Facebook Twitter

ას 717-1047-07 1 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ ზ., ჟ. და ლ. მ-ები (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. დ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. დ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპაასუხეების _ ზ., ჟ. და ლ. მ-ების მიმართ თანხის დაკისრებისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით რ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს _ ზ., ჟ. და ლ. მ-ებს სოლოდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 5250 ლარის გადახდა, მათვე აეკრძალათ მოსარჩელის კუთვნილი მიწის სარგებლობაში ხელის შეშლა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ჟ., ზ. და ლ. მ-ებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ზ., ჟ. და ლ. მ-ების სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ზ., ჟ. და ლ. მ-ებმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გასაჩივრების ვადის აღდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ., ჟ. და ლ. მ-ების კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს კერძო საჩივარი შეტანილია თუ არა კანონით გათვალისწინებულ 12 დღის ვადაში.

ზ., ჟ. და ლ. მ-ებმა კერძო საჩივრით ასევე მოითხოვეს, კერძო საჩივრის გასაჩივრების ვადის აღდგენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65 – ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხავა რამ არ არის დადგენილი, შეიძლება აღადგინოს სასამართლომ. მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში, ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება, განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო ხელმოწერით ან კიდევ განჩინების მხარისათვის გაგზავნით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის მასალებში წარმოდგენილია გზავნილები, რომლითაც დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განჩინება ლ., ზ. და ჟ. მ-ებს ჩაბარდათ 2006 წლის 26 ნოემბერს, შესაბამისად კერძო საჩივრის შეტანის ვადა ქონდათ 2006 წლის 8 დეკემბრამდე. ჟ., ზ. და ლ. მ-ების მიერ კერძო საჩივარი შეტანილია 2007 წლის 7 ივნისს, ვადის დარღვევით, რაც კერძო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ., ჟ. და ლ. მ-ების კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.