ას-735-1033-09 3 აგვისტო, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ფ. ი-ოვი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ფ. ა-ოვი
მოსარჩელე _ ი. ი-ოვი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 15 მაისს მარნეულის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ფ. და ი. ი-ოვებმა მოპასუხეს ფ. ა-ოვის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მათი მამა, ფ. ი-ოვი გარდაიცვალა 2001 წელს. მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელეების დედას _ ნ. ი-ოვას ა. გ-ევის სასარგებლოდ დაეკისრა ფ. ი-ოვის მიერ აღებული ვალის დარჩენილი ნაწილის, 8599 აშშ დოლარის გადახდა. მარნეულის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ი-ოვა ცნობილ იქნა გარდაცვლილი მეუღლის სახელზე რიცხული, მარნეულს რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე სახლის ფაქტიურ მფლობელად. ამავე გადაწყვეტილებით საცხოვრებელი სახლი გაიყიდა იძულებით აუქციონზე 2003 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილი სესხის _ 8500 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით. 2005 წლის 19 ოქტომბრის სასამართლო აღმასრულებლის განკარგულებით, ქონება შეიძინა ი. გ-ევმა 1800 ლარად და საჯარო რეესტრის ჩანაწერის თანახმად, ეს ქონება დარეგისტრირდა ი. გ-ევის სახელზე.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ისინი იყვნენ ფ. ი-ოვის მემკვიდრეები, რომლებიც ფაქტობრივად ფლობდნენ ამ ქონებას, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით მხოლოდ ნ. ი-ოვა იქნა ცნობილი ფაქტობრივ მფლობელად, ვინაიდან მოპასუხის მიერ გაცემული იქნა ყალბი ცნობა, რომელშიც ქონების მფლობელად მხოლოდ ნ. ი-ოვაა აღნიშნული. დოკუმენტის სიყალბე დადგენილია მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 აპრილის განაჩენით. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ მოპასუხის მიერ ყალბი ცნობის გაცემით მათ მიადგათ ზიანი, ვინაიდან მამის ვალის დასაფარავად განიკარგა ქონება, რომელიც მათ თანასაკუთრებას წარმოადგენდა (ტ.1, ს.ფ. 2-12).
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ფ. და ა. ი-ოვების სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლსაწინაღმდეგო ქმედებას, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, სამსახურებრივ სიყალბეს, თუმცა მოსარჩელის მიერ მითითებული ქონების განკარგვა მოხდა მოსარჩელეების მამკვიდრებლის ვალის დასაფარავად, რაც მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად მოსარჩელეთა ვალდებულებას წარმოადგენდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად მოსარჩელეები წარმოადგენენ ფ. ი-ოვის პირველი რიგის მემკვიდრეებს ნ. ი-ოვასთან ერთად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო ქონება მოიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომლებიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ მემკვიდრეები ვალდებულნი იყვნენ, დაეკმაყოფილებინათ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები. აქედან გამომდინარე, ფ. ა-ოვის მიერ ცნობის გაუცემლობის შემთხვევაშიც მოსარჩელეებს დაეკისრებოდათ სამკვიდრო ქონებიდან მამკვიდრებლის ვალების დაფარვა. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ ცნობის გაცემას არ გამოუწვევია ზიანი (ტ.1, ს.ფ. 99-100).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ფ. და ი. ი-ოვებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს. აპელანტების აზრით მოპასუხის მიერ დაცემული ყალბი ცნობით მათ მიადგათ ზიანი, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გაითვალისწინებდა მათ უფლებას საცხოვრებელ სახლზე და არ მოხდებოდა კუთვნილი წილის აუქციონზე გასხვისება (ტ.1, ს.ფ. 105-114).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინებით ი. ი-ოვის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად (ტ.2, ს.ფ. 3-4).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინებით ფ. ი-ოვის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელეებს გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართზე. აღნიშნული გზავნილი ფ. ი-ოვს ჩაბარდა 2009 წლის 10 მარტს, რაც დასტურდება საქმეში არსებული შეტყობინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება დადგენილი წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის _ ფ. ი-ოვისათვის ჩაბარების მომდევნო დღიდან, კერძოდ, 2009 წლის 11 მარტიდან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ამოიწურა 2009 წლის 25 მარტს. ამდენად, ფ. ი-ოვს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა ჰქონდა 2009 წლის 24 მარტის ჩათვლით. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილი იყო, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ (ტ.2, ს.ფ. 5-7).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის განჩინება მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ფ. ი-ოვმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება ჩაჰბრდა მისი ძმის მეუღლეს _ ე. ი-ოვას, რადგან იგი არ იმყოფებოდა საქართველოში 2009 წლის 28 თებერვლიდან 2009 წლის 3 მაისამდე. აღნიშნული დასტურდება მისი საზღვარგარეთის პასპორტით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვით (ტ.2, ს.ფ. 24).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრისა და საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. ი-ოვის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინება უცვლელად დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება ფ. და ი. ი-ოვებს გაეგზავნათ 6 მარტს. საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ გზავნილი ფ. ი-ოვს ჩაჰბარდა 2009 წლის 10 მარტს (ტ.1, ს.ფ. 104), ხოლო სააპელაციო საჩივარი ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ფ. და ი. ი-ოვებმა 2009 წლის 30 მარტს შეიტანეს (ტ.2, ს.ფ. 105-114).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლის მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 11 მარტიდან და ამოიწურა 24 მარტს, სააპელაციო საჩივარი კი აღნიშნული ვადის დარღვევით არის წარდგენილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის შესახებ, რომ ვადა გაშვებულად არ უნდა ჩაითვალოს, რამდენადაც გზავნილი ჩაბარებული აქვს მისი ძმის ცოლს, თავად კი არ იმყოფებოდა საქართველოში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ამ შემთხვევაში გზავნილის ჩაბარება ოჯახის წევრისათვის ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად. ამასთან, ფ. ი-ოვი მიუთითებს, რომ იგი ფიზიკურად არ იმყოფებოდა საქართველოში 2009 წლის 28 თებერვლიდან 3 მაისამდე, რის გამოც გზავნილს ვერ ჩაიბარებდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი მის მიერ სწორედ აღნიშნული პერიოდის შუალედში _ 2009 წლის 30 მარტს არის შეტანილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ. ი-ოვმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი ვადა, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფ. ი-ოვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.