¹ას-739-955-08 10 ნოემბერი, 2008წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შ. ც-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შ. ტ-ე (მოსარჩელე)
მოპასუხე _ ქ. ც-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ მოძრავი ნივთების მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით, ხოლო მოგვიანებით დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა შ. ტ-მ მოპასუხეების _ შ. და ქ. ც-ების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 1452-ე, 1469-ე მუხლების საფუძველზე თბილისში, ... ქ. ¹25-ში, ბინა 35-ში მდებარე მოძრავი ქონების გაყოფა მასა და მოპასუხეებს, როგორც გარდაცვლილი შ. ტ-ის მემკვიდრეებს შორის, ასევე სამკვიდრო ქონების (მოძრავი ნივთების) 1/2 წილზე მესაკუთრედ ცნობა (ს.ფ. 22-23).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით შ. ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შ. ტ-ე ცნობილ იქნა შ. ტ-ის სამკვიდრო ქონების: ძველებური XIX საუკუნის ფრანგული ავეჯი (11 ნაჭერი), სვანური მაშხვის სკამი, სარკე (ზომით 3X1.4), ნახატები «ბუნება», «მდინარის პირი», «ზამთრის ტბა», ძველი გერმანული თიხის კრუშონიცა თიხის თეფშით, არაბული კაბინეტი (2 ნაჭერი), 2 ცალი გარდნერის ფაიფურის ბლუდი, პატარა ბროლის სახილე ვერცხლით, ვერცხლის კოვზები (15 ცალი), ინგლისური სერვიზი 6 კაცზე (ფაიენსი), ძველებური ფერადი მინის ჭიქები 40 ცალი (რუსული და ვენეციური), კრუშონიცა ბროლის 12 ჭიქით და კოვზით (ჩეხური), ვიდეოკამერა ფეხით (პანასონიკი), ტელევიზორი ვიდეოთი (პანასონიკი), სადილის ჩეხური სერვიზი, 1/2 წილის მესაკუთრედ, შ. ტ-ის სარჩელი ნივთების გაყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 229-239).
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ. ტ-მ და შ. ც-მა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს (ს.ფ. 242-260; 269-277).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის განჩინებით შ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო (ს.ფ. 286-287).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის განჩინებით შ. ც-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით (ს.ფ. 288-289).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. ც-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის მიღების სტადიიდან განსახილველად საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას 2 ივლისს ჩაჰბარდა განჩინება, რომლითაც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული იყო 15 დღე, შესაბამისად, 17 ივლისს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი კი ჩააბარა საპროცესო ვადის დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მისაღებს ნომრით ¹2/4508. მიუხედავად ამისა, 2008 წლის 23 ივლისს მან მაინც მიიღო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ამავე წლის 16 ივლისის განჩინება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტში მითითებულ ციფრს «15» აშკარად ეტყობოდა მარკერით გადაკეთების კვალი, ამასთან, მისთვის გაურკვეველია, თუ რა წერია თეთრად გადაღებილი გრაფების ქვეშ. გარდა ამისა, თავად კერძო საჩივრის ავტორის მისამართიც კონვერტზე იყო გადაკეთებული და შემდგომ სწორი მისამართი იყო დაწერილი. კერძო საჩივრის ავტორი ასევე შუამდგომლობს ექსპერტიზის დანიშვნას იმის გასარკვევად, თუ ვის მიერ იქნა განჩინებასა და კონვერტზე მონაცემები გადაკეთებული (ს.ფ. 298-300).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ც-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ივნისის განჩინებით შ. ც-ს განესაზღვრა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. აღნიშნული განჩინება შ. ც-ს პირადად ჩაჰბარდა 2 ივლისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად, დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა 14 ივლისს ამოიწურა. დროის ამ მონაკვეთში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის განჩინებით შ. ც-ის სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით იქნა განუხილველად დატოვებული.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ივლისის განჩინებით ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული იყო 15 დღე და რადგან 2 ივლისს ჩაჰბარდა განჩინება, 17 ივლისამდე ჰქონდა ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტში ხარვეზის ვადის აღმნიშვნელ ციფრს «15» აშკარად ეტყობა მარკერით გადაკეთების კვალი განჩინების იმ ეგზემპლარზე, რომელიც თავად შ. ც-ის მიერ წარდგენილ კერძო საჩივარს ერთვის დანართის სახით, ხოლო საქმეში არსებულ განჩინების დედანში მითითებულია 10 დღე ყოველგვარი გადასწორების გარეშე. აღნიშნულის გამო საკასაციო სასამართლო სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მისთვის ჩაბარებული განჩინების ასლზე სარეზოლუციო ნაწილში ტექსტი გადასწორებული იყო. ამასთან, ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ განჩინების ასლზე ხარვეზის ვადის აღმნიშვნელი ციფრი გადასწორებულია, სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ შ. ც-ს განჩინება სწორედ აღნიშნული და არა საქმეში არსებული სახით (გადასწორების გარეშე) ჩაჰბარდა. ასეთ ვითარებაში კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ საფუძველს მოკლებულია.
საფოსტო კონვერტზე შ. ც-ის რეკვიზიტის (საცხოვრებელი ბინის მისამართი) გადასწორება, როგორც ამაზე კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, ასევე ვერ ასაბუთებს იმ გარემოებას, რომ ამ უკანასკნელისათვის ჩაბარებული განჩინების ასლზე სარეზოლუციო ნაწილში ხარვეზის ვადის აღმნიშვნელი ციფრი იყო გადასწორებული. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლის მისთვის ჩაბარებას სადავოდ არ ხდის, რის გამოც მისთვის გაგზავნილ საფოსტო კონვერტზე არსებული მისამართის გადასწორება მოცემული დავის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ. ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.