Facebook Twitter

ას-724-1053-07 16 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს. ნ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. უ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ქ. უ-მა მოპასუხე ს. ნ-ს მიმართ და მოითხოვა ალიმენტის დაკისრება არასრულწლოვანი შვილის აღსაზრდელად. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 1998 წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი – მ. ნ-ი -- დაბადებული ... წლის ... სექტემბერს. 2005 წლის 9 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ქორწინება შეწყდა და უკვე 7 წელია ერთად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე არ მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში და არ ზრუნავს მასზე, 7 წელია შვილი არ უნახავს. მოსარჩელის განმარტებით, იგი არსად მუშაობს, არ გააჩნია არანაირი შემოსავალი და უჭირს შვილის რჩენა-აღზრდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ქ. უ-მა მოითხოვა მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით, მისი შვილის – მ. ნ-ს სასარგებლოდ სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უმუშევარია, რომლის დამადასტურებელი საბუთიც არსებობს საქმეში, ასევე არ გააჩნია შემოსავლის წყარო, აქვს მეორე ოჯახი და ვერ შეძლებს ალიმენტის გადახდას 50 ლარის ოდენობით. მას შეუძლია გადაიხადოს მხოლოდ 25 ლარი. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარებაში მონაწილეობას არ ღებულობდა, აღნიშნულს არ ეთანხმება, ვინაიდან მოსარჩელე თვითონ უკრძალავდა ბავშვთან ურთიერთობას და ეუბნებოდა, რომ იგი არ იყო ბავშვის მამა. ამის გარდა, არ ეთანხმება მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ მუშაობს და არ გააჩნია შემოსავალი, ქ. უ-ი მუშაობს აეროპორტში და მისი ხელფასი შეადგენს 500 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. უ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ს. ნ-ს ქ. უ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის 50 ლარის გადახდა არასრულწლოვანი შვილის, 1999 წლის 18 სექტემბერს დაბადებული მ. ნ-ს, რჩენა-აღზრდისათვის სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2007 წლის 12 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ნ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით ს. ნ-ს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ნ-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა საალიმენტო თანხის შემცირება 20 ლარის ოდენობით.

პალატამ ასევე მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაეკისრა შვილის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარი ყოველთვიურად და მან მოითხოვა დაკისრებული ალიმენტის შემცირება 20 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 365-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ს. ნ-ს სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ 1000 ლარს არ აღემატება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. ნ-მა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ს. ნ-ი უმუშევარია და ქ. უ-ს სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ დააკისრა ალიმენტის 50 ლარის გადახდა არასრულწლოვანი შვილის, 1999 წლის 18 სექტემბერს დაბადებული მ. ნ-ს, რჩენა-აღზრდისათვის სარჩელის აღძვრის მომენტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, აგრეთვე, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოსარჩელე ქ. უ-სათვის გადანაწილების გარეშე.

კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს წარუდგინა უმუშევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი და განმარტა, რომ არ გააჩნია შემოსავლის არანაირი წყარო. ამასთან, შექმნილი აქვს მეორე ოჯახი და ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ის ვერ შეძლებს ყოველთვე ალიმენტის სახით 50 ლარის გადახდას.

ასევე, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღსაზრდელი მ. ნ-ს დედა ქ. უ-ი მუშაობს აეროპორტში და მისი ხელფასი შეადგენს 500 ლარს. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბავშვის დედა ქ. უ-ი მ. ნ-ს უნერგავდა მამის სიძულვილს და ბავშვმა იცოდა, რომ ს. ნ-ი არ იყო მისი მამა, არ აძლევდა მასთან ურთიერთობის საშუალებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით ს. ნ-ს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ნ-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ. სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა საალიმენტო თანხის შემცირება 20 ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ს. ნ-ს დაეკისრა შვილის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა ყოველთვიურად და მან მოითხოვა დაკისრებული ალიმენტის შემცირება 20 ლარის ოდენობით, აღნიშნული არ აღემატება სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების 1000 ლარს, შესაბამისად საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პალატა მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. ნ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.