ას-725-1054-07 12 ნოემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „.. ..”
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ა...”
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინება
დავის საგანი – სს “ა...ს” კრედიტორთა კრებისა და გაკოტრების მმართველის არჩევა
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს ... მინისტრმა ვ. ჩ-მა 2005 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სს „ა...ს“ რეაბილიტაციის შეწყვეტისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 6 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა ... მინისტრ ვ.ჩ-ს განცხადება სს „ა...ს“ მიმართ რეაბილიტაციის შეწყვეტისა და გაკოტრების საქმეთა წარმოების გახსნის შესახებ. სს „ა...ს“ მიმართ შეწყდა რეაბილიტაცია და გათავისუფლებულ იქნა ა. შ-ი სს „ა...ს“ რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობიდან. გახსნილ იქნა სს „ა...ს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების მმართველად დაინიშნა ზ. ი-ი, კრედიტორთა პირველი კრების ჩატარებამდე გაკოტრების მმართველის არჩევით დანიშვნამდე.
კრედიტორთა პირველი კრება დაინიშნა 2005 წლის 24 ივნისს, 10 საათზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობაში. დღის წესრიგად განისაზღვრა ახალი კრედიტორების კომიტეტის არჩევა, გაკოტრების მმართველ ზ. ი-ს ანგარიშის მოსმენა, კრედიტორთა მიერ სს „ა...ს“ გაკოტრების მმართველის არჩევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ივნისის განჩინებით დაინიშნა ზ. ი-ი სს „ა...ს“ გაკოტრების მმართველად, ვალაუვალი მოვალისა და კრედიტორებისაგან დამოუკიდებელი პირი, რომელიც არ ეწევა იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე. „გაკოტრების საქმეთა წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-61 მუხლის თანახმად, სს „ა...ს“ გაკოტრების მმართველს ზ. ი-ს განემარტა, შეგნებულად არასწორი და არასრული ინფორმაციის მიწოდებისათვის დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გაკოტრების მმართველს ზ. ი-ს დაევალა დაუყოვნებლივ მიიღოს თავის მმართველობაში გაკოტრების მასა და კეთილსინდისიერად მართოს და განკარგოს იგი, მოვალის სს „ა...ს“ ქონება „გაკოტრების საქმეთა წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, იზრუნოს რათა არ შემცირდეს და მოახდინოს მოვალის სს „ა...ს“ ქონების სრულად დაბრუნება და სათანადო წესით მისი აღრიცხვა - რეგისტრაცია 2005 წლის 12 ივლისამდე. გაკოტრების მმართველს ზ. ი-ს არ აქვს უფლება განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც გაართულებს ან დააბრკოლებს საწარმოს საქმიანობის შემდგომ გაგრძელებას ან მესამე პირისათვის საწარმოს სამართავად გადაცემას. გაკოტრების მმართველს ზ. ი-ს თავისი მოვალეობის შესრულებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა გაკოტრების საქმის წარმოების ყველა მონაწილის წინაშე ზიანის მიყენების შემთხვევაში, თუ გაკოტრების მმართველი ვერ დაამტკიცებს რომ ზიანი მისი ბრალით არ იყო გამოწვეული, ეკისრება მისი სრული ოდენობით ანაზღაურება. გაკოტრების მმართველ ზ. ი-ს დაეკისრა დანიშვნისთანავე აღწეროს ქონება, შეადგინოს ბალანსი და აღნიშნული დოკუმენტები წარუდგენს გაკოტრების სასამართლოს კრედიტორთა შესამოწმებელ კრებამდე. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემდეგ ვალაუვალი მოვალის მიმართ ყველა ვალდებულების შესრულება ბათილას იქნა ცნობილი, თუ შედეგი არ შევა გაკოტრების მასაში.
