¹ას-730-1100-06 26 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს “ .. .. ..” აქციონერი გ. დ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ .. .. ..” (მოპასუხე)
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსახილველად მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. დ-მა, როგორც სს „ .. .. ..“ აქციონერმა, 2006 წლის 11 სექტემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. მან საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითა ის, რომ გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მისი სარჩელი და 1999 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ .. .. ..“-ის ხელმძღვანელობას მის სასარგებლოდ დაეკისრა 6551 აშშ დოლარის და 80 ვაუჩერის ღირებულების აქციის ფლობის სერტიფიკატის გაცემა. თბილისის საოლქო სასამართლოს სხდომაზე მხარის მიერ წარმოდგენილი წესდებისა და აქციების განაწილების რეესტრის საფუძველზე, საოლქო სასამართლომ 1999 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მას დაუტოვა 421 აშშ დოლარის ღირებულების აქციის ფლობის სერტიფიკატის მიღების უფლება. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მისი განცხადება განიხილა თბილისის საოლქო სასამართლომ და 2001 წლის 20 თებერვლის განჩინებით არ დააკმაყოფილა იგი. ამავე დროს საოლქო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ საქმის წარმოების განახლება შესაძლებელი იქნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. გ. დ-მა 2001 წლის 15 მარტს მიმართა გარდაბნის რაიონის პროკურატურას, მხარის მიერ საქმეში წარდგენილი ყალბი დოკუმენტების შესახებ, რის გამოც ... ოლქის პროკურატურის 2002 წლის 17 ივლისის დადგენილებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სიყალბის ფაქტზე და იგი ცნობილ იქნა დაზარალებულად. განმცხადებლის მითითებით, რუსთავის რაიონული პროკურატურის 2006 წლის 21 ივნისის დადგენილებით დადგენილი იქნა, რომ სს საზოგადოების ხელმძღვანელი პირების მიერ ყალბი წესდებისა და აქციების ყალბი განაწილების რეესტრით მითვისებული - გაფლანგული იქნა გ. დ-ის კუთვნილი 6551 აშშ დოლარის და 80 ვაუჩერის ღირებულების შესაბამისი აქციები, კერძოდ: გ. დ-ს ჩამოერთვა აქციის შესაბამისი ქონების ფლობის უფლება და დარჩა მხოლოდ 421 აქციის შესაბამისი ქონების ფლობის უფლება. იმავე დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის მიზეზით. მან გაასაჩივრა ზემოაღნიშნული დადგენილება და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 სექტემბრის დადგენილებით ძალაში დარჩა რუსთავის რაიონის პროკურორის 2006 წლის 21 ივნისის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება. ყოველივე ზემოაღნიშნული, განმცხადებლის მოსაზრებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სს “ .. .. ..” აქციონერის გ. დ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მეოთხე ნაწილი და მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 31 მარტის განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება, ამიტომ განმცხადებელს უფლება ჰქონდა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე შეეტანა 2000 წლის 31 მარტიდან ხუთი წლის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში კი გ. დ-მა ასეთი განცხადება შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2006 წლის 11 სექტემბერს, ანუ კანონით გათვალისწინებული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რომლის გაგრძელებაც დაუშვებელია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „ .. .. ..“ აქციონერმა გ. დ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლად მიიჩნია სააქციო საზოგადოების მისთვის უცნობი წესდება და 1999 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება, რის გამოც ჩამოერთვა მის მიერ 6551 აშშ დოლარის ექვივალენტით და 80 ვაუჩერით გამოსყიდული აქციების ფლობის უფლება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მან სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოიპოვა საზოგადოების 1996 წლის 19 აგვისტოს კრების მიერ მიღებული და ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის მიერ დამტკიცებული წესდება; რის გამოც საქმის წარმოების განახლების მიზნით 2000 წლის 8 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა ნოტარიულად დამოწმებული 13 გვერდიანი წესდება, რომელიც იდენტური იყო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის