საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №471აპ-17 ქ. თბილისი
ჩ-ე დ, 471აპ-17 24 იანვარი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ იმედა გუგუშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. ჩ-ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 24 სექტემბერს თ-ი, ი. ა-ს ქ. №..., ბინა №...-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, დ. ჩ-ე დანით ხელში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს - ქ. მ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 აპრილის განაჩენით დ. ჩ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდა.
დ. ჩ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და დ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა, დაირღვეს მაშინ, როცა პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობითი ქმედების ჩადენით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მისი მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ობიექტური მხრივ, აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს მატერიალურ დანაშაულს, ვინაიდან აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მოქმედება (მუქარა) და მისგან გამოწვეული შედეგი (შიში). ამასთან, შიში უნდა იყოს საფუძვლიანი, რაზედაც კანონმდებელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოთქმულ იქნა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას კი გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები და დადგინდეს - ჩათვლიდა თუ არა ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი ასეთ მუქარას ამ ვითარებაში რეალურად. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა არ არის მხოლოდ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა, არც აპირებდეს მის განხორციელებას, თუმცა დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს დამნაშავის მიზანს, კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია, რადგან პოტენციურ დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად, თუნდაც სამომავლოდ, მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება.
მოცემულ შემთხვევაში იმისათვის, რათა დ. ჩ-ს ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით, პირველ რიგში უნდა დადგინდეს 2016 წლის 24 სექტემბერს თ-ი, ი. ა-ს ქ. №..., ბინა №...-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, დ. ჩ-ე დანით ხელში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თუ არა თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს - ქ. მ-ს; დადებითი პასუხის შემთხვევაში უნდა გაირკვეს - ქ. მ-ს გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ყოველივე აღნიშნული კი უნდა შეფასდეს სანდო და რელევანტური მტკიცებულებების საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ მტკიცებულების სანდოობასა და უტყუარობას განსაზღვრავს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საერთო ანალიზი; ამავდროულად, მტკიცებულების მტკიცე და მყარი, დეტალური შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი წყაროს - თვითმხილველ მოწმესთან დაკავშირებით. თავის მხრივ, მტკიცებულების უტყუარი ხასიათი შესაძლოა, საეჭვო გახადოს მოწმის არაგულწრფელმა ჩვენებამ. მოცემულ შემთხვევაში ქ. მ-ე წარმოადგენს ერთადერთ მოწმეს, რომელიც შემსწრეა იმ ქმედებებისა, რაც დ. ჩ-მ ჩაიდინა 2016 წლის 24 სექტემბერს, დილით, თავის საცხოვრებელ ბინაში. სწორედ ამიტომ სასამართლო პირველ რიგში აფასებს მოწმე ქ. მ-ს ჩვენებას, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს დ. ჩ-ს მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, უმეტეს შემთხვევაში გასცა ორაზროვანი პასუხები, რამაც გააჩინა რეალური ეჭვი მისი ჩვენების არაგულწრფელობის თვალსაზრისით.
ქ. მ-ე თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ დ. ჩ-ე ეძებდა ნივთებს და მას დაკეტილი კარის გაღება მოსთხოვა, რაზედაც უარი უთხრა, დ-ა კი დანა აიღო და ,,პლინტუსს“ დაუწყო ,,ჩიჩქვნა“. მის შეკითხვაძე, თუ რას აკეთებდა, დ-ა უპასუხა, რომ კარი უნდა გაეღო. შემდეგ დ-ი მიუახლოვდა და უთხრა, რომ სასიკვდილო იყო და სახლიდან მათხოვრად გაუშვებდა, თან ლანძღავდა და აგინებდა. მოწმის განმარტებით, მას გაახსენდა, იმავე კედელთან როგორ სცემა დ-ა 2015 წლის აგვისტოში და შიშისგან კანკალი დაიწყო.
