საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-728-944-08 2 დეკემბერი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თემურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – კ. ქ-აძე, ვ. ფ-შვილი, დ. ხ-შვილი, ლ. ხ-შვილი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ მ. პ-აია
მოწინააღმდეგე მხარე –აშშ მსოფლიო მზრუნველობის განვითარების საქართველოს ფილიალი ,, ჭორდ ჩონცერნ Gეორგია” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება მოსარჩელე აშშ მსოფლიო მზრუნველობის განვითარების საქართველოს წარმომადგენლობას „წორლდ ცონცერნ გეორგიან“ და მოპასუხეებს ვ. ფ-შვილს, კ. ქ-აძეს, დ. ხ-შვილს, ლ. ხ-შვილს შორის, სესხის დაბრუნების თაობაზე და შეწყდა საქმის წარმოება.
განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აშშ მსოფლიო მზრუნველობის განვითარების საქართველოს ფილიალმა „წორლდ ცონცერნ გეორგიან“-მ და მოითხოვა მისი გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ აშშ მსოფლიო მზრუნველობის განვითარების საქართველოს ფილიალის წარმომადგენელს - კოტე ილაშვილს არ ჰქონდა უფლებამოსილება მარწმუნდებლის სახელით საქმის წარმოება მორიგებით დაემთავრებინა, მორიგების აქტზე ხელმოწერა არ შედიოდა მის უფლებამოსილებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის განჩინება.
2008 წლის 21 აპრილს კ. ქ-აძეს, ვ. ფ-შვილის, დ. ხ-შვილის, ლ. ხ-შვილის წარმომადგენელმა მ. პ-აიამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განჩინების გაუქმება, რომლითაც გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის განჩინება და კერძო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება: გარდა ამისა განმცხადებელთა წარმომადგენელმა მ. პ-აიამ მოითხოვა დასახელებული განჩინების ბათილად ცნობაც, ვინაიდან კ. ქ-აძე, ვ. ფ-შვილი, დ. ხ-შვილი, ლ. ხ-შვილი არ ყოფილა მოწვეული კერძო საჩივრის განხილვაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განჩინებებით განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ამავე სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა განცხადება გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება მოსარჩელე აშშ მსოფლიო მზრუნველობის განვითარების საქართველოს წარმომადგენლობას „წორლდ ცონცერნ გეორგიან“-ს და მოპასუხეებს ვ. ფ-შვილს, კ. ქ-აძეს, დ. ხ-შვილს, ლ. ხ-შვილს შორის, სესხის დაბრუნების თაობაზე და შეწყდა საქმის წარმოება.
დადგენილია, რომ აშშ მსოფლიო მზრუნველობის განვითარების საქართველოს წარმომადგენლობის „წორლდ ცონცერნ გეორგიან“-ს კერძო საჩივრის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განჩინებით გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 მაისის განჩინება მორიგების დამტკიცების შესახებ.
პალატამ განმარტა, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაიშვება კანონიერ ძალაში შესულ მხოლოდ იმ გადაწყვეტილებაზე ან განჩინებაზე, რომლითაც არსებითად დამთავრდა საქმის განხილვა. კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინებით საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა და არც დასრულებულა, სასამართლომ ამ შემთხვევაში გადაწყვიტა მხოლოდ და მხოლოდ პროცესუალური საკითხი და მას სარჩელის საფუძვლები არ შეუმოწმებია.
პალატამ ჩათვალა, რომ კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განჩინებით საქმის წარმოება დასრულდა, იყო უსაფუძვლო, ვინაიდან ის ფაქტი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ივლისის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება არ გულისხმობს საქმის წარმოების დამთავრებას.
აღნიშნული განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ. ქ-აძეს, ვ. ფ-შვილის, დ. ხ-შვილის, ლ. ხ-შვილის წარმომადგენელმა მ. პ-აიამ.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, არასწორია სსსკ 421.1 მუხლის განმარტება სააპელაციო სასამართლოს მიერ იმის თაობაზე, რომ საქმის წარმოების განახლება ხდება კანონიერ ძალაში შესულ მხოლოდ იმ განჩინებებზე და გადაწყვეტილებებზე, რომლითაც არსებითად დამთავრდა საქმის განხილვა. კასატორის აზრით ასეთ მითითებას ეს ნორმა არ შეიცავს.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით საქმის წარმოება მთავრდება არა მარტო მიკუთვნებით ან აღიარებითი ხასიათის სასარჩელო დავებზე არამედ, დავებზე მორიგების, საქმის წარმოების შეწყვეტის, შეჩერების, განუხილველად დატოვებისა და ა.შ. შესახებ, როგორც მხარეების ისე მესამე პირების განცხადების საფუძველზე, მათ შორის აღნიშნული ვრცელდება მორიგების გაუქმების თაობაზე მიღებულ კანონიერ ძალაში შესულ განჩინებასაც.
გარდა ამისა კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს კერძო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარეებისათვის უნდა გაეგზავნა საქმის მასალები და შეტყობინება ზეპირი მოსმენის გარეშე ჩასატარებლად სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივრებს და თვლის, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განჩინებებით კ. ქ-აძეს, ვ. ფ-შვილის, დ. ხ-შვილის, ლ. ხ-შვილის წარმომადგენლის მ. პ-აიას განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ამავე სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა კ. ქ-აძის, ვ. ფ-შვილის, დ. ხ-შვილის, ლ. ხ-შვილის წარმომადგენლის მ. პ-აიას განცხადება გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის Aშესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და თვლის, რომ ამ კონკრეტული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის წარმოების განახლება ხდება იმ კატეგორიის საქმეებზე, რომელთა მიმართაც სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით დამთავრებულია საქმის წარმოება. მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ივლისის განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, შესაბამისად არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების კანონით გათვალისწინებული წანამძღვრები.
ამასთან საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან აპელირება იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს კერძო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარეებისათვის უნდა გაეგზავნა საქმის მასალები და შეტყობინება ზეპირი მოსმენის გარეშე ჩასატარებლად სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ, არ წარმოადგენს განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს. მართალია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი განსაზღვრავს გადაწყვეტილების ბათილობის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში როდესაც ერთ-ერთი მხარე ან მისი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში, მაგრამ მოცემული შემთხვევა სცილდება დასახელებული მუხლის მოქმედების ფარგლებს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე მოქმედი კანონმდებლობით იყო დაშვებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი კ. ქ-აძეს, ვ. ფ-შვილის, დ. ხ-შვილის, ლ. ხ-შვილის წარმომადგენლის მ. პ-აიას განცხადებები და არ არსებობს კერძო საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. ქ-აძეს, ვ. ფ-შვილის, დ. ხ-შვილის, ლ. ხ-შვილის წარმომადგენლის მ. პ-აიას კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინებები;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.