Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №439აპ-17 ქ. თბილისი

ც-ე დ., 439აპ-17 17 იანვარი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ც-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის განაჩენით დ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, დ. ც-ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1100 ლარი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი. დ. ც-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 29 ოქტომბრიდან.

განაჩენით დ. ც-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დ. ც-ე მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის.

2016 წლის 28 აგვისტოს ქ.თ-ი, რ-ს ქ. N.., ბინა N...-დან დ. ც-ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ხ. ხ-ს კუთვნილ საყოფაცხოვრებო ნივთებს, რამაც 950 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

2016 წლის 29 აგვისტოს ქ.თ-ი, ბ-ს ქ. N, ბინა N..-დან დ. ც-ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თ. ქ-ს კუთვნილ ორ ტელევიზორს, რამაც 650 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

2016 წლის 30 აგვისტოს ქ.თ-ი, მ-ს ქ. N.., ბინა N..-დან დ. ც-ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ. ი-ს კუთვნილ ტელევიზორს, რამაც 350 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ, სასჯელის მინიმუმის შეფარდებას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ დ. ც-ს მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ე. ტ-ს, ხ. ხ-ს, მ. ს-ს, თ. ქ-ს, მ. ი-ს გამოკითხვის ოქმები, სალომბარდე ხელშეკრულებების დათვალიერების ოქმები, სალომბარდე ხელშეკრულებები, ამოღებული ნივთები, ნივთების დათვალიერების ოქმები, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, თავად დ. ც-ს გამოკითხვის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 სექტემბრის განაჩენი, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენი, აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილები და საქმის სხვა მასალები.

ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 1-ლი ინსტანციის სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი (აღიარა დანაშაული, უდავოდ გახადა მტკიცებულებები) და დამამძიმებელი გარემოებების, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრების, პირადი და ეკონომიკური პირობების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულია დ. ც-ს მიერ ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. კერძოდ, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დ. ც-მ, რომელიც იმყოფებოდა გამოსაცდელი ვადის მოქმედების ქვეშ ანალოგიური სახის, ასევე სამი ეპიზოდი დანაშაულის ჩადენისათვის, კვლავ ჩაიდინა არაერთი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც ვერ იქნება გამართლებული დაცვის მხარის არგუმენტით დაზარალებულთათვის აღნიშნული ფაქტის შეტყობინებისა და ნივთ(ებ)ის დაბრუნების დაპირებით. ფაქტია, რომ დ. ც-ს მიმართ გამოყენებულმა ჰუმანურმა დამოკიდებულებამ და, არაერთი ეპიზოდის მიუხედავად, ძირითადი სასჯელის პირობით ჩათვლამ, გამოსაცდელი ვადის გაგრძელებამ, ვერ უზრუნველყო მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მისი საზოგადოების ღირსეულ წევრად დაბრუნება.

დ. ც-ე 2016 წლის 28, 29 და 30 აგვისტოს მდგომარეობით იყო ნასამართლობის მქონე. მართალია, დანაშაულის რეციდივი მხედველობაში არ ყოფილა მიღებული თითოეული ეპიზოდისთვის სასჯელის დანიშვნის დროს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად), თუმცა დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას, დანაშაულის რეციდივის დროს, სასამართლომ უნდა გამოიყენოს არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2, არამედ – ამავე მუხლის მე-3 ნაწილი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიყენა სასჯელთა შთანთქმის პრინციპი როგორც დანაშაულთა, ისე განაჩენთა ერთობლიობის დროს, მიზანშეწონილი არ არის დანიშნული სასჯელის უფრო მეტად შემსუბუქება. თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დ. ც-მ ჩაიდინა რამდენიმე ახალი დანაშაული.

მოცემულ შემთხვევაში დ. ც-ს წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელიდან, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 9 იანვრის წერილის თანახმად, გადასახდელი აქვს 500 ლარი. შესაბამისად, კანონიერი და სამართლიანია საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე მისთვის დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილის დამატება.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ც-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, სასჯელის მინიმუმის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. მოცემულ შემთხვევაში კასატორი - დ. ც-ე ასაჩივრებს განაჩენს მისთვის სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ც-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი