Facebook Twitter

ას-724-1023-09 20 ივლისი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

განიხილა გ. გ-ძის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით გ. გ-ძის სარჩელი თ. მ-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (ს.ფ. 558-562, ტ. II).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 568-578, ტ. II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით გ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ს.ფ. 586-588, ტ. II).

აღნიშნული განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში განხილვისათვის.

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრისა და საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ სხდომას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 ივნისის განჩინება გ. გ-ძეს 2009 წლის პირველ ივლისს ჩაჰბარდა (ს.ფ. 591, ტ. II). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის შეტანის თორმეტდღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღეს _ 2009 წლის 2 ივლისს და დასრულდა 2009 წლის 13 ივლისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ სამშაბათი. კერძო საჩივარი გ. გ-ძემ სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 2009 წლის 14 ივლისს, ანუ კერძო საჩივრის შესატანად განსაზღვრული თორმეტდღიანი საპროცესო ვადის ამოწურვის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე 396-ე, 420-ე მუხლების შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. გ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.