Facebook Twitter

№41-18 21 თებერვალი, 2018 წელი

გ. ა-ლ 41-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ვლადიმერ თურმანიძის

ადვოკატ - ნ. ბ-ის

მსჯავრდებულ - ა. გ-ის

მონაწილეობით განიხილა ადვოკატ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ა. გ., – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) - უვადო თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა) – უვადო თავისუფლების აღკვეთა. ა. გ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 20 ივნისიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 3 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, მსჯავრდებული ა. გ. გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა და განაჩენი სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად. განაჩენი დანარჩენ ნაწილშიც დარჩა უცვლელად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. გ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივარში მოითხოვა, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის სწორად გავრცელების შემთხვევაში სასამართლოს იგი უნდა გაეთავისუფლებინა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისგანაც და აღედგინა ჩამორთმეული უფლებები; წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სასამართლო რეალურად ვერ ამცირებდა უვადო თავისუფლების აღკვეთას, მაშინ ეს სასჯელი უნდა შეეცვალა ან 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით – 20 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან 25 წლით თავისუფლების აღკვეთით (რომლის მოხდის შემდეგ შესაძლებელია უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლება) და ამის შემდეგ შეემცირებინა დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

2018 წლის 16 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა პენიტენციური დეპარტამენტის N- დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის - ა. გ-ის განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელება.

განცხადების მიხედვით, ა. გ. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გაასამართლა 2008 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით და სასჯელის სახედ განუსაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბერს მიღებულ იქნა კანონი „ამნისტიის შესახებ“, რომელიც გავრცელდა ყველა მსჯავრდებულზე, გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულებისა. 2017 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სასჯელისაგან გათავისუფლების თარიღად განესაზღვრა 2023 წლის 20 ივნისი. შესაბამისად, მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის კანონის მოქმედებამ ასახვა უნდა ჰპოვოს მის მიმართ დანიშნულ სასჯელზე და შემცირდეს ერთი მეოთხედით.

აღნიშნულ განცხადებას ერთვის საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 27 დეკემბრის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, შეწყალებულ იქნა ა. გ. და იგი უნდა გათავისუფლდეს საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან 2023 წლის 20 ივნისს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. გ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.

2018 წლის 16 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შემოვიდა მსჯავრდებულ ა. გ-ის ადვოკატის, ნ. ბ-ის საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინების გაუქმებასა და მსჯავრდებულ ა. გ-ისთვის სასჯელის შემცირებას ერთი მეოთხედით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, იმ საფუძვლით, რომ ამჟამად ა. გ-ეს დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა პრეზიდენტის 2017 წლის 27 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ კანონიერად არ გაავრცელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი მსჯავრდებულ ა. გ-ის მიმართ, რადგან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულზე ამ კანონის პირველი−21-ე მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში მიაწვდის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულება, პრობაციის ბიურო ან სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, ხოლო ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა.

შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მსჯელობას, რომ მსჯავრდებული არაა უფლებამოსილი სუბიექტი, მიმართოს სასამართლოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე და სასამართლო არაა უფლებამოსილი, გამოითხოვოს მსჯავრდებულის პირადი საქმე ამნისტიის კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, ეს ღონისძიება არის ერთჯერადი აქტი. კერძოდ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესავალში აღნიშნულია, რომ ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენული სიტუაციის კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტი ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით აცხადებს ამნისტიას.

რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, რომ ამჟამად ა. გ-ეს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე დანიშნული აქვს ვადიანი სასჯელი, რაც ითვალისწინებს ამნისტიის მასზე გავრცელების შესაძლებლობას, საკასაციო პალატა მიუთითებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მსჯელობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 27 დეკემბრის განკარგულებით, ა. გ. გათავისუფლდება საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან 2023 წლის 20 ივნისს. აღნიშნული აქტით ა. გ-ის მიმართ არ განხორციელებულა სასჯელის განსაზღვრა ან დანიშვნა, არამედ იგი უნდა გათავისუფლდეს განაჩენით უკვე დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან კონკრეტული თარიღის დადგომისას.

ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განმარტებას, რომ ა. გ-ის გათავისუფლება დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან 2023 წლის 20 ივნისს - არ ნიშნავს მისთვის ახალი სასჯელის განსაზღვრას, შესაბამისად, მის მიმართ ხელახლა ვერ იქნება გამოყენებული ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამნისტიის კანონის მოქმედება.

