Facebook Twitter

ას-738-1036-09 14 სექტემბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ფ-ძეE (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ მ. შ-ური

მოწინააღმდეგე მხარე _ ს. პ-ულო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. პ-ულომ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ფ-ძის მიმართ წალკის რაიონის სოფელ ბეშთაშენში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის მ.ფ-ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ვ.პ-ულოსათვის გადაცემის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: წალკის რაიონის სოფელ ბეშთაშენში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და ორსართულიანი საცხოვრებელი შენობა ეკუთვნის ვ. პ-ულოს. მოპასუხემ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიკავა უძრავი ნივთი და თავისი ნებით არ ათავისუფლებს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ვ. პ-ულომ კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის უფლებამოსილებით აღმჭურველი მინდობილობა გასცა ბეჟან ბ-ძის სახელზე, რა დროსაც მოსარჩელემ და ნოტარიუსმა დაარწმუნეს ბ.ბ-ძე, რომ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე იგი ხდებოდა სადავო სახლის მესაკუთრე. მოპასუხემ სადავო უძრავი ქონება ამავე წესით შეიძინა ბ.ბ-ძისაგან და გადაიხადა სათანადო საფასური. ნოტარიუსმა ი.კ-იდმა ისინი კვლავ შეცდომაში შეიყვანა და დაარწმუნა, რომ საკუთრების უფლება, მინდობილობის თანახმად, გადავიდა მ.ფ-ძეზე. აღსანიშნავია, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ მოსარჩელე საჯარო რეესტრში აღირიცხა 2007 წლის ბოლოს, ამდენად, ბ.ბ-ძესთან ხელშეკრულების დადებისას იგი ქონების მესაკუთრედ აღრიცხული არ იყო.

ვ.პ-ულოს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა წალკის რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა არასათანადო მოსარჩელის _ ვ. პ-ულოს სათანადო მოსარჩელით _ ს. პ-ულოთი შეცვლის თაობაზე, რაც ამავე სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა.

წალკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მ. ფ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის მთავარ სხდომაზე აპელანტისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლოს გამო მოწინააღმდეგე მხარის _ ს. პ-ულოს წარმომადგენელ ა. ჩ-შვილის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე დაკმაყოფილდა. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 229-ე მუხლის მეორე ნაწილით, 286-ე და 216-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ აპელანტ მხარეს სასამართლოს სხდომის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ.ფ-ძის წარმომადგენელმა მ.შ-ურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მ.შ-ური 2009 წლის 30 ივნისის სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, კერძოდ, იგი მკურნალობდა შპს “დენტექსპერტში” სტომატოლოგ მ.გ-იანთან 10-დან 12 საათამდე. აღნიშნულის დასადასტურებლად მხარემ წარმოადგინა 2009 წლის 30 ივნისით დათარიღებული მ.გ-იანის მიერ ხელმოწერილი და შპს “დენტექსპერტის” ბეჭდით დამოწმებული ცნობა.

მოცემული საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში მ. ფ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 30 ივნისს, 10.00 საათზე, რის შესახებ მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით და ჩამოერთვათ ხელწერილი.

სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს აპელანტი მ.ფ-ძე და მისი წარმომადგენელი მ.შ-ური საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს არ აცნობეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ-ძის წარმომადგენელ მ. შ-ურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:L

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.

მოცემულ შემთხვევაში 2009 წლის 30 ივლისის სასამართლო სხდომაზე აპელანტი მხარე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი პალატას არ აცნობა, მოწინააღმდეგე მხარემ კი იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის განჩინება მ.ფ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივ საფუძველზე კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მ. ფ-ძის წარმომადგენელ მ.შ-ურის არგუმენტს 2009 წლის 30 ივნისის საქმის განხილვაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება, კერძოდ, ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებსაც შეეძლოთ მხარისათვის ხელი შეეშალათ. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა ხსენებული ნორმის დანაწესს არ შეესაბამება, ვინაიდან კერძო საჩივარზე დართული მ.გ-იანის მიერ ხელმოწერილი და შპს “დენტექსპრესის” ბეჭდით დამოწმებული ცნობიდან (2009 წლის 30 ივნისს 10-დან 12 საათამდე მ.შ-ურის სტომატოლოგ მ.გ-იანთან ყოფნის თაობაზე) არ დასტურდება 2009 წლის 30 ივნისს, სასამართლო სხდომის დღეს მ.შ-ურის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რამაც მისი სასამართლოში გამოცხადება ობიექტურად შეუძლებელი გახადა. ამასთან, სადავო დოკუმენტით არ ირკვევა მ.გ-იანი წარმოადგენს თუ არა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს.

ასევე აღსანიშნავია, რომ სადავო დღეს საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე თავად აპელანტ მ.ფ-ძეს არ მიუთითებია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ფ-ძის წარმომადგენელ მ. შ-ურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.