მიერ დამტკიცებული წესდებისა და შინაარსით განსხვავებოდა იმ წესდებისაგან, რომელსაც ეყრდნობოდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება; იგი ამით ადასტურებდა, რომ მოპასუხის მიერ საქმეში წარდგენილი წესდება იყო ყალბი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 13 სექტემბრის განჩინებით მისი განცხადება განსახილველად გადაეგზავნა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული წესდებები მიიჩნია არასაკმარის მტკიცებულებად და 2001 წლის 20 თებერვლის განჩინებით, საქმის წარმოების განახლების შესახებ მისი განცხადება არ დააკმაყოფილა. ამავე დროს სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ საქმის წარმოების განახლება დასაშვებად ჩაითვლებოდა, თუ საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წარმოდგენილი იქნებოდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ან სისხლის სამართლის პროცესის ჩატარების რაიმე დოკუმენტი.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მან თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 20 თებერვლის განჩინების მითითების შესაბამისად მიმართა გარდაბნის რაიონის პროკურატურას 2001 წლის 15 მარტს იმ წესდების სიყალბის დადგენის თაობაზე, რომელსაც ეყრდნობოდა თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ახლად აღმოჩენილი გარემოებების უტყუარობის დასაბუთების მიზნით საქმის წარმოების უწყვეტი პროცესი გაგრძელდა სისხლის სამართალწარმოებით. გ. დ-ის მოსაზრებით, მის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ... რაიონული პროკურორის 2006 წლის 21 ივნისის დადგენილება ადასტურებს 2000 წლის ივლისში აღმოჩენილი ახალი გარემოებების საფუძვლიანობას და იგი არ წარმოადგენს 2006 წლის 21 ივნისისათვის სხვა ახალი გარემოების დამდგენ დოკუმენტს.
კერძო საჩივრის ავტორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან ... რაიონული პროკურორის 2006 წლის 21 ივნისის დადგენილებით დადასტურებული ყალბი წესდების თაობაზე მიუთითა ჯერ კიდევ 2000 წლის 8 აგვისტოს შეტანილ განცხდებაში, ე.ი. ახალი გარემოება წინასწარ ცნობილი იყო სასამართლოსათვის, ვინაიდან მისი საქმის წარმოების განახლების შესახებ 2006 წლის 11 სექტემბრის და 2000 წლის 8 აგვისტოს განცხადება ეხება ახლად აღმოჩენილ ერთი და იგივე გარემოებას, ამიტომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2000 წლის 8 აგვისტოს სასამართლოში განცხადების შეტანის თარიღი. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ იგი არის დაზარალებული და სისხლის სამართლის საქმის წარმოება გახანგრძლივდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ სს “ .. .. ..” აქციონერი გ. დ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “ .. .. ..” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს “ .. .. ..” მიერ გ. დ-ზე გაიცა 421 აქციის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო სარჩელის დანარჩენ მოთხოვნაზე გ. დ-ს ეთქვა უარი (ს.ფ. 3-5); ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 31 მარტის განჩინებით.
დადგენილია, რომ გ. დ-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2006 წლის 11 სექტემბერს (ს.ფ. 1-2), ანუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ... რაიონის პროკურორის 2006 წლის 21 ივნისის დადგენილებით დადასტურებული ყალბი წესდების არსებობაზე მიუთითა ჯერ კიდევ საქმის წარმოების განახლების შესახებ 2000 წლის 8 აგვისტოს შეტანილ განცხადებაში სწორედ ეს თარიღი უნდა იქნეს მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის თარიღად. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 20 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (ს.ფ. 47). საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მეოთხე ნაწილი. ამ ნორმის თანახმად გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრული ხუთწლიანი ვადა კანონის იმპერატიული მოთხოვნაა და მისი აღდგენა დაუშვებელია. ეს ვადა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, არის ის მაქსიმალური ვადა, რომლის გასვლის შემდეგ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლების არსებობის მიუხედავად აღარ შეიძლება საქმის წარმოების განახლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და გ. დ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ .. .. ..” აქციონერი გ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.