Facebook Twitter

ას-710-1011-09 7 სექტემბერი, 2009 წელი

¹ ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სამეცნიერო-ტექნიკური ასოციაცია “ინტეროპტიკა” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ,,საქართველოს ავტორთა საზოგადოება (სას) კავშირი” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მუსიკალური ნაწარმოების გამოყენების აკრძალვა, კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს ავტორთა საზოგადოებამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ინტეროპტიკას” მიმართ მუსიკალური ნაწარმოების ავტორთა საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე გამოყენების _ კაბელით გადაცემის აკრძალვისა და მუსიკალური ნაწარმოების ნებართვის გარეშე კაბელით გადაცემისათვის კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ,,საქართველოს ავტორთა საზოგადოება (სას) _ კავშირის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს ,სამეცნიერო-ტექნოლოგიური ასოციაცია ,,ინტეროპტიკამ”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განჩინებით შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი ასაჩივრებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებს, მისი შეგებებული სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე, 364-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, დაუშვებელია, რადგან ზემოხსენებული ნორმები ითვალისწინებს მხარის მიერ სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა ასოციაცია ,,ინტეროპტიკამ” შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს არგუმენტი, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით დადგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება გულისხმობს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი ცალკეული პუნქტის გასაჩივრების უფლებას. დასახელებული ნორმა უშვებს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და კანონმდებელი არ გამოყოფს მის რომელიმე ნაწილს. აღნიშნული კუთხით კანონის დასახელებული დანაწესი რაიმე ბუნდოვანებას არ შეიცავს და გადაწყვეტილების გასაჩივრებისას შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული შეზღუდვა პირდაპირ აისახებოდა კანონში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს სამეცნიერო-ტექნოლოგიური ასოციაცია ,,ინტეროპტიკის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 379-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით კი, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის შემთხვევაში კანონით დადგენილ სუბიექტებს შეუძლიათ შეიტანონ შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომელიც განიხილება სააპელაციო საჩივრისათვის გათვალისწინებული საპროცესო წესების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა ასოციაცია ,,ინტეროპტიკამ” შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოსარჩელე ,,საქართველოს ავტორთა საზოგადოება (სას) _ კავშირის‘‘ სარჩელი შპს “ინტეროპტიკის” მიმართ არ დაკმაყოფილდა. შეგებებული სააპელაციო საჩივრით მხარემ სადავოდ გახადა სასამართლო გადაწყვეტილების მხოლოდ აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები.

საკასაციო სასამართლო სრულიად ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ გადაწყვეტილების მხოლოდ აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების გასაჩივრება დაუშვებელია, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის მიერ სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას. სასამართლოს ეს დასკვნა ეფუძნება შემდეგს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არამარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

მითითებული ნორმის ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნის საფუძველსაც: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი.

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით დადგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებაზე, სააპელაციო პალატის არგუმენტაციის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს, რომ დასახელებული ნორმა უშვებს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, კანონმდებელი არ გამოყოფს მის რომელიმე ნაწილს და გადაწყვეტილების ნაწილების გასაჩივრებისას შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული შეზღუდვა პირდაპირ აისახებოდა კანონში.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს, რომ კანონში პირდაპირი არ არის მითითება გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილის გასაჩივრების უფლებაზე, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა საწინააღმდეგოს არ ადგენს. სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობაში განმარტებით საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია.

ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია რა მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, აღსასრულებლად წარემართება მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და არა სამოტივაციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას (“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლი). სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობა დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფის საკითხს. თუ პირი, რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – სააღსრულებო ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, რომელშიც ასახულია აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაწილს (სსკ-ის 249-ე მუხლები) და რომელიმე მათგანის სათანადოდ ან საერთოდ არარსებობა, ხშირ შემთხვევაში იწვევს მის გაუქმებას (სსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლები). გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს. მასში უნდა აისახოს სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებითი მსჯელობა ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე, განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში და ამავდროულად გადაწყვეტილების დასაბუთებით რეალიზებულია საზოგადოების უფლება იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილებები გამოაქვთ მათი სახელით და რა არის მათი საფუძველი.

აქვე უნდა აღინიშნოს კანონითვე გათვალისწინებული გამონაკლისი, როდესაც გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანილი იქნეს მისი რომელიმე ნაწილის გარეშეც (სსკ-ის 234-ე, 250-ე, 2571), თუმცა ამ შემთხვევებშიც სარეზოლუციო ნაწილის კანონით დადგენილი წესით არსებობა აუცილებელია. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საპროცესო კანონმდებლობა უშვებს რა არასრულყოფილი გადაწყვეტილების ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობასაც გადაწყვეტილების განმარტების, უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით, ამავე დანაწესებით იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების ნაკლის გასწორებას სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი შედეგის შეუცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს სამეცნიერო-ტექნოლოგიური ასოციაცია ,,ინტეროპტიკას” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.