Facebook Twitter

¹ას-713-933-08 27 ნოემბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – შპს „თ-ი“, დ. დ-შვილი, გ. პ-შვილი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ-ი“ (მოსარჩელე)

დავის საგანი _ დავალიანების გადახდა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „პ-მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს `თ-ის“, დ. დ-შვილის, გ. პ-შვილისა და გიორგი მ-შვილის მიმართ დავალიანების გადახდევინებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სს „პ-სა“ და შპს „თ-ს“ შორის 2001 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო ხაზის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, 2003 წლის 5 თებერვალს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმდა დამატებით საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 100000 აშშ დოლარი 24 თვის ვადით, ყოველთვიური 1,5% სარგებლის დარიცხვით. 2003 წლის 30 სექტემბერს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს დამატებით გადაეცა 25000 აშშ დოლარი 18 თვის ვადით და 1,5% სარგებლის დარიცხვით.

მოსარჩელემ ასევე, მიუთითა, რომ ბანკის მიერ გაცემული თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა დ. დ-შვილის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, ასევე დაგირავდა შპს „თ-ის“ კუთვნილი ხორბლის გადამამუშავებელი თურქული წარმოების ფირმა „დ-ას“ ორვარცლიანი მინი წისქვილი და ამავე საწარმოს ბრუნვაში არსებული საქონელი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად სს „პ-სა“ და დ. დ-შვილს, გ. პ-შვილსა და გ. მ-შვილს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად თავდებმა პირებმა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში.

მოსარჩელემ მოითხოვა 45394,43 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 2054,09 ლარის დაკისრება. ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაცია. ამასთან მოსარჩელემ გ. მ-შვილის მოთხოვნის ნაწილში უარი თქვა და ამ ნაწილში მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სს „პ-ის“ წარმომადგენელმა ნ. ზ-უამ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „პ-ის“ წარმომადგენლის _ ნ. ზ-უას მოთხოვნა და 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „მოპასუხეებს – შპს „თ-ს“, დ. დ-შვილს და გ. პ-შვილს დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის – 37481,77 აშშ დოლარისა და პროცენტის – 7204,66 აშშ დოლარის გადახდა სს „პ-ის“ სასარგებლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაზე 2000 წლის 6 ნოემბერს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაზე 2008 წლის 4 იანვარს სააპელაციო საჩივრით მიმართეს შპს „თ-ის“ წარმომადგენელმა დ. დ-შვილმა და გ. პ-შვილმა. მათ მიერ ასევე კერძო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინება გადაწყვეტილებაში უსწორობის შეტანის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის განჩინებით შპს „თ-ის“ დ. დ-შვილისა და გ. პ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

ამავე სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის განჩინებით ასევე განუხილველად დარჩა შპს „თ-ი“ და დ. დ-შვილის კერძო საჩივარი კერძო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, ხოლო გ. პ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის განჩინებით, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს შპს „თ-მა“, დ. დ-შვილმა და გ. პ-შვილმა. კერძო საჩივრის ავტორების აზრით, არასწორია სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ, რადგან სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების ასლი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით 2007 წლის 14 სექტემბერს ჩაჰბარდა ისანი-სამგორისა და ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას, ამ დროიდან გადაწყვეტილების ასლი ჩაბარებულად ითვლება და სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა 2007 წლის 30 ოქტომბერს, მათ კი სააპელაციო საჩივარი შეიტანეს 2008 წლის 4 იანვარს.

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის განჩინებით ირკვევა, რომ ადრესატისათვის გაგზავნილი გადაწყვეტილებები მხარეებს არ ჩაჰბარებიათ მათი არყოფნის გამო.

ადრესატის დროებით ადგილზე არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიმღები პირი ვალდებული იყო, გზავნილის ეგზემპლარზე აღენიშნა სად იყო იგი წასული, როდის დაბრუნდებოდა და ეს ცნობები უნდა დადასტურებულიყო ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს მიერ.

სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, მოპასუხის ადგილსამყოფელი მიეჩნია დაუდგენლად და უფლება არ ჰქონდა, ემოქმედა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი წესის თანახმად. ეს წესი არ გამოიყენება იმ ადრესატის მიმართ, რომელიც არ იმყოფება საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე. 78-ე მუხლის დანაწესი გამოიყენება მხოლოდ იმ პირთა მიმართ, რომელთა ადგილსამყოფელიც დაუდგენელია. მოპასუხეთა ადგილსამყოფელი კი დაუდგენელი არასდროს ყოფილა.

ამრიგად, რაიონულმა სასამართლომ დაარღვია მოპასუხეთათვის გზავნილის ჩაბარების კანონით დადგენილი წესი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გზავნილი ადრესატისთვის ჩაბარებულად არ უნდა მიეჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შპს „თ-ის“, დ. დ-შვილისა და გ. პ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

დადგენილია, რომ შპს „თ-ს“, დ. დ-შვილსა და გ. პ-შვილს საქმეში არსებულ მისამართებზე სასამართლოს მიერ გაგზავნილი გადაწყვეტილებები არ ჩაჰბარებიათ მათი არყოფნის გამო (ს.ფ. 133-135). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების ასლები მხარეებისთვის ჩასაბარებლად გაეგზავნა თბილისის ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის რაიონის გამგეობებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გამგეობებს ჩაჰბარდათ 2007 წლის 14 სექტემბერს. სასამართლოში დაბრუნდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობისა და ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის წერილი იმის შესახებ, რომ მხარეებს გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებიათ მითითებულ მისამართზე არყოფნის გამო. შპს „თ-ის“ წარმომადგენელმა დ. დ-შვილმა და გ. პ-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს 2008 წლის 4 იანვარს. აღნიშნულის გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 იანვრის განჩინებით მათი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ მხარეებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოები ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურები (უბნის ინსპექტორები) ვალდებული არიან, განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ სასამართლოს.

ამავე კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება იმ გაზეთის საშუალებით, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „თ-ს“, დ. დ-შვილსა და გ. პ-შვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება არ გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა გამოეტანა განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რაც არ გაუკეთებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა შპს „თ-ის“ , დ. დ-შვილისა და გ. პ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „თ-ის“, დ. დ-შვილისა და გ. პ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.