ას-707-1008-09 28 ივლისი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ე. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ კ. გ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2008 წლის 24 დეკემბერს სარჩელით მიმართა ე. ხ-მა მოპასუხე კ. გ-ის მიმართ და მოითხოვა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე თბილისში, ... ¹5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 23,53 კვ.მ. მქონე ერთი ოთახის მესაკუთრედ აღიარება კ. გ-ისათვის 2775 ლარის ანუ სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ. სარჩელში აღნიშნულია, რომ სადგომის საბაზრო ღირებულება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტის ცნობით განსაზღვრულია 11 100 ლარით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ლენინის სახელობის რაიონის სასამართლოს 1982 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ხ-ი შესახლებულ იქნა თბილისში, ... ¹5-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კერძოდ, 23,53 კვ.მ. ფართში. მოსარჩელემ მოპაუხეს შესთავაზა მორიგება, რაზეც მიიღო უარი, ამასთან, მოპასუხე ხელს უშლიდა ე. ხ-ს სადავო ფართით ფლობასა და სარგებლობაში (ს.ფ. 1-12).
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი იმ საფუძვლით, რომ სადავო უძრავი ქონება შეიძინა 2006 წლის 1 აგვისტოს, სასამართლო აღმასრულებლის მიერ ჩატარებულ აუქციონზე. ამასთან, ე. ხ-ი არ წარმადგენდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს. მოსარჩელე არ ფლობდა და არ სარგებლობლდა სადავო ფართით (ს.ფ. 29-37).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსარჩელე ე. ხ-ის საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ მიჩნევისათვის აუცილებელი პირობები, კერძოდ, მოსარჩელემ 1982 წელს სადავო ფართით სარგებლობის უფლება მოიპოვა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც არ წარმოადგენდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლით გათვალისწინებული მფლობელობის საფუძველს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების არსებობა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად (ს.ფ. 83-86).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტმა მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი, სამოქალაქო კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად, ანალოგიით უნდა გამოეყენებინა მოცემული სადავო ურთიერთობის მიმართ. ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილი. ასევე, არასწორად გამოიყენა აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი, ვინაიდან ე. ხ-ი სადავო ფართს ფლობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, შესაბამისად, მასა და ბინის მესაკუთრეს შორის ვერ დაიდებოდა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული გარიგება (ს.ფ.91-100).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის განჩინებით ე. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლის 29 მაისს გაგზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება 2009 წლის 30 აპრილს ჩაჰბარდა აპელანტ ე. ხ-ის შვილს – ლ. მ-ს, რაც სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე, ე. ხ-ის მიერ ჩაბარებად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უკანასკნელი ვადა 2009 წლის 16 ივნისი იყო, მან კი სააპელაციო საჩივარი 2009 წლის 17 ივნისს, ანუ ერთი დღის დაგვიანებით წარადგინა (ს.ფ. 104-105).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. ხ-მა და მოითხოვა მისი მთლიანად გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილი ფაქტი, რომლის თანახმადაც ე. ხ-ს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2009 წლის 30 აპრილს, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ამასთან, განჩინებაში არასწორად იყო გამოთვლილი სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის გათვალისწინებული საპროცესო ვადა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილება, ადრესატის ნაცვლად, მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე წევრს შეიძლება ჩაბარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ადრესატი არ არის მითითებულ მისამართზე, რის გამოც დოკუმენტის გადაცემა ვერ მოხერხდა. გადაწყვეტილების ჩაბარებისას კი შეუძლებელი იყო, რომ ე. ხ-ი არ ენახათ სახლში, ვინაიდან იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოკლებული იყო ბინიდან გასვლის შესაძლებლობას.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ლ. მ-მა ე. ხ-ს უარყოფითი ემოციების არიდების სურვილით არ გადასცა გადაწყვეტილება (ს.ფ. 110-111).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელე ე. ხ-ს გაეგზავნა 2009 წლის 29 მაისს საქმეში მითითებულ მისამართზე. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ მითითებული გადაწყვეტილება 2009 წლის 2 ივნისს ჩაჰბარდა ე. ხ-ის შვილს _ ლ. მ-ს (ს.ფ. 89).
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სწორად უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა, უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. კანონის მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აპელანტ ე. ხ-ის ოჯახის წევრისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება უნდა ჩაითვალოს ე. ხ-ისათვის ჩაბარებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შესატანად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2009 წლის 3 ივნისს და დასრულდა 2009 წლის 16 ივნისს. მართალია, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის დროდ არასწორად არის დაფიქსირებული 30 აპრილი, ნაცვლად 2 ივნისისა, მაგრამ აღნიშნულს არ გამოუწვევია საპროცესო ვადის დასასრულის არასწორად განსაზღვრა. სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ვადის დასასრული სწორად არის გამოთვლილი. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2009 წლის 17 ივნისს, ანუ ერთი დღის დაგვიანებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი ასევე მიუთითებს, რომ, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ე. ხ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.