Facebook Twitter

¹ას-716-936-08 19 ნოემბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

როზა ნადირიანი, თემურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ მ. ტ-შვილი

წარმომადგენელი –ზ. ჟ-იძე

მოწინააღმდეგე მხარე –ზ. ხ-ური

გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში

დავის საგანი –ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმობის განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ხ-ურის სარჩელი მ. ტ-შვილის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მ. ტ-შვილს ზ. ხ-ურის სასარგებლოდ დაეკისრა 4800 აშშ დოლარის გადახდა; უარი ეთქვა ზ. ხ-ურს იპოთეკით დატვირთული გ. კ-ავას სახელზე რიცხული ბინის საჯარო ვაჭრობის წესით რეალიზაციაზე; მ. ტ-შვილის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი 2000 წლის 20 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულება; 4800 აშშ დოლარზე დადებული 2000 წლის 20 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ტ-შვილმა მხოლოდ ზ. ხ-ურის მიერ იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციაზე უარის თქმისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში; აღნშნული გადაწყვეტილება მ. ტ-შვილისათვის ზ. ხ-ურის სასარგებლოდ სესხის სახით 4800 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, გადაწყვეტილების ეს ნაწილი არ ყოფილა სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანი და ამ ნაწილში ის შევიდა კანონიერ ძალაში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით და 2003 წლის 3 აპრილის განჩინებით გაუქმდა გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულილ იქნა ახალი გადაწყვეტილება იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმისა და იპოთეკით დატვირთულილ ბინის აუქციონზე რეალიზაციის შესახებ;

2008 წლის 27 მაისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. ტ-შვილის წარმომადგენელმა ზ. ჟ-იძემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება; განმცხადებელმა მოითხოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების, ასევე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2003 წლის 3 აპრილის განჩინების გაუქმება.

განმცხადებელის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დამყარებული იყო იმ საფუძვლზე, რომ გ. კ-ავას ზ. ხ-ურთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები გააფორმებინეს მოტყუებით რაც დადასტურდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 მარტის დადგენილებით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. ტ-შვილის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაზე და ამავე სასამართლოს 2003 წლის 3 აპრილის განჩინებაზე დასაშვები იყო და მიიღო სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში; ხოლო სააპელაციო პალატის განმარტებით ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მ. ტ-შვილს უნდა მიემართა პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის.

აღნიშნული გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ტ-შვილმა განცხდების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

კერძო საჩივრის ავტორი აზრით, საქმის წარმოების განახლების შესახებ მ. ტ-შვილის განცხადება განსჯადობის მიხედვით თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია კანონის სრული დაცვით და თბილისის სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო აღნიშნული განცხადება წარმოებაში მიეღო მთლიანად, ვინაიდან, განცხადება ეხებოდა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას და განჩინებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად იგი შეტანილი იქნა ზემდგომ სასამართლოში, ამ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმება საქმის წარმოების განახლების შესახებ მ. ტ-შვილის განცხადების ნაწილობრივ განუხილველად დატოვების ნაწილში და საქმის დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე მ. ტ-შვილის განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე ახალი განჩინების მისაღებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, თანდართულ მტკიცებულებას და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მ. ტ-შვილმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოითხოვა, როგორც თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების, ასევე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2003 წლის 3 აპრილის განჩინების გაუქმება და წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განჩინებით მ. ტ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის ისანი-სამგორის სასამართლოს 31 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი.

დამთავრებული საქმის წარმოების განახლების საფუძველს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კერძოდ 421-ე მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი განსაზღვრავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი განცხადების განსჯადობის წესებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილი უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, მხარის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში არ არსებობდა ზემდგომი სასამართლოს მიერ კანონის ზემოთმითითებული ნორმით გათვალისწინებული მ. ტ-შვილის განცხადების განხილვის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება მ. ტ-შვილმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მხოლოდ ზ. ხ-ურის მიერ იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციაზე უარის თქმისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში; აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ტ-შვილისათვის ზ. ხ-ურის სასარგებლოდ სესხის სახით 4800 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში არ გასაჩივრებულა, შესაბამისად გადაწყვეტილების ეს ნაწილი არ ყოფილა სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანი და ამ ნაწილში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ტყეშელაშვილმა განცხადება შეიტანა არაგანსჯად სასამართლოში. შესაბამისად საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მ. ტ-შვილმა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 31 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით უნდა მიმართოს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისის ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ, თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა მაგული ტყეშელაშვილის განცხადება განუხილველად, ვინაიდან არ არსებობდა განცხადების დაშვების წინაპირობები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ტ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.