Facebook Twitter

ას-729-1027-09 10 სექტემბერი 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ლ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ბ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. ბ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე მ. ლ-შვილს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 2006 წლის 6 სექტემბრით დათარიღებული ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 4000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში გადახდა; 2008 წლის 24 ივნისის სასესხო ხელშეკრულების შეწყვეტა; მ. ლ-შვილზე 2008 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში დაკირსება , ამასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დაკისრება 5% ის ოდენობით . ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ერთ წელზე.

მოპასუხემ სარჩელი ცნო 2008 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 10000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრებისა და სარგებლის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო 4000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით მოთხოვნასთან დაკავშირებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას აღნიშნული თანხა უკვე გადახდილი აქვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ლ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 06 ივნისის განჩინებით აპელანტ მ. ლ-შვილს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა საპროცესო ვადა (07 დღე) და დაევალა მოცემულ ვადაში სააპელაცო საჩივრის წარმოდგენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესების შესაბამისად.

სააპელაციო პალატის 2009 წლის 06 ივნისის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ, აპელანტს პირადად ჩაბარდა 2009 წლის 12 ივნისს.

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 13 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 19 ივნისს.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, აპელანტმა მ. ლ-შვილმა სასამართლოს მიერ განჩინებით დავალებული მოქმედება შეასრულა 2009 წლის 22 ივნისს, ანუ სასამართლოს მიერ საამისოდ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან მ. ლ-შვილის მიერ სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ლ-შვილმა

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას ხარვეზის შევსების თაობაზე განჩინება ჩაბარდა არა 2009 წლის 12 ივნისს, არამედ 14 ივნისს და სწორედ ამიტომ შეავსო ხარვეზი 22 ივნისს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საქმის მასალებს, და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 06 ივნისის განჩინებით მ. ლ-შვილს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა საპროცესო ვადა 7 დღე. აღნიშნული გაჩინება აპელანტს ჩაბარდა

2009წლის 12 ივნისს (ს.ფ.61) მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო პალატამ 2009 წლის 23 ივნისის განჩინებით მ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მ. ლ-შვილმა სასამართლოს მიერ განჩინებით დავალებული მოქმედება შეასრულა 2009 წლის 22 ივნისს,(ს.ფ.8) სასამართლოს მიერ საამისოდ დადგენილი ვადი გასვლის შემდეგ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ აპელანტის მხრიდან ხარვეზის დროულად შეუვსებლობა წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს, შესამაბისად სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 374-ე მუხლებით და მართებულად დატოვა მ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველი

ამასთან საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მას ხარვეზის შევსების თაობაზე განჩინება ჩაბარდა არა 2009 წლის 12 ივნისს, არამედ 14 ივნისს და სწორედ ამიტომ შეავსო ხარვეზი 22 ივნისს, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102 მუხლის თანახმად მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განჩინების გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღ.ლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ლ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის განჩინება

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.