილველად დატოვებს სააპელაციო საჩივარს, თუკი დაადგენს, რომ სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობეს.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 ივნისის მთავარ სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება და ასეთი შეუსრულებლობის მიზეზი საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ობიექტურად დაუძლეველი გარემოების არსებობის შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის მიერ მითითებული გარემოება საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება ისეთი გარემოება, რომელიც სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობასა და აღნიშნულის შესახებ სააპელაციო პალატისათვის შეტყობინებას ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ იგი საქმის განხილვაზე 10 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა, ვინაიდან 2009 წლის 17 ივნისის სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 10 საათისათვის, თუმცა სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ იგი დაიწყო 10.05 საათზე და დამთავრდა 10.15 წუთზე, რა დროსაც ნ. მ-ე, თუნდაც დაგვიანებით, პროცესზე არ გამოცხადებულა. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც სასამართლოში ნ. მ-ის 10 წუთის დაგვიანებით გამოცხადებას ან კერძო საჩივარში მითითებულ გამოუცხადებლობის მიზეზებს დაადასტურებდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.