პრეზიდენტის განკარგულებით ა. გ-ეს არ შეცვლია სასჯელის სახე და ზომა; პრეზიდენტმა გამოხატა ნება უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ ა. გ-ის 2023 წლის 20 ივნისს გათავისუფლების თაობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ხოლო, საქართველოს სსსკ-ის მე-6 მუხლის მეორე ნაწილით, პირის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის შეფარდება მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამის მუხლებზე, რომლებითაც განსაზღვრულია სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვის შემთხვევები. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 721-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი, სასამართლო უფლებამოსილია, იგი პირობით გაათავისუფლოს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამოსაცდელი ვადით. ხოლო, საქართველოს სსსკ-ის 2851 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით გაათავისუფლოს მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და რომელმაც ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი.

ასევე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ვენეციის კომისიის 2013 წლის დასკვნაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონზე, სადაც აღნიშნულია, რომ სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან ამნისტიის, შეწყალებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების განხორციელება სამართლებრივად მიიჩნევა ევროპის ქვეყნების კანონმდებლობაში და პირდაპირ აღნიშნულია ზოგიერთ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტში. კერძოდ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაში წევრ სახელმწიფოთა მიმართ (2010)12 მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ განსაზღვრულია, რომ ამნისტიის, შეწყალების ან მსგავსი ღონისძიებების გარდა, აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებებმა არ უნდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალას უკარგავენ სასამართლო გადაწყვეტილებებს. წინამდებარე რეკომენდაციის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა შესაძლებელია მხოლოდ ზემდგომი ინსტანციის მიერ ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დროს საქმის ხელახლა განხილვის პროცესში. სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა, აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, დაუშვებელია. თუმცა, ეს დანაწესი არ ართმევს კანონმდებელს უფლებამოსილებას - შეცვალოს არსებული კანონმდებლობა ან მიიღოს ახალი ნორმატიული აქტები, რომლებიც შემდეგ სასამართლომ უნდა გამოიყენოს. აღმასრულებელმა ან საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოებმა არ უნდა გააუქმონ სასამართლო გადაწყვეტილებები კონკრეტულ ინდივიდუალურ საქმეებზე. თუმცა, არსებობს გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად, ამნისტიის, შეწყალების, კომპენსაციის გადახდა პასუხისმგებლობის აღიარების გარეშე ან სხვა მსგავსი ღონისძიებების განხორციელება. ასეთი გამონაკლისი შემთხვევები ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობს და მისი გამართლება მაღალ ჰუმანურ პრინციპებში გამოიხატება.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს გაეროს 1985 წლის ძირითად პრინციპებზე სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, რომლის პირველი პრინციპის მიხედვით, სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ და დაცული ქვეყნის კონსტიტუციით ან კანონით. ყველა სამთავრობო და სხვა დაწესებულებათა მოვალეობაა, პატივი სცენ სასამართლოს დამოუკიდებლობას. ამასთან, მეოთხე პრინციპი ადგენს, რომ არ უნდა ხორციელდებოდეს შეუსაბამო ან უკანონო ჩარევა სასამართლო პროცესში, ასევე სასამართლოების მიერ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები არ უნდა დაექვემდებაროს გადასინჯვას. ეს პრინციპი არ ზღუდავს სასამართლო ზედამხედველობას ან სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელების კომპეტენტურ ხელისუფალთა მიერ, კანონის შესაბამისად, შემსუბუქებას ან შეცვლას. აღნიშნულ პრინციპებთან დაკავშირებით, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა განმარტა, რომ სახელისუფლებო ორგანოებმა ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის სიფრთხილით უნდა განახორციელონ ასეთი ღონისძიებების მიღება, რათა ასეთმა ზომებმა (შეწყალება, ამნისტია და სხვა მსგავსი ღონისძიებები) არ დააკნინონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლად განხორციელების უნარი, რომელმაც, თავის მხრივ, შესაძლოა გავლენა იქონიოს კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების ჭეშმარიტ პატივისცემაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ანალოგიურ შემთხვევებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (საქმე N10აგ-14; საქმე N67აგ-16).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ადვოკატ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი