Facebook Twitter

¹ას-711-931-08 19 ნოემბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ ფ. უ-ი, დ. ბ-ე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ... უნივერსიტეტი (მოპასუხე)

მესამე პირი-- ბათუმის ... უნივერსიტეტი

გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ბრძანების ბათილად ცნობა, იძულელებით განაცდურის ანაზღაურება, სამსახურში აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ი. დ-ის, დ. დ-ის, მ. დ-ის, ო. თ-ის, მ. დ-ის, ფ.უ-ის და დ. ბ-ის სარჩელი საქართველოს ... უნივერსიტეტის მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ... უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 29 ივლისის ¹471/03 ბრძანება მისი ძალაში შესვლის დღიდან, საქართველოს ... უნივერსიტეტს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება დათხოვნის დღიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე; მოსარჩელეთა მოთხოვნა სამსახურში აღდგენის თაობაზე და წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კანონით დადგენილ ვადაში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. თ-ის, მ. დ-ის, მ. დ-ის, მ. დ-ის, დ. დ-ის, ფ. უ-ის და დ. ბ-ის წარმომადგენელმა დ. დ-მ. აპელანტებმა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება სამსახურში აღდგენაზე და წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.

2007 წლის 19 თებერვალს აპელანტებმა ი. დ-მ, დ. დ-მ, მ. დ-მ, ო. თ-მ და მ. დ-მ განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის მოტივით, მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მარტის განჩინებით ი. დ-ის, დ. დ-ის, მ. დ-ის, ო. თ-ის და მ. დ-ის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ფ. უ-ისა და დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით გადმოეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ფ. უ-სი და დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით დაინიშნა სასამართლო სხდომა 2008 წლის 15 აპრილს 1330 საათზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილს 1330 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომა გამოცხადდა აპელანტების, ფ. უ-ის და დ. ბ-ის წარმომდგენელი: დ. დ-ე, მესამე პირის - საჯარო სამართლის იურიდიული პირის ... სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გ. დ-ე. პროცესზე მოწვეულ პირთაგან არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს ... უნივერსიტეტის წარმომადგენელი: დ. ჩ-ე. სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 აპრილის საოქმო განჩინებით სხდომა გადაიდო 2008 წლის 13 მაისს 1430 საათზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისს 1430 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები ფ. უ-ი, დ. ბ-ე, მათი წარმომადგენელი დ. დ-ე, მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს ... უნივერსიტეტი.

თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინებით მხარეთა გამოუცხადებლობის გამო დარჩა განუხილველი.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს სასამართლოს სხდომის დროის და ადგილის შესახებ ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის დაცვით;

პალატამ ასევე მიიჩნია, რომ ფ. უ-ის და დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო დატოვებული უნდა იქნეს განუხილველად

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ფ. უ-მა და დ. ბ-ემ

კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვა არ მომხდარა. საქმე სამჯერ დაინიშნა განსახილველად, სამივეჯერ ჩავიდა თბილისში მათი წარმომადგენელი და გამოცხდდა სააპელაციო სასამართლოში, თუმცა უშედეგოდ. სხდომები მაინც გადაიდო სხვადასხვა მიზეზების გამო. 2008 წლის 15 აპრილს სხდომა დანიშნული იყო 13 საათსა და 30 წუთზე, მაგრამ ... უნივერსიტეტის წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა, მანამდე იგი დროულად არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოში არ ცხადდებოდა. როცა მათმა წარმომადგენელმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, „აღმოჩნდა“ რომ მოპასუხე ... „არ იყო დადგენილი წესით ინფორმირებული“ და შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქმის განხილვა კიდევ ერთხელ გადაიდო.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით 2008 წლის 13 მაისს დანიშნულ სხდომაზე მათი წარმომადგენელი ავტომანქანის გაუმართაობის გამო ვერ ჩავიდა თბილისში. სასამართლომ კი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

აღნიშნულიდან გამომდინარე ფ. უ-მა და დ. ბ-მ მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო ფ. უ-ის და დ. ბ-ის მიერ წარმოდგენილ კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესებით დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისას. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში 2008 წლის 13 მაისს დანიშნული სხდომის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის დაცვით ცნობილი იყო ორივე მხარისათვის.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მათი წარმომადგენელი ავტომანქანის გაუმართაობის გამო ვერ ჩავიდა თბილისში 2008 წლის 13 მაისს დანიშნულ სხდომაზე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად მხარეს არ წარმოუდგენია.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი ფ. უ-ის და დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ფ. უ-ის და დ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.