შპს “.. ..მ” კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2005 წლის 24 ივნისის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განჩინების მიხედვით, კრედიტორთა კრებაზე გასასვლელ საკითხს ხმა მისცეს იმ კრედიტორებმა, რომელთა მოთხოვნა შეადგენს 57772 247 ლარს, რაც არ შეიძლება გამხდარიყო გადაწყვეტილების მიღების კანონიერი საფუძველი, რადგან კრებაზე არასწორად იქნა წარმოდგენილი სს “ა...ს” მიმართ არსებული მოთხოვნა, ასევე კერძო საჩივრის ავტორი ასაჩივრებს ზ. ი-ს გაკოტრების მმართველად დანიშვნას, რადგან თვლის, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება “გაკოტრების შესახებ საქმეთა წარმოების” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 აგვისტოს განჩინებით შპს “ .. ..” კერძო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ივნისის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ აღნიშნული განჩინება უშუალოდ მას არ ეხება და “გაკოტრების შესახებ საქმეთა წარმოების” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-4 მუხლის თანახმად, აღნიშნული განჩინებების გასაჩივრება დაუშვებელია.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “.. ..მ” და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შპს “.. ..ს” კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 აგვისტოს განჩინებაზე სს “ა...ს” გაკოტრების მმართველის არჩევის ნაწილში დაკმაყოფილდა; ამ ნაწილში გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინებით შპს „ .. ..“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ივნისის განჩინება. სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების საფუძველზე ჩათვალა, რომ გაკოტრების მმართველს უკავია მთავარი ადგილი გაკოტრების საქმის წარმოებაში და, უპირველეს ყოვლისა, მასზე არის დამოკიდებული ისეთი საკითხების გადაწყვეტა, რაც უკავშირდება კონკრეტულ შემთხვევაში საწარმოს ფინანსური სიძნელეების დაძლევას და მოვალის საწარმოს ლიკვიდაციით ან რეაბილიტაციით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ივნისის განჩინებით ზ. ი-ს სს „ა...ს“ გაკოტრების მმართველად დანიშვნა არ ეწინააღმდეგება “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის დანაწესს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ... სამინისტროს 2005 წლის 21 თებერვლის ¹პ-705 ბრძანებით ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ... სამმართველოს კონსულტანტი ზ. ი-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2005 წლის 15 თებერვლიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 3 ივნისის .¹1-2/262 ბრძანებით ზ. ი-ი - საქართველოს ... სამინისტროს მინისტრის აპარატის მინისტრის მრჩეველი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ზ.ი-ი არის სს „ა...ს“ კრედიტორის - საქართველოს ... სამინისტროს თანამშრომელი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ის ფაქტი, რომ ზ. ი-ი სს „ა...ს“ გაკოტრების მმართველად დანიშვნამდე მუშაობდა მითითებულ თანამდებობებზე, არ გულისხმობს, რომ იგი კრედიტორისაგან დამოუკიდებელი პირი არ არის. სააპელაციო პალატამ ასევე ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ზ.ი-ს სს „ა...ს“ გაკოტრების მმართველად დანიშვნით დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვები. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული მუხლი ადგენს სამსახურებრივი შეუთავსებლობის აკრძალვას. მოცემულ შემთხვევაში კი ადგილი არა აქვს სამსახურებრივ შეუთავსებლობას. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „ .. ..“ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, თუ არსებობს საკასაციო საჩივრის საფუძვლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინებაზე შპს „ .. ..“ გენერალურმა დირექტორმა მ.კ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ასევე მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ივლისის განჩინების გაუქმება სს “ა...ს” გაკოტრების მმართველის ზ.ი-ს არჩევის ნაწილში. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სს „ა...