¹ას-738-1064-07 17 დეკემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს “.. ..-ის” გენერალური დირექტორი ჯ. ქ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ბ-ა (მოსარჩელე)
დავის საგანი – თანხის გადახდის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ბ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ... ზუგდიდის დირექციის და ზ. ჭ-ას მიმართ და მოითხოვა სარემონტო სამუშაოებზე და ინვენტარის შესაძენად დახარჯული თანხის ანაზღაურება, ზ. ჭ-ს და ... ზუგდიდის გაერთიანებულ დირექციას შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმება და სადავო ფართიდან ზ. ჭ-ს გამოსახლება, ასევე მოსარჩელის ცნობა სასადილოში არსებული ინვენტარ-დანადგარების მესაკუთრედ, ... დირექციის დავალდებულება იჯარის ხელშეკრულების მოსარჩელესთან გაფორმების შესახებ, ზ.ჭ-ს მიერ გადახდილი 2400 აშშ დოლარის (5000 ლარი) ჩათვლა მიუღებელ შემოსავალში და ზ.ჭ-სათვის დამატებით მიუღებელი შემოსავლის სახით 30960 ლარის დაკისრება მოსარჩელე ა.ბ-ს სასარგებლოდ. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ ქ.ზუგდიდში, ... ქ. ¹90-ში მდებარე სასადილო მასა და მოპასუხე ზ.ჭ-ს შორის არსებული სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე გარემონტებული იქნა მოსარჩელის ხარჯებით, მისივე ხარჯებით იქნა შეძენილი სასადილოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარ-დანადგარები და ავეჯი. ა. ბ-ა და მოპასუხე ზ.ჭ-ა შეთანხმდნენ, რომ იმუშავებდნენ ერთად და მოგებას თანაბრად გაინაწილებდნენ. მოსარჩელე ა.ბ-ს თავის მხრივ მოპასუხე ელ.ენერგიის გადაცემისა და დისპეჩერიზაცის ზუგდიდის გაერთიანებული დირექცია სიტყვიერად პირდებოდა, რომ სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ ფართზე გაუფორმებდა იჯარის ხელშეკრულებას. სასადილოს ფუნქციონირების დაწყების შემდგომ ა.ბ-ა და ზ.ჭ-ა ვერ მორიგდნენ და ერთად მუშაობა ვერ შეძლეს, რის გამოც შეთანხმდნენ, რომ ერთი თვის განმავლობაში ერთ-ერთი მათგანი იმუშავებდა, ხოლო მეორე თვის განმავლობაში მეორე. ზ.ჭ-მ ერთი თვის მუშაობის შემდეგ არ მისცა მოსარჩელე ა.ბ-ს მუშაობის უფლება, ხოლო მოპასუხე ელ.ენერგიის გადაცემისა და დისპეჩერიზაციის ზუგდიდის გაერთიანებულმა დირექციამ სადავო ფართზე იჯარის ხელშეკრულება გაუფორმა მოპასუხე ზ.ჭ-ს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს “ .. ..” დაეკისრა 15480 ლარის გადახდა ა. ბ-ს სასარგებლოდ; მოსარჩელე ა.ბ-ს სარჩელის ნაწილში _ იჯარის ხელშეკრულების გაუქმების, ასეთი ხელშეკრულების მასთან გაფორმების და მოპასუხე ზ. ჭ-ს სადავო ფართიდან გამოსახლების შესახებ _ საქმის წარმოება შეწყდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ .. ..” წარმომადგენელმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით შპს “.. ..” წარმომადგენელ ი. ფ-ის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე და 369-ე მუხლებით და მიუთითა, რომ საქმის ფურცელ 310-ზე წარმოდგენილი “ზუგდიდის ...ის” უფროსის რ.ჭ-ს მიერ გაცემული ცნობით დადასტურებულია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ .. ..” ზუგდიდის ფოსტიდან გაეგზავნა 2007 წლის 30 აპრილს და ჩაბარდა 2007 წლის 7 მაისს მოპასუხე ორგანიზაციის კანცელარიას. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ჰქონდა ჩაბარებიდან 14 დღეში, ე.ი. 2007 წლის 22 მაისამდე, ხოლო საფოსტო კონვერტზე აღნიშნულია, რომ სააპელაციო საჩივარი საფოსტო ყუთში მოთავსებულ იქნა 2007 წლის 29 მაისს. სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა სააპელაციო საჩივარზე თანდართული შპს “ .. ..” წარმომადგენელ ი. ფ-ის განცხადება, რომელშიც იგი უთითებს, რომ ორგანიზაციამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2007 წლის 7 მაისს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სააპლაციო საჩივრის შეტანა და მოითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-66-ე მუხლების თანახმად გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის აღდგენას. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მითითებული მუხლების თანახმად საპროცესო ვადის აღდგენა დაუშვებელია, თუ კანონი თვითონ კრძალავს ამას, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება. სააპელაციო სასამართლიომ სამოქალქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის საფუძველზე ჩათვალა, რომ შპს “ .. ..” წარმომადგენელი ი. ფ-ის საააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ .. ..” გენერალურმა დირექტორმა ჯ. ქ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი, ასევე ამავე კოდექსის 65-66-ე მუხლების მოთხოვნები. კერძო საჩივრის ავტორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ შპს “ .. ..” წარმომადგენლის ი. ფ-ის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული და სათანადო წესით დამოწმებული ი.