Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-737-953-08 27 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ნ-ოვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ბ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – განქორწინება, ქონების გაყოფა, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ნ-ოვის მიმართ მოპასუხესთან განქორწინების, ქ. თბილისში, .-ის მე-3 მკ/რ-ის პირველ კვარტალში მდებარე 35 ბინის 1/2-ის მიკუთვნებისა და არასრულოწლოვანი შვილების _ ს. და ა. ნ.-ების სარჩენად ალიმენტის სახით 100-100 ლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2000 წლის 26 თებერვლიდან მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ ორი შვილი _ ს. და ა. ნ.-ები. დაძაბული ურთიერთობის გამო მხარეებს შორის ფაქტობრივად ქორწინება შეწყდა. ა. ნ-ოვი აიძულებს მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილებთან ერთად დატოვოს თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ბინა და საცხოვრებლად დაბრუნდეს მშობლებთან. მოპასუხე მუშაობს რესტორან ,,თ.-ში” და მისი ყოველთვიური შემოსავალი 500-600 ლარს შეადგენს.

ა. ნ-ოვმა სარჩელი განქორწინების ნაწილში ცნო, ხოლო თანამესაკუთრედ ცნობისა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. ბ-შვილსა და ა. ნ-ოვს შორის 2000 წლის 26 თებერვალს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თბილისის ¹1 სპეციალიზირებული განყოფილების მიერ სააქტო ჩანაწერით ¹მნ ... რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, ნ. ბ-შვილი ცნობილ იქნა ა. ნ-ოვის სახელზე რიცხული სადავო უძრავი ქონების 1/2-ის თანამესაკუთრედ, მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა მისი არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად თოთოეულის სასარგებლოდ 50 ლარის ოდენობით 2007 წლის 8 ნოემბრიდან მათ სრულწლოვანებამდე, ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის _ 150 ლარისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა, ა.ნ.-ს ასევე დაეკისრა განქორწინების მოწმობის გაცემის ბაჟი 45 ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ნ-ოვმა, მოითხოვა დაკისრებული 7 თვის ალიმენტის განაწილვადება მომდევნო თვეებზე, ხოლო სახელმწიფო ბაჟის _ 200 ლარის დაკისრებისა და განქორწინების მოწმობის მისაღებად დადგენილი ბაჟის _ 45 ლარის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ ა. ნ-ოვი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო განქორწინების მოწმობის გაცემისათვის დადგენილი ბაჟის მისთვის დაკისრება მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ უთხოვია, რის გამოც სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ივლისის განჩინებით ა. ნ-ოვის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-374-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას დაადგინა, რომ ა. ნ-ოვის მოთხოვნას წარმოადგენდა გადაუხდელი ალიმენტის _ 700 ლარის 18 თვეზე განაწილება ძირითად თანხასთან ერთად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება და განქორწინების მოწმობის გასაცემი სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ალიმენტის _ 700 ლარის გადახდის განაწილვადების საკითხი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს არა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, არამედ განცხადებას გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე, რაც განხილულ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ღირებულებაა 245 ლარი, საიდანაც 200 ლარი სახელმწიფო ბაჟია, ხოლო 45 ლარი _ განქორწინების მოწმობის გადასახადი. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით და ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მისთვის სახელმწიფო ბაჟისა და განქორწინების მოწმობის მისაღებად დაწესებული ბაჟის დაკისრების ნაწილში ა. ნ-ოვმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: საქალაქო სასამართლომ აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისას არ გაითვალისწინა, რომ ა. ნ-ოვი დროებით უმუშევარია, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და 2007 წლის აგვისტოდან იღებს ფულად დახმარებას. ამდენად, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ” პუნქტის საფუძველზე, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესაწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ნ-ოვის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება ქონებრივ-სამართლებრივ დავაში უნდა იყოს 1000 ლარზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენს 245 ლარს, რასაც თავად კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს. აღნიშნული ოდენობა კანონით დადგენილ ზღვრულ 1000 ლარს არ აღემატება, რის გამოც ა. ნ-ოვის სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა ცნობილი დაუშვებლად.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ იგი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ბაზაშია გაწევრიანებული, საიდანაც იღებს შემწეობას და, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ1” ქვეუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პირობებში მხარის ზემოხსენებული მოთხოვნის კანონიერებაზე ვერ იმსჯელებს, რადგან დასახელებული გარემოება წარმოადგენდა ა.ნ.-ის სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ საფუძველს და მხოლოდ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემთხვევაში აღნიშნული გახდებოდა სააპელაციო და არა საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ნ-ოვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.