ს“ გაკოტრების მმართველი ზ. ი-ი ამ თანამდებობაზე არჩეულია “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რაც იმით გამოიხატა, რომ სს „ა...ს“ გაკოტრების მმართველი არ არის კრედიტორებისაგან დამოკიდებელი პირი. გაკოტრების მმართველის ზ. ი-ს კრედიტორებზე დამოკიდებულება დადასტურებულია შემდეგი გარემოებით: სს „ა...ს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისას კრედიტორს წარმოადგენდა საქართველოს ... სამინისტრო; საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 მაისის ¹221 განკარგულებით საქართველოს ... სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება სახელმწიფოს სახელით, როგორც სს „ა...ს“ კრედიტორს, მონაწილეობა მიეღო სს „ა...ს“ რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმეთა წარმოების პროცესში; საქართველოს ... მინისტრის პირველი მოადგილის 2005 წლის 21 თებერვლის ¹პ-705 ბრძანებით ... სამინისტროს ... დეპარტამენტის ... სამმართველოს კონსულტანტი ზ.ი-ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2005 წლის 15 თებერვლიდან; საქართველოს ... მინისტრის 2005 წლის 3 ივნისის ¹1-2/262 ბრძანებით საქართველოს ... მრჩეველი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და იმავე დღეს ზ. ი-მა მიმართა რუსთავის გაკოტრების სასამართლოს განცხადებით, რომელშიც თანხმობა განაცხადა სს „ა...ს“ გაკოტრების მმართველად მის დანიშვნაზე. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ სს „ა...ს“ გაკოტრების მმართველი ზ. ი-ი წლების განმვლობაში მუშაობდა ჯერ საქართველოს ... სამინისტროში, ხოლო შემდეგ საქართველოს ე...ის სამინისტროში. ორივე სამინისტრო თანმიმდევრულად წარმოადგენდა სს „ა...ს“ ძირითად კრედიტორებს. ეს გარემოება ადასტურებს, რომ გაკოტრების მმართველის თანამდებობაზე ზ. ი-ი ვერ იქნებოდა ... სამინისტროსაგან დამოუკიდებლად მოქმედი თანამდებობის პირი, რაც დადასტურდა მის მიერ გაკოტრების პროცესში ... სამინისტროს მითითებებისა და დავალებების ზედმიწევნით ზუსტად და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შესრულებით.
კერძო საჩივარში აღნიშნულია ასევე, რომ გაკოტრების მმართველის ზ.ი-ს კრედიტორზე დამოკიდებულებას შედეგად მოჰყვა ის, რომ გაკოტრების მასა გაიყიდა სს „ა...ს“ მასისათვის ყველაზე უარესი პირობებით, რითაც უხეშად იქნა დარღვეული “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი პირობა. სს „ა...ს“ გაკოტრების მასა გაიყიდა მის საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად 19 მილიონ აშშ დოლარად, როდესაც სთავაზობდნენ 72 მილიონ აშშ დოლარს და აქედან გამომდინარე, დაუკმაყოფილებელი დარჩა ყველა სხვა დანარჩენი კრედიტორების მოთხოვნები, რამაც უმრავლესი მათგანის გაკოტრება გამოიწვია.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აშკარაა, რომ თუ არა ფაქტი ... სამინისტროს მიერ გაკოტრების მმართველის ზ.ი-ს მართვის და მისი ნების უსიტყვოდ აღსრულების გარეშე, გაკოტრების მმართველი ვერ დაუშვებდა სს „ა...ს“ გაკოტრების მასის რეალიზაციას კონკურსის ან აუქციონის გარეშე, რითაც თუნდაც ფორმალურად მაინც შექმნიდა შეხედულებას გაკოტრების მასის მისთვის რაც შეიძლება უკეთესი პირობებით გაყიდვით მცდელობების შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გაკოტრების მმართველის ზ.ი-ს დამოკიდებულებას კრედიტორებზე (ე...ის სამინისტროზე) იმითაც დაადასტურებს, რომ ზ.ი-ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2005 წლის 3 ივნისს იმ განზრახვით, რომ დანიშნულიყო გაკოტრების მმართველად, რაც დადასტურებულია იმ გარემოებებით, რომ განთავისუფლების დღესვე 3 ივნისს ზ.ი-მა განცხადებით მიმართა რუსთავის გაკოტრების სასამართლოს და წერილობით განაცხადა თანხმობა სს „ა...ს“ გაკოტრების მმართველად დანიშვნაზე. სს „ა...ს“ გაკოტრების საქმე გაიხსნა 2005 წლის 6 ივნისს მოსამართლე თ.ჯ-ის მიერ და ამის შესახებ ზ.ი-მა იცოდა 2005 წლის 3 ივნისს. კერძო საჩივრის ავტორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ როგორ შეეძლო ზ.ი-ს გაკოტრების მმართველად დანიშვნაზე თახმობა განეცხადებინა სასამართლოსათვის, რომელსაც განჩინება ჯერ მიღებული არ ჰქონდა და შესაბამისად ვერც 2005 წლის 3 ივნისს შესთავაზებდა ზ.