Facebook Twitter

ას-731-1101-06 15 მარტი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ... გამგეობა

დავის საგანი – უმკვიდრო ქონების სახელმწიფო ფონდში ჩარიცხვა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

... გამგეობამ სარჩელი აღძრა სასამართლოში თბილისის ნოტარიუს ი. ნ-ისა და მესამე პირის, ი. ბ-ს მიმართ უმკვიდრო ქონების სახელმწიფო ფონდში ჩარიცხვის თაობაზე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1988 წლის 20 ივლისს ოქტომბრის რაისაბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი ჩაირიცხა სახელმწიფო ფონდში. აღნიშნული ბინა უნდა ჩარიცხულიყო კომუნალურ საბინაო ფონდში, რაც ვერ განხორციელდა.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ა. ს-ი 1921 წლის რევოლუციის შემდეგ საცხოვრებლად წავიდა ირანში, სადაც იგი გარდაიცვალა. ოქტომბრის რაისაბჭოს აღმასკომმა გამოაქვეყნა განცხადება ა. ს-ის სამკვიდრო ქონების მიღების შესახებ, რასაც არცერთი მემკვიდრე არ გამოხმაურებია. მოსარჩელემ მოითხოვა სადავო სახლის ლიტერ “ა” ¹4 ნაგებობის, 22,09კვ.მ ¹5, 14,56კვ.მ ¹6 და 11,34კვ.მ ოთახების ჩარიცხვა სახელმწიფო საბინაო ფონდში.

მესამე პირმა ი. ბ-მ დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადება შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა უმკვიდროდ ცნობილი ქონების საკუთრების უფლებით მისთვის გადაცემა. მისი განმარტებით, 1967 წელს მისმა ბებიამ და დედამ სადავო ბინა შეიძინეს ხ. ს-საგან. 1992 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ... გამგეობამ თანხმობა მისცა დედამისს სახლის მთლიანად დანგრევასა და ახლის აშენებაზე, პირველი სართული ამ გადაწყვეტილებით ჩამოწერილ იქნა და გაუქმდა სახლთმფლობელობა. ი. ბ-მ მოითხოვა სახლთმფლობელობის პირველი სართულის საკუთრებაში გადაცემა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ... გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. ს-ის სახელზე რიცხული უმკვიდრო ქონება ჩაირიცხა სახელმწიფო საბინაო ფონდში. ი. ბ-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი. ბ-მ.

2006 წლის 10 მაისს გ. ი-მა განცხადება შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით საქმეში ჩაბმა (სფ. 127).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის განჩინებით გ. ი-ს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე (სფ. 174).

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ი-ის წარმომადგენელმა რ. პ-მ.

მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ ჩააბა იგი საქმეში მესამე პირად. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ დაინტერესებულ პირს შეუძლია აღძრას სარჩელი მხარეთა პაექრობის დამთავრებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებებით კი პაექრობა საერთოდ ამოღებულია, ასევე დაუშვებელია შეგებებული სარჩელის აღძვრა სააპელაციო სასამართლოში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება ყოფილიყო სამოქალაქო პროცესში შესული ცვლილება, რადგან მის მიერ შეტანილია არა შეგებებული სარჩელი, არამედ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ გ. ი-ის წარმომადგენელ რ. პ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2006 წლის 10 მაისს გ. ი-ის წარმომადგენელმა კ. მ-მ განცხადება შეიტანა სასამართლოში მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის განჩინებით კი დაუშვებლად იქნა განცხადება მიჩნეული იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოში პროცესის სტადიიდან ამოღებულია პაექრობის ეტაპი, ასევე სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია როგორც შეგებებული სარჩელის, ასევე დამოუკიდებელი სარჩელის შეტანა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მესამე პირის სარჩელი დამოუკიდებელი მოთხოვნით არის სარჩელი, რომლის აღძვრაც სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. მესამე პირის სარჩელი დამოუკიდებელი მოთხოვნით შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. ი-ის წარმომადგენელ რ. პ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 სექტემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.