Facebook Twitter

ას-737-1035-09 16 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ბ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ჟ-ენტი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ჟ-ენტის სარჩელი 2008 წლის 24 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი 230 000 აშშ დოლარის შესაბამისი თანხის ეროვნულ ვალუტაში გადახდისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზ. ბ-ძემ.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის პირველი მაისის განჩინებით ზ. ბ-ძის საჩივარი ამავე სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-ძემ, მოითხოვა როგორც ქობულეთის რაიონული სასამართლოს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2009 წლის პირველი მაისის განჩინების, ასევე ამავე სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივნისის განჩინებით ზ. ბ-ძეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსება, კერძოდ, 5000 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის განჩინებით ზ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ბ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად და სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ოდენობით გადახდილი ქვითრის წარმოსადგენად არაგონივრული ვადა განუსაზღვრა, ვინაიდან არ გაითვალისწინა მის მიერ შესასრულებელი მოქმედების სირთულე, კერძოდ, გადასახდელი თანხის ოდენობა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი, ვინაიდან განჩინებაში არ მიუთითა, თუ რომელი მდივნის მონაწილეობით იქნა მიღებული გასაჩივრებული განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ზ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი ზ. ბ-ძეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, 2009 წლის 5 ივნისს (ს.ფ.63), შესაბამისად, განჩინების შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2009 წლის 15 ივნისი. ზ. ბ-ძემ ხარვეზი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ გამოასწორა და არც რაიმე შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არაგონივრილად განუსაზღვრა ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან არ გაითვალისწინა მის მიერ შესასრულებელი მოქმედების სირთულე, კერძოდ გადასახდელი თანხის ოდენობა, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მას არც სააპელაციო საჩივარში და არც შემდგომ მისი ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე რაიმე დოკუმენტი არ წარმოუდგენია და აღნიშნულთან დაკავშირებით არც სასამართლოს წინაშე უშუამდგომლია.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი, ვინაიდან განჩინებაში არ მიუთითა, თუ რომელი მდივნის მონაწილეობით იქნა მიღებული გასაჩივრებული განჩინება.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხიველად დატვების შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ეს განჩინება შეიძლება მიღებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს, მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შეეძლო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება მიეღო მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი განხილვის გარეშე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები..

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.