ი-ს გაკოტრების მმართველის თანამდებობაზე დანიშვნას მოსამართლე. აქედან გამომდინარე, რუსთავის სასამართლოს გაკოტრების მმართველის კანდიდატისაგან თანხმობის მიღების დღეს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა გაკოტრების საქმის გახსნა. ამ შემთხვევაში გაუგებარია რატომ მიიღო სასამართლომ განჩინება სამი დღის შემდეგ. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, დასახელებული გარემოება ადასტურებს, რომ ძირითადი კრედიტორი (... სამინისტრო), რუსთავის გაკოტრების სასამართლო და გაკოტრების მმართველი ზ.ი-ი მოქმედებდნენ წინასწარ მოფიქრებული გეგმით და იმ განზრახვით რომ სს „ა...ს“ გაკოტრების მასა გაყიდულიყო მხოლოდ მყიდველისათვის მისაღებ მინიმალურ ფასად და პრაქტიკულად ყველა კრედიტორს (მათ შორის სახელმწიფოს) საზიანოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “.. ..ს” გენერალური დირექტორის მ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინება შემდეგი გარემოებების გამო:
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ზ.ი-ს გაკოტრების მმართველად დანიშვნისას დაირღვა “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის მოხოვნები, ასევე დარღვეულია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ... სამინისტროს 2005 წლის 21 თებერვლის ¹პ-705 ბრძანებით ...ა სამინისტროს ... დეპარტამენტის ... სამმართველოს კონსულტანტი ზ. ი-ს 2005 წლის 15 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად. დადგენილია ასევე, რომ საქართველოს ... მინისტრის 2005 წლის 3 ივნისის ¹1-2/262 ბრძანებით ზ. ი-ი საქართველოს ... სამინისტროს მინისტრის აპარატის მინისტრის მრჩეველი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ზ.ი-ს გაკოტრების მმართველად დანიშვნით დარღვეულია “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რადგან იგი არ წარმოადგენს კრედიტორისაგან დამოუკიდებელ პირს. ამ ნორმის თანახმად გაკოტრების მმართველი უნდა იყოს შესაბამისი გამოცდილების მქონე, ვალაუვალი მოვალისა და კრედიტორისაგან დამოუკიდებელი პირი. დაუშვებელია გაკოტრების მმართველად იმ პირის არჩევა (დანიშვნა), რომელიც ეწევა იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე. გაკოტრების მმართველს კრედიტორთა პირველ კრებამდე ნიშნავს გაკოტრების სასამართლო. სასამართლოს შეუძლია გაკოტრების მმართველად დანიშნოს აგრეთვე გაკოტრების დროებითი მმართველი. კრედიტორებს კრედიტორთა პირველ კრებაზე შეუძლიათ აირჩიონ გაკოტრების სხვა მმართველიც. გაკოტრების არჩეულ მმართველს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ამტკიცებს გაკოტრების სასამართლო. საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სს “ა...ს” გაკოტრების მმართველად დანიშვნამდე ზ.ი-ს მუშაობა ზემოთდასახელებულ თანამდებობებზე არ გულისხმობს, რომ იგი კრედიტორისაგან დამოუკიდებელი პირი არ არის.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას ზ.ი-ს გაკოტრების მმართველად დანიშვნისას “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის თაობაზე. მოცემული ნორმის თანახმად გაკოტრების მმართველმა გაკოტრების მასა უნდა გაყიდოს მასისათვის რაც შეიძლება უკეთესი პირობებით, ხოლო ამონაგები გაანაწილოს საბოლოო ცხრილის მიხედვით. საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს კერძო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ზ.ი-ს გაკოტრების მმართველად ყოფნისას გაკოტრების მასა გაიყიდა არა თუ სს “ა...ს” მასისათვის რაც შეიძლება უკეთესი, არამედ ყველაზე უარესი პირობებით, რადგან აღნიშნულის გარკვევა არ წარმოადგენს მოცემული დავის საგანს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ზ.ი-ს გაკოტრების მმართევალდ დანიშვნით არ არის დარღვეული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლით დადგენლი წესი. აღნიშნული ნორმით დადგენილია სამსახურებრივი შეუთავსებლობის აკრძალვა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, მხარის მიერ მითითებული ნორმა განსახილველ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და შპს .. ..ს” გენერალური დირექტორის კ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
შპს “.. ..ს” გენერალური დირექტორის მ.კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.