Facebook Twitter

¹ას-728-1056-07 23 იანვარი, 2008წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. ფ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – კახეთის საოლქო პროკურატურა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განჩინება

დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით კახეთის საოლქო პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა, დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი ქურდული სამყაროს წევრის, გ. გ-ის ახალო ნათესავის ე. ფ-ის მფლობელობაში არსებული შემდეგი ქონება: კერძოდ, ქ. თელავში, ..... ქ.53-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, თელავის რაიონის სოფ. .... მდებარე საცხოვრებელი სახლი და ქ. თელავში ..... ქ. ¹64-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. მითითებული ქონება ჩამოერთვა ქურდული სამყაროს წევრს გ. გ-ის ახლო ნათესავ ე. ფ-ს და გადაეცა სახელმწიფოს.

თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ფ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, განესაზღვრა ვადა და განემარტა მისი შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ.

აღნიშნული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ე. ფ-სა და მის წარმომადგენელ ვ. თ-ეს. ვ. თ-ეს გზავნილი ჩაბარდა პირადად 2007 წლის 4 აპრილს, ხოლო ე. ფ-ს 2007 წლის 11 აპრილს. იმ საფუძვლით, რომ ვ. თ-ის მიერ უწყების ჩაბარებიდან გასული იყო განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა, სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 27 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ფ-მა და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარში მის წარმომადგენლად აღარ იყო მითითებული ვ. თ-ე, რომელთანაც, მართალია, რწმუნებულება გაფორმებული ჰქონდა სანოტარო წესით, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად, იგი აღარ იყო უფლებამოსილი პირი შეეტანა სააპელაციო საჩივარი და აღარც მხარის წარმომადგენელს წარმოადგენდა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლოს არ ეკისრებოდა ვალდებულება სასამართლო უწყება მისთვისაც ჩაებარებინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრით ე. ფ-მა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის განჩინებით ე. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარმოდგენილი «საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის» მიერ 2007 წლის 24 მაისს გაცემული ცნობის მიხედვით, ვ. თ-ე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში მას წარმომადგენლის უფლებამოსილება გააჩნდა.

2007 წლის 11 ივლისს ე. ფ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, რომ ვ. თ-ე არ იყო უფლებამოსილი პირი განეხორციელებინა საადვოკატო საქმიანობა სამოქალაქო საქმეებზე სააპელაციო და უზენაეს სასმართლოში. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე მან შეიტყო მას შემდეგ, რაც ვ. თ-ეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წერილობით განუმარტა, რომ პირს, რომელსაც გავლილი აქვს ტესტირება მხოლოდ სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, არა აქვს უფლება განახორციელოს საადვოკატო საქმიანობა სამოქალაქო წესით სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში. შესაბამისად, ე. ფ-მა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინებისა და შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის განჩინების ბათილად ცნობა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განჩინებით ე. ფ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძოO საჩივრით გაასაჩივრა ე. ფ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე და 423-ე მუხლების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინებისა და შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის განჩინების ბათილად ცნობა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ე. ფ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან გაჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთ საქმეებზე, რომელთა წარმოება დამთავრდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. ასეთ განჩინებებს განეკუთვნება განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (სსკ-ის 272-ე მუხლი) და განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ (სსკ-ის 275-ე მუხლი), ანუ განჩინებები, რომლითაც მთავრდება საქმის წარმოება. იგივე უნდა ითქვას სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებზე და განჩინებებზე, რომლითაც მთავრდება საქმის წარმოება.

ამდენად, ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების ობიექტი შეიძლება იყოს:

ა)პირველი ინსტანციის სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, აგრეთვე, განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტის თუ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ;

ბ)სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, აგრეთვე, განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტისა თუ სააპელაციო და საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სასამართლო ინსტანციების ყველა სხვა განჩინება არ შეიძლება იყოს საქმის განახლების მიზნით ბათილად ცნობის თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების ობიექტი, რადგან მათი მეშვეობით ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტა.

განსახილველ შემთხვევაში, ე. ფ-მა გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული განჩინება არ განეკუთვნება იმ განჩინებათა რიგს, რომლის ბათილად ცნობის თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით შესაძლებელია, ვინაიდან მოცემული განჩინებით დამთავრდა საქმის წარმოება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ე. ფ-ის განცხადება დასაშვებობის სხვა კრიტერიუმების შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ფ-ი კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განჩინება და ე. ფ-ის განცხადება დასაშვებობის სტადიიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.