ას-713-1013-09 16 ივლისი, 2009წ.
¹ თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ჟ. ბ-ძის კერძო საჩივრის გაუხილველად დატოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2007 წლის 5 დეკემბერს ჟ. ბ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ჟ. და დ. დ-ძეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ (ს.ფ. 1-2).
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 67-73).
სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ჟ. ბ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ს.ფ. 78-88).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინებით ჟ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის _ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო (ს.ფ. 95-97).
აღნიშნული განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ჟ. ბ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში განხილვისათვის.
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრისა და საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. ბ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ სხდომას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის განჩინება ჟ. ბ-ძეს 2009 წლის 22 აპრილს ჩაჰბარდა (ს.ფ. 103). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანის თორმეტდღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღეს _ 2009 წლის 23 აპრილს და დასრულდა 2009 წლის 4 მაისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი. კერძო საჩივარი ჟ. ბ-ძემ ფოსტის მეშვეობით გაგზავნა 2009 წლის 29 ივნისს, ანუ კერძო საჩივრის შესატანად განსაზღვრული თორმეტდღიანი საპროცესო ვადის ამოწურვის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჟ. ბ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე 396-ე, 420-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჟ. ბ-ძის მიერ ხარვეზის შევსების ვადის გასვლისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემდეგ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი სააპელაციო საჩივარზე, რომელიც მხარეს უნდა დაუბრუნდეს (ს.ფ. 105-106).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჟ. ბ-ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. ჟ. ბ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 160 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი – 200122900, მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი - ¹300183150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.