ას-709-1010-09 29 ოქტომბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს “დალენი სტუდიას” წარმომადგენელი დ. კ-ია
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ს-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ს-შვილის სარჩელი მოპასუხე საგამომცემლო-სარეკლამო კომპანია “დალენი-სტუდიას” მიმართ მისთვის მიუღებელი ხელფასის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, შპს “დალენი-სტუდიას” ე. ს-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების გადახდა 500 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “დალენი-სტუდიის” დირექტორმა დ. კ-იამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინებით შპს “დალენი-სტუდიის” დირექტორ დ. კ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობისა და გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “დალენი-სტუდიას” დირექტორმა დ. კ-იამ და მოითხოვა მისი გაუქმება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს “დალენი-სტუდიის” დირექტორ დ. კ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი შპს “დალენი-სტუდიის” დირექტორ დ. კ-იას ჩაჰბარდა 2009 წლის 11 მაისს, უშუალოდ სასამართლოში (ს.ფ.97). ხოლო დ. კ-იამ სააპელაციო საჩივარი აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიტანა 2009 წლის 29 მაისს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იყო 2009 წლის 25 მაისი.
ამას გარდა, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დ. კავარცხელიას სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადაშიც რომ შეეტანა, იგი დაუშვებელი იყო შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ს-შვილის სასარჩელო მოთხოვნა, რომლის ღირებულება შეადგენდა 500 ლარს, რაც არ აღემატება 1000 ლარს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შპს “დალენი-სტუდიის” დირექტორ დ. კ-იას სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილევლად დაუშვებლობისა და გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “დალენი-სტუდიის” წარმომადგენელ დ. კ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.