ქ. მ-ს აღნიშნული განმარტება ობიექტურ დამკვირვებელს აშკარად უჩენს განცდას, რომ იგი ცდილობს, დ. ჩ-ს ქმედებას შეუქმნას მძაფრი ფონი, რათა მისი განმარტება შიშის ფაქტორთან დაკავშირებით იყოს დამაჯერებელი, თუმცა მისი შემდგომი ქმედებები კიდევ უფრო მეტ ეჭვს აჩენს და იწვევს ლოგიკურ კითხვებს: ქ. მ-ე აცხადებს, რომ იგი შეშინებული გავიდა მეზობელ მ. მ-ნ და სთხოვა საპატრულო პოლიციის გამოძახება, შემდეგ კი სახლში დაბრუნდა, რათა დ-ი არ წასულიყო და პოლიციისთვის თავი არ აერიდებინა. ბუნებრივია, თუკი მას მართლაც სიკვდილის შიში გაუჩნდა და მოძალადეს ხელიდან დაუსხლტა, სახლში აღარ უნდა დაბრუნებულიყო. ამასთან, შეშინებულს როგორ უნდა მოეხერხებინა დ-ს შეჩერება, თუ იგი სახლიდან წასვლას დააპირებდა. გარდა ამისა, ერთ შემთხვევაში ქ. მ-მ განმარტა, რომ დანა, რომელიც დ-ა სამზარეულოს მაგიდაზე დადო, აიღო და მეზობელთან გაიტანა, რადგან ეშინოდა, დ-ს კიდევ არ აეღო და კვლავ არ დამუქრებოდა; დაცვის მხარის შეკითხვაზე კი განმარტა, რომ დანა აიღო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვინ დაუჯერებდა, რომ დ-ი სწორედ ამ დანით ემუქრებოდა. ბუნებრივია, მოწმის ასეთი ორაზროვანი პასუხები საფუძვლიან ეჭვს აჩენს მისი ჩვენების ობიექტურობასა და იმ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევაში, რომ მას გაუჩნდა მუქარის საფუძვლიანი შიში.
ის ფაქტი, რომ საპატრულო პოლიციის მისვლისას ქ. მ-ე და დ. ჩ-ე იმყოფებოდნენ ბინაში, დაადასტურეს შემთხვევის ადგილზე მისულმა გამომძიებლებმა - ლ. ქ-მ და დ. მ-ა. ამასთან, ლ. ქ-მ აჩვენა, რომ გამოძახებაზე მისულებს კარი ქ. მ-მ გაუღო. ამ მხრივ გამომძიებლების ჩვენებებთან კვლავ წინააღმდეგობრივია დაზარალებულ ქ. მ-ს ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ როდესაც მ. მ-ნ მეორედ გავიდა და დანა გაიტანა, უკან დაბრუნებულს კიბეზე შეხვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. დაზარალებულის ჩვენებასთან არც მოწმე მ. მ-ს ჩვენებაა თანხვდენილი, მან განმარტა, რომ ქ. მ-ე მასთან ერთხელ მივიდა, მას ხელში დანა ეჭირა, იყო აღელვებული და პატრულის გამოძახება სთხოვა.
რაც შეეხება გამომძიებლების - ნ. გ-ს, ლ. ქ-ა და დ. მ-ს ჩვენებებს, სასამართლომ სამართლიანად არ გაიზიარა მათი ჩვენებების ის ნაწილი, სადაც მოწმეები განმარტავენ, რომ მათი თანდასწრებით დ. ჩ-ე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ქ. მ-ს. ჯერ ერთი, ასეთი ფაქტობრივი გარემოება არ აღუნიშნავს თავად დაზარალებულ ქ. მ-ს, მან განმარტა, რომ საპატრულო პოლიციის მოსვლის შემდეგ დ-ი მას კვლავ აგინებდა და ლანძღავდა. გარდა ამისა, გამომძიებელის ჩვენებებით ცალსახად და დამაჯერებლად ვერ დგინდება, რომ მათი თანდასწრებით დ. ჩ-ე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ქ. მ-ს და ეს მუქარა ქ. მ-ი აღძრავდა საფუძვლიან შიშს.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა, რომ 2016 წლის 24 სექტემბერს დანით შეიარაღებული დ. ჩ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ქ. მ-ს და რომ ასეთის განხორციელების შემთხვევაშიც, ქ. მ-ს გაუჩნდა მუქარის შესრულების საფუძვლიანი შიში. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი სხვა არცერთი მტკიცებულება, რომელიც ქ. მ-ს ჩვენების შესაბამისი იქნებოდა და დაადასტურებდა დ. ჩ-ს მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არასაკმარისად მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რათა დადასტურებულად მიეჩნია დ. ჩ-ს მიერ ქ. მ-ს მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი. ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ქ. მ-ს გაუჩნდა მუქარის შესრულების საფუძვლიანი შიში.
სააპელაციო პალატის შეფასებით, დ. ჩ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეჭვი ვერ გაბათილდა ვერც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ უნდა არსებობდეს ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის სარწმუნო, დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებული, წინააღმდეგობებია მათ შორის, რის გამოც არსებული ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასიკეთოდ.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარისთვის დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა იმედა გუგუშვილმა. კასატორი საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და დ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი და წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ მოიცავს ისეთი სახის სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად არ არის შეფასებული, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ჩ-ს მსჯავრდებისათვის არ არსებობდა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა და ბრალდების მხარემ უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ 2016 წლის 24 სექტემბერს დანით შეიარაღებული დ. ჩ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ქ. მ-ს და რომ ასეთის განხორციელების შემთხვევაშიც ქ. მ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ იმედა გუგუშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი