ას-7-346-09 26 თებერვალი 2009წ.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
Mმ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი_ დ. ფ-იანი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _მ. ს-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება—ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
დავის საგანი _ხელშეშლის აღკვეთა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ფ-იანის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დ. ფ-იანმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 03 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამავე პალატის 2009 წლის 19 დეკემბრის განჩინებით გასწორდა 2009 წლი 3 დეკმბრის განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უზუსტობა და ნაცვლად მოასამართლე თ. ა-ძისა მიეთითა მოსამართლე ს. ჩ-ძე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასააჩივრა დ. ფ-იანმა.
კერძო სააჩივრის ავტორის განმარტებით იგი კატეგორიულად არ იზიარებს იმ აზრს, რომ საპროცესო კოდექსის ნორმაში მითითებულ ტერმინ „უსწორობაში“ იგულისხმებოდეს ერთი მოსამართლის მეორე მოსამართლით შეცვლა. ნორმის განმარტებაში ნათქვამი „დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრს და შინაარს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, მამის სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია – მისი სახელწოდების აღნიშვნა ისე, როგორც ეს ამ იურიდიულიდ პირის წესდებაშია და ა.შ.“
კერძოს საჩივრის ავტორის აზრით მოცემულ შემთხვევაში ადილი აქვს არა შესწორებასა და დაზუსტებას, არამედ იმ გარემოების გაქარწყდება-მიჩქმალვასთან, რაც თანახმად სსკ-ის 394-ე მუხლის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა, აბსოლუტური საფუძველია გადაწყვეტილების გაუქმებისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს და საქმის მასალებს და მიიჩნია რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 დეკემბრის განჩინებით გასწორდა 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უზუსტობა და ნაცვლად მოსამართლე თ. ა-ძისა მიეთითა მოსამართლე ს. ჩ-ძე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალები სრულიად ცხადყოფს (2009 წლის 3 დეკემბრის სასამარათლო სხდომის ოქმი) მოცემულ საქმეზე მოსამართლე ს. ჩ-ძის მონაწილეობას, ამდენად სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 დეკმბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორებით არ მომხდარა განჩინების შინაარსისა და აზრის შეცვლა, შესაბამისად სააპელაციო პალატის მიერ არ დარღვეულა ზემოთმითითებული საპროცესო ნორმით დადგენილი დანაწესი. ამდენად კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ფ-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.