Facebook Twitter

¹ას-72-418-07 3 მაისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. დ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ძ-ი (მოპასუხე)

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. დ-მა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში გ. ძ-სა და შპს სამედიცინო ფირმა “ჰ...ის“ პრეზიდენტ მ. ყ-ს მიმართ და მოითხოვა ზიანის – 30000 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება. მან მიუთითა, რომ 2003 წლის 19 ივლისს მას ჩაუტარდა სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია. ოპერაციის დროს ქირურგმა დაუზიანა ვენა. მას არც ოპერაციის წინ და არც ოპერაციის შემდეგ, ანალიზები არ გაუკეთებია, რასაც მოჰყვა გართულებები. აღნიშნული ოპერაციის შემდეგ მისი ჯანმრთელობა შეირყა, მას ესაჭიროება სისტემატური მკურნალობა, რისი საშუალებაც არ გააჩნია. ქირურგმა გ. ძ-მა მას დახმარებაზე უარი უთხრა და მოითხოვა ოპერაციის საფასურის გადახდა. აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება, ხელშეკრულების თანახმად, ეკისრებოდა შპს სამედიცინო ფირმა “ჰ...ს” აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას ასევე ევალებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსასწორებლად გარკვეული ღონისძიებების გატარება.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შპს სამედიცინო ფირმა “ჰ...ის“ მიმართ სასარჩელო მოთხოვნაზე უარი განაცხადა და მოითხოვა მხოლოდ გ. ძ-საგან 30000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. დ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპლაციო საჩივარი ვადის დარღვევით შეტანილად მიიჩნია, რის გამოც 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ა. დ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. დ-მა და მიუთითა, რომ მას თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინება ჩაჰბარდა 2006 წლის 16 ნოემბერს, ამდენად, სააპელაციო შეტანის ვადა უნდა აითვალოს მომდევნო დღიდან - 17 ნოემბრიდან, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა მთავრდება 2006 წლის 30 ნოემბერს. აქედან გამომდინარე, მან კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა სააპელაციო საჩივარი და სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მისის სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2006 წლის 16 ნოემბერს და არ დაურღვევია სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ა. დ-ს თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2006 წლის 15 ნოემბერს (ს.ფ.117). სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა ამოიწურა 2006 წლის 29 ნოემბერს. მან კი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2006 წლის 30 ნოემბერს (ს.ფ. 118).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ა. დ-ს მიერ დარღვეულია სააპელაციო საჩივრისათვის კანონით დადგენილი 14 - დღიანი ვადა, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად და, აქედან გამომდინარე, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკამყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. დ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.