ფ-ს ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას ნამდვილად არ შეეძლო კანონით დადგენილ ვადაში წარედგინა სასამართლოში სააპელაციო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-66-ე, 372-ე მუხლებით, 215-ე მუხლის მესამე ნაწილით და მე-7 მუხლით. ამ ნორმების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს საპატიოდ უნდა ეცნო სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვება და მიეღო სააპელაციო საჩივარი წარმოებაში. კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო პალატის ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით შპს “ .. ..” არის არასათანადო მოპასუხე, რაც არ გაითვალისწინა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ და გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება. შპს “ .. ..” დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით და ელექტროსიტემისათვის 15480 ლარის გადახდის დაკისრება ლახავს როგორც სახელმწიფოს, როგორც ... დამფუძნებელისა და 100%იანი წილის მფლობელის ინტერესებს, უსაფუძვლო ზიანს აყენებს რეაბილიტაციის რეჯიმში მყოფ საწარმოს. ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება, “ .. ..” რეგისტრირებულია 2007 წლის 18 ივლისს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კერძო საჩივრის ავტორს დაცული აქვს გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “ .. ..” გენერალური დირექტორის ჯ. ქ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამ მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის არც გაგრძელება და არც აღდგენა არ შეიძლება. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დასაწყისი განისაზღვრება მხარისათვის დასაბუთებული (მოტივირებული) გადაწყვეტილების გადაცემის მომენტით, ხოლო თუ დასაბუთებული გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული, მაშინ ეს ვადა იწყება გამოცხადების მომენტიდან ოღონდ იმ პირობით, თუ სააპელაციო საჩივრის უფლების მქონე პირი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას. დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ხელზე მიცემა მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის უშუალოდ სასამართლოში, რაც მან უნდა დაადასტუროს შედგენილ ხელწერილზე საკუთარი ხელმოწერითა და თარიღის მითითებით, ან მისი მხარისათვის გადაგზავნის დრო. გაგზავნის დროდ მიჩნეული უნდა იქნეს დრო, როდესაც გადაწყვეტილების ასლი 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გადაეგზავნა მხარეს, ოღონდ საქმეში აუცილებლად უნდა იყოს იმის დამადასტურებელი ცნობა, რომ ამ წესით გაგზავნილი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა ადრესატს.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, აპელანტ შპს “ .. ..” ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის ფურცელ 310-ზე წარმოდგენილია საქართველოს ფოსტის ფილიალ “ზუგდიდის ...” უფროსის რ.ჭ-ს წერილი, რომლის თანახმად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შეკვეთილი წერილი ¹499 ზუგდიდის ფოსტიდან გაგზავნილია 2007 წლის 30 აპრილს, ხოლო ჩაბარებულია 2007 წლის 7 მაისს ... წარმომადგენლობის კანცელარიაში. საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ შპს “ .. ..” წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გააგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, მის მიერ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2007 წლის 29 მაისს ანუ 14 დღიანი ვადის დარღვევით (ს.ფ. 307). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ შპს “ .. ..” გაშვებული აქვს სააპელაციო საჩივრის გასაჩვრების ვადა, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს მხოლოდ მათ მიერ გაშვებული ვადის საპატიობაზე და განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვება გამოწვეული იყო შპს “ .. ..” წარმომადგენლის ავადმყოფობით. საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს გარემოება ვერ იქნება მიჩნეული კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად, რადგან როგორც უკვე აღინიშნა სამოქალქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი იმპერატიულად მიუთითებს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის დაუშვებლობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით სწორად იქნა განუხილველად დატოვებული შპს “ .. ..” წარმომადგენელი ი. ფ-ს სააპელაციო საჩივარი, რის გამოც შპს “ .. ..” გენერალური დირექტორის ჯ. ქ-ს კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ .. ..” გენერალური დირექტორის ჯ. ქ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.