საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №432აპ-17 ქ. თბილისი
ტ-ი ზ, 432აპ-17 17 იანვარი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულების - მ.-ა-ი ს-ს, ზ. ტ-ს, ბ. ი-ა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ფ-ს, აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით:
ბ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-5 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 11 თებერვლიდან.
მ.-ა-ი ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-5 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 11 თებერვლიდან.
ზ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-5 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 11 თებერვლიდან.
განაჩენით მსჯავრდებულებს - მ.-ა-ი ს-ს, ზ. ტ-ა და ბ. ი-ს მსჯავრი დაედოთ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანაში, ჩადენილი საბაჟო კონტროლისაგან მალულად, რაც გამოიხატა შემდეგში: ს-ს მოქალაქეებმა - ბ. ი-ა, ზ. ტ-ა და რ-ს ფედერაციის მოქალაქე მ.-ა-ი ს-ა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, 2016 წლის 11 თებერვალს ს-ს საბაჟო საზღვარზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ”ს-ი”, საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადაიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის - ჯამურად 647834,98 ლარის საბაჟო ღირებულების 7470,1 გრამი ოქროს ზოდები და ოქროს ჯართი. კერძოდ, ბ. ი-ა ფეხსაცმლითა და შარვლის ჯიბეებით საბაჟო საზღვარზე გადაიტანა 205629.07 ლარად ღირებულები ოქროს ზოდები, საერთო წონით – 2344,42 გრამი, ზ. ტ-ა ფეხსაცმლითა და შარვლის ჯიბეებით საბაჟო საზღვარზე გადაიტანა 202248,73 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები, საერთო წონით – 2305,88 გრამი და მ.-ა-ი ს-ა წინდებითა და შარვლის ჯიბეებით საბაჟო საზღვარზე გადაიტანა 239956.55 ლარად ღირებული ოქროს ჯართი და ზოდები, საერთო წონით –2819,8 გრამი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულთა გამართლებას ან მსჯავრდებულების - მ.-ა-ი ს-ს, ზ. ტ-ა და ბ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილში გამართლებას, ხოლო სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულები - ბ. ი-ი, მ.-ა-ი ს-ი და ზ. ტ-ი ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში
მ.-ა-ი ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 11 თებერვლიდან.
ზ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 11 თებერვლიდან.
ბ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 11 თებერვლიდან.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა მოხდეს ნივთმტკიცების - 7470,01 გრამი ოქროს ზოდებისა და ოქროს ჯართის, როგორც დანაშაულის საგნის, საპროცესო კონფისკაცია.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაცია მსჯავრდებულების - ბ. ი-ს, მ.-ა-ი ს-ა და ზ. ტ-ს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით დამნაშავედ ცნობის ნაწილში.
ამასთან, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია ბ. ი-ს, მ.-ა-ი ს-ა და ზ. ტ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირება. გარდა მოწმეების არაპირდაპირი ჩვენებებისა (ე. ა-ი, გ. შ-ე, ზ. ხ-ე, დ. ყ-ა, ი. შ-ე), საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება მსჯავრდებულების მიერ წინასწარი შეთანხმებით დანაშაულის ჩადენის თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ, მართალია, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა, მაგრამ მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში გამოიხატოს. მოცემულ შემთხვევაში ჩვენებებით დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულები ერთად მგზავრობისას საუბრობდნენ, თუმცა, ხსენებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მათ შორის წინასწარი შეკავშირების არსებობა; მტკიცებულებაში არ ჩანს რაიმე ისეთი გარემოება, რაც პალატას საშუალებას მისცემდა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ერწმუნა მათ შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა; არც სხვა მტკიცებულებებით დასტურდება რაიმე მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს რა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“, განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთკავშირში მყოფი დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს და არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ თეორიულ ჰიპოთეზას. მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდებისა და სასამართლოს მოსაზრება გამომდინარეობს მხოლოდ იმ ფაქტიდან, რომ მსჯავრდებულები ერთად მგზავრობდნენ, ერთ და იმავე დღეს დროის ხანმოკლე დაშორებით კვეთდნენ სახელმწიფო საზღვარს და მათგან ამოღებული ლითონი ერთნაირად, ზოდებადაა დაყოფილი და სინჯიც ერთნაირი შემადგენლობისაა.
საქართველოში მრავალ ადამიანს აქვს მფლობელობასა და საკუთრებაში არათუ ერთნაირი ოქროს შემცველობის ჯართი, არამედ თავად ოქროს ნაკეთობებიც. ამიტომ მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკმარისად. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემული მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რის გამოც, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი (იხ.უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება #618აპ-15).
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქმის განხილვისას აუცილებელი არ არის მტკიცებულებათა სიჭარბე. მთავარია, ამ მტიცებულების წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი ასეთ კონტექსტში გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის გარეშეც პირის დამნაშავედ ცნობის შანსი მცირდება. როდესაც მტკიცებულება გადამწყვეტი ხასიათისაა, მისი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია დამატებითი მტკიცებულებები. კონკრეტულ შემთხვევაში კი მოწმეთა ჩვენებები არ არის გამყარებული არანაირი შემავსებელი და დამატებითი მტკიცებულებით ბ. ი-ს, მ.-ა-ი ს-ა და ზ. ტ-ს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისათვის. მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ, ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ბ. ი-ა, მ.-ა-ი ს-ა და ზ. ტ-ა ნამდვილად ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 214 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება. დადგენილია, რომ არც ერთ მათგანს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას არ განუცხადებია დეკლარირებას დაქვემდებარებულ ნივთებთან დაკავშირებით, დადგენილია, რომ შემოწმებისას მათ თან ჰქონდათ ოქროს ზოდები. ეს ფაქტები მსჯავრდებულებმა სააპელაციო სასამართლოშიც დაადასტურეს შესავალი და დასკვნითი სიტყვების, ასევე – საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას.
სააპელაციო პალატამ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულების მონაცემები, ყველა მათგანმა აღიარა იმ დანაშაულის ჩადენა, რაც სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ცნო მოგვიანებით.
5. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორი დავით ჭარბაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას მსჯავრდებულების - მ.-ა-ი ს-ს, ზ. ტ-ა და ბ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში და მითითებულ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
მსჯავრდებულები - მ.-ა-ი ს-ი, ზ. ტ-ი, ბ. ი-ი და მათი ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. ფ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელად ჯარიმის - 2000 ლარის განსაზღვრას, ასევე –ამოღებული ოქროს ნივთების დაბრუნებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მსჯავრდებულების - მ.-ა-ი ს-ს, ზ. ტ-ა და ბ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება გამოიწვია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით - „გონივრულ ეჭვს“ მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
8. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს - მ.-ა-ი ს-ს, ზ. ტ-ა და ბ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები. შესაბამისად, არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.
9. რაც შეეხება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ამოღებული ოქროს ნივთების მსჯავრდებულებისათვის დაბრუნების თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაცულია საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის მოთხოვნები და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
10. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს (სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით საქმის განხილვას, რასაც შესაძლოა, ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და სხვა), საქმის მასალების შესწავლის მიხედვით, ზემომითითებული გარემოებები არ იკვეთება.
11. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - მ.-ა-ი ს-ს, ზ. ტ-ს, ბ. ი-ა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ფ-ს, აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი